ვიმოგზაუროთ საქართველოში! - სად ატარებენ ზაფხულს ცნობილები - კვირის პალიტრა

ვიმოგზაუროთ საქართველოში! - სად ატარებენ ზაფხულს ცნობილები

სად ისვენებენ და როგორია მათი საზაფხულო გეგმები? ამ კითხვით მივმართეთ საზოგადოებისთვის საყვარელ რამდენიმე ცნობილ ადამიანს.

"საქართველო სამოთხეა და რა სჯობს ჩვენს ქვეყანაში დასვენებას?!"

თემურ თათარაშვილი, მომღერალი:

- ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად ვარ აგარაკზე, სოფელ ბარნაბიანთკარში, კასპის რაიონში. 2 წლის ვიყავი, მამაჩემმა ეს სახლი რომ იყიდა. ძალიან კარგი სახლი გვაქვს, დიდი ეზოთი. ქართლში პაპა იციან, მაგრამ ჩემი შვილიშვილები ბაბუს მეძახიან. ბაბუაც და შვილიშვილებიც ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს ამ გარემოში, ამიტომ ზაფხულს აქ გავატარებთ. შესანიშნავად გადის დრო, კორონას არსებობა აღარც გვახსოვს. საქართველო ამ მხრივ მთელ მსოფლიოში სამოთხეა და რა სჯობს ჩვენს ქვეყანაში დასვენებას?! აქაურობა უსაფრთხოც არის და თვალწარმტაციც.

"ბათუმმა ახლა ჩვენთვის მოიცალა"

ნატუკა გულისაშვილი, მსახიობი:

- საქმიანი შეხვედრები მქონდა ბათუმში და ერთი კვირით დასვენებაც მოვახერხე. თუ სამსახური მომცემს საშუალებას, ისევ წავალ აჭარაში. იქ ახლა ბევრი ისვენებს, თუმცა სიმშვიდეა. თითქოს არავის ახსოვს, რომ კორონა არსებობს. თბილისში უფრო ხშირად ნახავ პირბადიან ადამიანს. სანაპიროზე დისტანცია დაცული არ არის და არ ვიცი, ეს რისი ბრალია. ალბათ, მოენატრა ხალხს დასვენება, ურთიერთობა და დარწმუნებული არიან, რომ არაფერი დაემართებათ. რაც შეეხება შეზლონგებს, ჩემ თვალწინ არ იწმინდებოდა, მაგრამ რომ ვიკითხე, მითხრეს, დილით ყველას ვწმენდთო, თუმცა მე ჩემი სადეზინფექციო სითხე მქონდა და თვითონ ვწმენდდი. უკრაინულ რესტორანში ვიყავი და ადამიანი ლამის გასულიც არ იყო, რომ მისი მაგიდა უკვე სადეზინფექციო სითხით დაამუშავეს. ყველა წესი დაცული იყო. პირბადით შევედით და როცა მაგიდასთან დავსხედით, მხოლოდ მაშინ მოგვახსნევინეს. მოკლედ, ბათუმმა ახლა ჩვენთვის მოიცალა. ქალაქში ბვერი ბავშვია დასასვენებლად ჩამოსული. ქოლგის ქვეშ ჩვილებიც კი ნებივრობდნენ. ვისაც ზღვა გიყვართ, ახლა დასვენებისთვის არაჩვეულებრივი პერიოდია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს და მას პირბადიანი მძღოლები მართავენ. დაცულია წესები მაღაზიებში, აფთიაქებში.

- ფასები როგორია? - ბევრგან არ ვყოფილვარ, თუმცა პიაცაზე, ჩემს საყვარელ კაფეში, ისეთივე ფასები დამხვდა. პროდუქტის ფასი ცოტა მომატებულია, ისევე როგორც თბილისში და სხვაგან.

ამ ზაფხულს ასევე აუცილებლად უნდა ჩავიდე წინანდალსა და თელავში - ეს ჩვევად მაქვს, სისხლი ყივის. ძალიან მინდა დავათვალიერო სვანეთიც.

"თუშეთის გარდა ყველგან ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა, ეს კუთხეც მოვინახულო"

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ჯერ ისევ თბილისში ვარ. ალბათ, ავალ წყნეთში, კოჯორში... ვივლი თბილისის შემოგარენში, მერე კი, როგორც ყველა, მეც ზღვაზე წავალ, თუმცა ჯერ არ ვიცი, სად.

ძალიან მომწონს შიდა ტურიზმი. საქართველოს ყველა კუთხე განსაკუთრებულია. თუშეთის გარდა ყველგან ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა, ეს კუთხეც მოვინახულო.

"ბოლოს და ბოლოს, მინდა ვნახო სვანეთი, რომელსაც ყველა აღტაცებაში მოჰყავს"

მარიამ როინიშვილი, მომღერალი:

- საზაფხულოდ განსაკუთრებული გეგმა არ გვაქვს. მცხეთასთან ახლოს აგარაკზე ვიქნებით, ალბათ, მთელი სეზონის განმავლობაში...

მე მთა უფრო მიყვარს, ვიდრე ზღვა, მაგრამ ელენეს როგორც ვატყობ, ზღვა უფრო უყვარს.

სვანეთი არ მინახავს და ძალიან მინდა, წელს ჩემს მეგობრებთან ერთად წავიდე, რომ, ბოლოს და ბოლოს, ვნახო საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, რომელსაც ყველა აღტაცებაში მოჰყავს.

"კორონავირუსმა ყველას მისცა საშუალება, უკეთ გაიცნოს თავისი სამშობლო"

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:

- როგორც კი სატელევიზიო სეზონი დამთავრდება, აუცილებლად წავალ კახეთში მშობლებთან - ყველაზე მშვიდ, თბილ და საყვარელ გარემოში, რა თქმა უნდა, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად. პირველი ყოველთვის კახეთია - ტრადიციულად ასე იწყება ჩემი ზაფხული. მერე წავალთ აჭარაში.

ბევრი ისეთი ადგილია საქართველოში, რომელიც არ გვინახავს და ახლა სწორედ ამის დროა. გვინდა მოვიაროთ სვანეთი, მესხეთი... კორონავირუსმა სხვა ბევრი რამ დააშავა, ეს კი კარგი გააკეთა, რომ ყველას მისცა საშუალება, უკეთ გაიცნოს თავისი სამშობლო...

"აჭარაში სუფთა წყალი და სასიამოვნო გარემო დაგვხვდა"

ლელა მებურიშვილი, მსახიობი:

- ბათუმში ვიყავით ერთი კვირით. მე და მეუღლემ ბავშვები წავიყვანეთ და იქაურობა ძალიან მოეწონათ. ზღვაში ღრმად შევედით, ბევრი დელფინი შეგვხვდა და აღფრთოვანებული იყვნენ. აჭარაში სუფთა წყალი და სასიამოვნო გარემო დაგვხვდა.

ახლა ჯერ - რაჭაში, შემდეგ კი კახეთში ვგეგმავთ გამგზავრებას. ყYველგან, სადაც კი ვიყავით - სასტუმროში, კაფეში, მაღაზიაში - პირბადით დავდიოდით. სიცხის გაზომვის გარეშე არსად გვიშვებენ. სასტუმროშიც კი, რამდენჯერაც გახვალ და შემოხვალ, სიცხეს გიზომავენ. მე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, წელს კარგი, მშვიდობიანი დასვენება გამოგვივა. თუ დავიცავთ დისტანციას, 200-კაციან შეკრებებზე არ ვივლით და შევასრულებთ მითითებებს, იქნებ მეორე ტალღასაც ავცდეთ.

"აუცილებლად გავემგზავრები რაჭაში, ჩემს დედულეთში"

ლიზა ბაგრატიონი, მომღერალი:

- ჯერჯერობით ქალაქიდან არ გავდივარ - ჩემი შვილი აბიტურიენტია და გამოცდებს ველოდებით. მერე აუცილებლად გავემგზავრები რაჭაში, ჩემს დედულეთში, სადაც ძალიან მიყვარს ყოფნა. მოვივლი შაორს, ნიკორწმინდას და უამრავ სილამაზეს ვნახავ. მერე კი აჭარისკენ გავემართები.