"რაბათის" გიდი - კვირის პალიტრა

"რაბათის" გიდი

"ტაო-კლარჯეთში, ოთხთას მონასტრის ნანგრევებში წავაწყდი უძველეს ვაზის ჯიშს და ცრემლი მომადგა. ინადიანი ვაზი დაარქვეს (ინადიანი ჯიუტს, გაუტეხელს ნიშნავს). იმ ვაზში ჩანს ჩვენი ხასიათი - ასჯერ მოჭრეს და მაინც ამოდის, საუკუნეებია"

გიორგი ბერიძე პროფესიით ისტორიკოსია. იყო საქართველოს შეიარაღებული ჯარების ოფიცერი, თუმცა, როგორც ამბობს, ვერაფრით მიეჩვია თბილისურ ყოველდღიურობას, ამიტომაც გაიხსნა თუ არა "რაბათის" ციხე და გამოჩნდა კულტურისა და ფოლკლორის განვითარების პერსპექტივა, დაუფიქრებლად მიატოვა კარიერა, დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში და უკვე რვა წელია, ტურისტებს მესხეთში დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს.

- მშობლიურ კუთხეში 2012 წელს დავბრუნდი. ახლა ვარ "რაბათის" გიდი, საოცარი კოლექტივი მყავს და არსაც წასვლას აღარ ვაპირებ. ასევე ვარ საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი. რამდენიმე წელია, გამიტაცა მესხურმა ფოლკლორმა. ვცდილობ, აღვადგინო მესხური კილოკავი. ტრაბახივით არ გამომივიდეს, მაგრამ პირველი ვიყავი, ვინც მესხური ხალხური პოეზია სცენაზე გაიტანა.

თავიდან ბევრი მაკრიტიკებდა, ბევრმა დამცინა, ჩამორჩენილიც მიწოდეს - რაღა დროს წარსულში დაბრუნებააო, მაგრამ მერე ყველა დაფიქრდა, რომ მესხეთი ერთადერთი კუთხეა, სადაც ხალხური პოეზიის აღდგენა არავის უცდია, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხეში ჩემზე ჭკვიანი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ალბათ, ჩემნაირი, ცოტათი გიჟი უნდოდა ამ საქმეს, ვისაც კრიტიკის არ შეეშინდებოდა.

ჩემი წამოწყებით ბედნიერი ვარ, ვცდილობ, ყველაფერი, რაც მესხეთს ეხება, შევისწავლო და გამოვიკვლიო. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მეცნიერი ვარ, მაგრამ როგორც გიდი, ჩემს კუთხეში ბევრს დავდივარ და ბევრსაც ვიგებ. ყველაფერი, რაც მესხეთს ეხება, არის ჩემი ინტერესიც, პროფესიაც და ჰობიც. მეგობრებიც გვერდში ამომიდგნენ და მეხმარებიან. ვცდილობთ, დავაარსოთ "მესხთა კავშირი", რომელიც ამ კუთხის წარსულით, აწმყოთი, მომავლით დაინტერესდება, რომ ეს კუთხე არ დაიცალოს.

- მოგზაურობისას ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდებოდით...

- ამ ადამიანებს შორის არიან ის ძველი მესხები, მოხუცები, რომლებშიც ისევ ცოცხლობს კოლორიტული კილოკავი.

ტურისტები ხშირად კითხულობენ, მესხეთში ვაზი ხარობსო? უმეტესობამ არ იცის, რომ ნასოფლარ ჭაჭკარში არის უძველესი ვაზის ჯიში და იქვე ძველთაძველი საწნახელია აღმოჩენილი. ამან სტიმული მოგვცა, მესხური სასმელიც გვეკვლია. რატომღაც მესხური სასმელი მხოლოდ არაყი ჰგონიათ, ჭანჭურის ან თუთის, რომელიც გვიან არის შემოსული. ირკვევა, რომ მესხური მევენახეობა ძალიან ძველია, თუმცა კახეთს არ ვეჯიბრებით.

ახლა მკვლევრები სწორედ ამ თემაზე მუშაობენ. ტაო-კლარჯეთში, ოთხთას მონასტრის ნანგრევებში წავაწყდი უძველეს ვაზის ჯიშს და ცრემლი მომადგა. ინადიანი ვაზი დაარქვეს (ინადიანი ჯიუტს, გაუტეხელს ნიშნავს). იმ ვაზში ჩანს ჩვენი ხასიათი - ასჯერ მოჭრეს და მაინც ამოდის, საუკუნეებია...

იქ მოგზაურობისას სოფელ ხევაის მცხოვრები შეგვხვდა, რომელმაც შინ მიგვიპატიჟა და მესხურ კილოზე დაწერილი ლექსი გვითხრა. ტაო-კლარჯეთი საქართველოს სულიერი ნაწილია, იქ ისევ ცოცხლობს მესხური პოეზია. შავშეთში სახალხო მთქმელებიც არიან.

ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად 2015-2016 წლების ფოლკლორის ფესტივალში გამარჯვება მიმაჩნია, რადგან შევძელი და მივიქციე ორი დიდი ადამიანის - ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ყურადღება, ამასთან, ყველას დავანახვე, რომ ძველი მესხური პოეზია არსებობს. მანამდე

ბევრს ეგონა, რომ არსებობს მხოლოდ თანამედროვე მესხური პოეზია, სომხურ-თურქულ-რუსული გავლენით შექმნილი ლექსები და ვამაყობ, რომ ამ სტერეოტიპის დამსხვრევა შევძელი.

მესხი კაცი უნიჭიერესია, მაგრამ - უამბიციო. საუკუნეების განმავლობაში ჯერ ოსმალეთის და შემდეგ რუსეთის იმპერიის ხელში ყოფნამ თავისი კვალი დააჩნია მის ხასიათს.

- ტურისტები ყველაზე მეტად რით იხიბლებიან?

- წლების განმავლობაში მესხეთი სამი რამით იქცევდა ტურისტების ყურადღებას - ბორჯომით, ვარძიითა და აბასთუმნით. ახლა დაემატა "რაბათი", რომლის გახსნამ მესხეთში ტურიზმის ფართოდ განვითარებას შეუწყო ხელი.

ტურიზმის განვითარებამ მესხეთი თითქოს გამადიდებელი შუშით დაგვანახვა. ახლა პოპულარულია ჯავახეთის ზეგანზე ტბების მხარეც, პილიგრიმული ტურებიც... არ არსებობს ინტერესის სფერო, რომელიც შეიძლება მესხეთმა ვერ დააკმაყოფილოს. მიხარია, რომ ბოლო დროს ძალიან პოპულარული ხდება მესხური სამზარეულო, რომელიც აქამდე უცნობი იყო და ეგონათ, მესხეთში მხოლოდ კარტოფილი მოდიოდა.

აქ ძალიან საინტერესო ხალხი ცხოვრობს. მათ ლექსებში საუკუნის ანარეკლს დაინახავთ. "ვერა მცნობულამ ჯავახსა, სევდით ვარ დოვლათიანი/ დიდი ტყი ბოლო ფესვი ვარ/ შემოვრჩი ინადიანი..."

- 15 ივნისიდან აღდგა ტურისტული სეზონი. როგორ აისახა ეს მესხეთის ტურებზე?

- რამდენიმე ტური უკვე ჩავატარეთ. ამ პანდემიის პერიოდში ისე მომნატრებია ჩემი საქმე, დღის ბოლოს ისევ ენერგიულად ვარ. კარგია, რომ გაიხსნა სეზონი, თუმცა არ უნდა გავუთამამდეთ, უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ამასთან ერთად შევძლოთ ტურიზმის განვითარებაც.

მე დღეს საქართველოს ტურებში კორონაზე უფრო გიდების პროფესიონალიზმი, უფრო სწორად - არაპროფესიონალიზმი მაწუხებს. ბევრ გიდს საქართველოში ყველაზე საინტერესო სანახაობა ისევ სტალინის სახლ-მუზეუმი ჰგონია, ამიტომ მათი პროფესიონალიზმი უნდა შემოწმდეს. ერთი (სავარაუდოდ, უცხოელი) გიდი ტურისტებს რუსულად ეუბნებოდა, მესხეთში, ძირითადად, ჩამოსახლებული ქართველები ცხოვრობენ, მესხები აღარ არიან, ვინც იყო, გათათრდა ან გაიქცაო... ამას ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ესეც ბრძოლის ველია, საინფორმაციო ბრძოლა კი დღეს გადამწყვეტია.

ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო კანონი - ვინც დაამახინჯებს საქართველოს ტერიტორიულ რუკას, დაისჯება და ეს ძალიან კარგია. ტურისტებსაც უნდა მოვთხოვოთ, აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა...

- ტაქსის მძღოლებისა და კაფე-ბარების თანამშრომელთა საქციელზეც წუხდით... - დიახ... როცა ტურისტს 20 ლარის ნაცვლად 200-ს ახდევინებ, ეს უმსგავსობაა. ექსკურსია უცხოელისთვისაც და აქაურისთვისაც სასიამოვნო და საინტერესო უნდა იყოს. ხალხის გაღლეტა უნდა მოიშალოს...

- პანდემიის შემდეგ ფასები გაიზარდა? - ოდნავ, მაგრამ ვფიქრობ, ისევ შემცირდება.

- თქვენც ინადიანი ხართ... დაბრკოლებებს არ ეპუებით...

- დაბრკოლებები ხელჩასაქნევად კი არა, გადასალახავად არსებობს. ახლა საფეხმავლო მარშრუტებს ვადგენთ. ეპიდემიის გამო ამ გეგმამ ერთი წლით გადაიწია, მაგრამ 2021 წელი მესხეთში ტურიზმის ოქროს ხანა იქნება.

ჩემი ოცნებაა ჩვენთან, აფხაზეთში წავიდე ტურში.