იყიდება "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი"!.. - კვირის პალიტრა

იყიდება "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი"!..

"ჩემია რუსული თავსაფარიც და ქართული ღვინოც"

17 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზაში" ჟურნალისტ ლალი მოროშკინას წიგნის, "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" პრეზენტაცია გაიმართა. უამრავ მოწვეულ სტუმართა შორის წიგნის სათაურში დასახელებულთაგან არ ჩანდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და კრივში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი. თუმცა, როგორც წიგნის ავტორმა გვითხრა, ორივე მოიწვია და არ გაუკვირდებოდა პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი, არც ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ლალი მოროშკინას საღამო ჩვეულებისამებრ თავის პიარად გამოეყენებინა. ახალგამოცემული წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ედუარდ შევარდნაძეც არის. მოროშკინამ მხოლოდ მას დასდო პატივი პირადად ხლებოდა და ავტოგრაფიანი წიგნი ესახსოვრა.

"მინდოდა ქართველი და რუსი მკითხველისთვის გამეცნო საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ამიტომაც გადავწყვიტე მკითხველისთვის ყოველივე ამის შესახებ მეამბნა. წიგნში ყველა პერსონაჟი რეალურია, მხოლოდ ერთი პერსონაჟის ვინაობა შევცვალე. ის არის ქალბატონი, რომელიც, დაკავშირებულია პრეზიდენტთან," - ამბობს ლალი და იმედოვნებს, რომ წიგნი საინტერესო იქნება როგორც უფროსი თაობის, ასევე ახალგაზრდებისთვისაც.

წიგნს "მე, პრეზიდენტი და ჩემპიონი" რეცენზიას უწევენ ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და რუსეთში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტი თინა კანდელაკი. ორივე რეცენზენტი აღნიშნავს, რომ  წიგნი ""განწირულია"" წარმატებისათვის, რადგან ასეთი წიგნის გამოცემა საქართველოს ბაზრისთვის სენსაციაა.

გამომცემლობა "პალიტრა ლ"-ის დირექტორი ლალი ჯაფარიძე: "როდესაც "კვირის პალიტრაში"  ფრაგმენტები იბეჭდებოდა წიგნიდან, ზარები არ წყდებოდა რედაქციაში.  დაინტერესებული მკითხველი გამუდმებით კითხულობდა, როდის გამოვიდოდა წიგნი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე გამოცემული 5000 ცალი საკმაოდ დიდი ტირაჟია საქართველოსთვის. წიგნის შეძენის მსურველებს შეუძლიათ მიაკითხონ თბილისის ნებისმიერ წიგნის მაღაზიას. ამ წიგნს რუსულ ენაზეც მალე გამოვცემთ, ოქტომბერში ფრანკფურტში წიგნის ფესტივალზე ვმონაწილეობთ და იქ წავიღებთ როგორც რუსულენოვან წიგნებს, ასევე ინგლისურ და გერმანულენოვან ბუკლეტებს.  ოთხი ძირითადი, ყველაზე დამაინტრიგებელი თავი ვთარგმნეთ ბუკლეტებისთვის, ვფიქრობ, წარმატება გარანტირებულია".

ამ წიგნის რუსული ვარიანტის პრეზენტაცია მოსკოვსა და სოჭში მოეწყობა, სადაც მიიწვევენ რუსული ბომონდისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს. ლალი მოროშკინაც ფიქრობს, გამომცემლობას ტირაჟის გაზრდა მოუწევს. მისივე თქმით, "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" არ იქნება ერთადერთი წიგნი. მოგვიანებით ასევე გამოიცემა "რევოლუციით განქორწინებულები და დაქორწინებულები".

ინგა გრიგოლია: "ლალი ყველაფერს ისე გადმოსცემს, როგორც ხდებოდა. ამისთვის არ იშველიებს მაღალმხატვრულ ხერხებსა და ფანტაზიას. "კვირის პალიტრაში" წავიკითხე ფრაგმენტები და ძალიან დავინტერესდი. ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია ასახული".

რამაზ საყვარელიძე: "ისე მოგვხიბლა წიგნმა, რომ მე და ლევან ღვინჯილიას გაგვიჩნდა ერთნაირი განცდა, თითქოს ვუყურებდით ფილმს. ფელინის "ამარკორდი" გამახსენდა. ეს არის  სიცოცხლით სავსე ადამიანის თვალით დანახული ჩვენი ცხოვრება, ბიოგრაფია, სადაც ყველა მომენტი ცოცხალია და თან ძალიან კეთილი თვალით არის შეფასებული".

სტუმართა შორის მყოფმა ხიზრი ალდამოვმა საინტერესო რამ გაგვიმხილა: "ლალი არის ჩემთვის ვაჟკაცური პიროვნება. ამიტომაც მისთვის არასდროს შემიხედავს როგორც ქალისთვის. ვფიქრობ, მისი პერსონის გამოყენება შეიძლება ბევრ კარგ საქმეში. სხვა თუ არა, ჩვენი მტრის ეროვნების არის, ამ დროს ჩვენია სულით ხორცამდე და ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".

"ხედავთ სუფრაზე კალათში რუსულ თავსაფარს, ქართულ ღვინოს და რუსულ "სუშკებს"?  ეს ყველაფერი ჩემია, რუსულიც და ქართულიც და მათ ერთმანეთისგან ვერ გავყოფ", - პრეზენტაციის გახსნაზე თითქოს ხიზრი ალდამოვს დაუდასტურა ნათქვამი ლალიმ და ახსნა, რატომ შეარჩია რეცენზენტად რუსეთის ტელევიზიის ჟურნალისტი თინა კანდელაკი. თინამ პოლიტიკაში გადაინაცვლა და ამიტომაც მისი რეცენზია საინტერესო იქნება რუსული პუბლიკისთვისო.

ლევან ღვინჯილია: "მართალია წიგნის სათაური დამაინტრიგებელია, თუმცა, მე რომ მკითხოთ, ამ წიგნს მხოლოდ ლალი მოროშკინა რომ ერქვას, იქნებოდა ადეკვატური გამოხატულება იმისა, რაც არის მასში მოცემული. ეს არის წიგნი ამ ქალის შესახებ, სადაც თავის თავზე ჰყვება. უშუალოდ ჰყვება სხვების შესახებაც. მახსენდება ფრაგმენტი, როდესაც მიშა სტუმრად მიდის ლალისთან, აიტაცებს მის ბებიას ხელში და ციბრუტივით ატრიალებს, რაც მოხუცს ძალიან მოსწონს. ეს მიშა შეადარეთ ახლა პენსიონერის ოჯახში შესულ პრეზიდენტს, და უცებ გაგახსენდებათ, რომ ეს კაცი იმ დროიდან არ შეცვლილა. რაც შეეხება მეორე პერსონაჟს, რომელიც სათაურშია დასახელებული, მკითხველი ალბათ მოელის, რომ აქ იქნება აღწერილი დეტალები იმ ვნებათაღელვისა, რაც შესაძლოა, ყურმოკრულად ვინმემ იცის. წინასწარ დაგამშვიდებთ, ავტორი აქ დელიკატურად ჰყვება ამბავს.

მოკლედ, ეს წიგნი იძლევა იმის საფუძველს, რომ ლალის შეუძლია დიდ მწერლობაში შედგას ფეხი. მეტიც, ეს არის დოკუმენტური პროზა, რომელიც მხატვრული რომანისთვის იქნება საინტერესო მასალა".

პრეზენტაცია უზარმაზარი ტორტის გაჭრით და სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეთა თავბრუდამხვევი ნომრებით დასრულდა.