"კახური ტრადიციული მასპინძლობა ცოტა წონაზე აისახა" - როგორ შეიფარა ქართველმა მწვრთნელმა ინდოელი ძიუდოისტები? - კვირის პალიტრა

"კახური ტრადიციული მასპინძლობა ცოტა წონაზე აისახა" - როგორ შეიფარა ქართველმა მწვრთნელმა ინდოელი ძიუდოისტები?

ინდოეთის პენჯაბისა და ჰარიანას შტატების ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთში "The Tribune" 20 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ჩარჩენილი ინდოელი ძიუდოისტის - ჯასლინ საინის თავგადასავალია გადმოცემული (ავტორი - რავი ჯალივალი). სტატიაში ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ ინდოელი სპორტსმენი ქართველმა მწვრთნელმა მამუკა ყიზილაშვილმა შეიფარაო... როგორც გავრკვიეთ, ჯასლინის გარდა, ახმეტაში, კიდევ ორი სპორტსმენი:  ლინთოი ჩანამბა და დევ ტაპა ცხოვრობენ. როგორ მოხვდნენ კახეთში  ინდოელი სპორტსმენები, ამის თაობაზე სწორედ ქართველი მწვრთნელი მამუკა ყიზილაშვილი გვესაუბრება:

- ბოლოს სამი წელია ინდოეთში ვცხოვრობ. არის ასეთი დიდი კომპანია GSW, რომელიც ინდოეთში ფუნქციონირებს და მათ გახსნეს სპორტის უნივერსიტეტი, სადაც მე როგორც ძიუდოს მთავარი მწვრთნელი, ისე მიმიწვიეს. მე, ჯასლინ საინი, ლინთოი ჩანამბა და დევ ტაპა 6 მარტს ჩამოვედთ საქართველოში შეკრებაზე, რადგან საქართველოში, ძიუდოისტის მომზადებისთვის ძალიან კარგი პირობებია. უკან 6 აპრილს ვბრუნდებოდით, ბილეთებიც აღებული გქონდა, მაგრამ კორონავირუსის გამო მოგვიწია საქართველოშ დარჩენა. ახლა ვართ ახმეტაში და აქ რეკომენდაციების შესაბამისად ვვარჯიშობთ და შეიძლება ითქვას, ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. სამივე სპორტსმენი ( ორი ვაჟი და ერთი გოგონა), ძალიან კარგი სპორტსმენები არიან და საქართველოში გატარებული ნაყოფიერი შეკრება, აუცილებლად აისახება მათ შედეგბზე.

- როგორ შეეგუენ საქართველოს?

- მაქსიმალურად ვციდლობ, მოვაწონო ჩვენი ქვეყანა და მგონი, გამომდის კიდეც. 30 ივნიისს ჯასლინ საინი მიფრინავს, სომხეთში მდებარე ინდოეთის საელჩომ დაუდასტურა წასვლის ნებრათვა, დანარჩენი ორი კი, რომლებიც არასრულწოლვნები არიან, ჩემთან რჩებიან და როცა ყველაფერი დასრულდება, ალბათ ერთად წავალთ. ჯასლინს ძალიან წყდება გული რომ მიდის, ძალიან მიეჩვია აქაურობას და ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქ პატივისცემის მეტი ნამდვილად არაფერი უნახავს...

- თითქმის სამი თვეა აქ არიან, ფინანსურად ვინ უზრუნველყოფდა მათ აქ ყოფნას?

- როგორც მოგახსენეთ GSW ძლიერი კომპანიაა, დიდი ფინანსებით, შესაბამისად, სპორტსმენებს ანაზღაურება ჩვეულებრივად ერიცხებათ, ანუ პირადი საჭიოროებისთვის თანხები აქვთ, რაც შეეხება საცხოვრებელს და კვებას, ეგ სალაპარაკოც არაა, ქართველებმა ვიცით სტუმარს როგორ უნდა დავხვდეთ და გავუმასპინძლდეთ

- ახმეტელებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა მათ ქალაქში სამი ინდოელი სპორტსმენი გამოჩნდა?

-  ძალიან კარგი, სტუმრები მხოლოდ კეთილგანწყობას გრძნობენ მათგან. ჩემთან სახლში 14 წევრი ვართ და ბუნებრივია, ძირითადად ქართულად ვსაუბრობთ და ჩვენმა სტუმრებმაც ისწავლეს ცოტა ქართული. ხშირად გავდივართ ბუნებაში, მინდა, ქართული სილამაზე ვანახო. ერთხელ მდინარეზე ვიყავით და ჩვენი ინდოელი გოგონა კინაღამ დაიხრჩო, პატარა წყალი იყო, მაგრამ შეეშინდა, თორემ საგანგაშო არაფერი  ყოფილა. ჩვენი ბიჭები, რომლებიც ყოველთვის ყურადღებას აქცევენ, მაშინვე გვერდში დაუდგნენ. შეიძლება ითქვას, ახმეტელებმა ქართულ-ინდური დიპლომატიური სკანდალი აგვაცილეს. მერე ყველამ ერთად ვიცინეთ, განსაკუთრებით თვითონ, გადარჩენილი ხალისობდა

- სრულწოვანი მხოლოდ ჯასლინ საინია და სიყვარული ხომ არ ეწვია საქართველოში?

- არა, მაგრამ ქართველი გოგონები განსაკუთრებით მოწონს და ყოველთვის აღნიშნავს მათ სილამაზეს.

- კახელებს მასპინძლობა არ ეშლებათ, რქაწითელმა და ხაშლამამ სპორტული გეგმები ხომ არ აგირიათ?

- გადაპატიჟებები და კახური ტრადიციული მასპინძლობა წონაზე აისახა, ცოტა გაგვექცა წონები და უკვე ვცდილობ შევუზღუდო საჭმელი, რომ წონა ვაკონტორლოთ.

ბიჭებს კახური ღვინო ძალიან მოსწონთ, მაგრამ ვცდილობ, ნაკლებად დალიონ. სხვათა შორის, ჯასლინს დიდი სურვილი ჰქონდა დარჩენილიყო, რთველშიც უნდოდა დახმარება, მაგრამ უკვე მის ოჯახსაც ენატრება და თან, ამ ფრენის მერე, კიდევ როდის იქნება ფრენა, არ ვიცით, ამიტომ გადაწყდა, წასულიყო... თანაც ჯასლინი არის პოლიციელი. მართალია, ის იქ, პოლიციელის მოვალეობას არ ასრულებს, მაგრამ ირიცხება პოლიციის შემადგნელობაში, ვარჯიშობს და პოლიციის სახელით გამოდის სხვადსხვა შეჯიბრებებში.

- მშობლების განწყობა როგორია? არ იქნება იოლი ამხელა მანძილით დაშორებულ უცხო ქვეყანაში შვილების ყოფნა... - ჯასლინის და ორი არასრულწლოვანის მშობლებსაც ხშირად ვესაუბრები და ყველა იმედიანად არიან, მეუბნებიან, შენთან რომ არიან, უშიშრად ვართო, საქართველოს და ქართველების მიმართ, განსაკუთრებით მადლიერები არიან და ყველა სიტყვაში გამოხატავენ ამას.

- ჩვენი სტუმრები, როგორც სპორტსმენები, რამდენად პერსპექტიულები არიან?

- ჯასლინი ძალიან პერსპეტიული სპორტსმენია. არაერთი მიღწევა აქვს უკვე, ოლიმპიადის ლიცენზიაც უკვე ჰქონდა მოპოვებული. მოგეხსენებათ, ზურაბ ზვიადაური, ჩვენი საამაყო ოლიმპიური ჩემპიონი, ახმეტელია და ცოტა ხნის წინ ვხუმრობდით, ახმეტელებს ერთი ოლიმპიური ჩემპიონი უკვე გვყავს და თუ ჯასლინმაც შედეგი დადო ოლიმპიადაზე, ნახევრად ახმეტელი ჩემპიონიც გვეყოლებაო. ლინთოი ჩანამბა და დევ ტაპაც, საიმედო ძიუდოისტები არიან, ვთვლი, რომ ისინიც აუცილებლად კარგ შედეგებს დადებენ.

იხილეთ ასევე: როგორ "იშვილა" ქართველმა მწრთვნელმა ინდოელი ძიუდოისტი კორონავირუსული პანდემიისას - რას წერს ინდური გამოცემა?

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)