"არაერთ თანამდებობაზე ვყოფილვარ და ვინც თვალს მადევნებდა, ეცოდინება, რომ პატიოსანი შრომისა და ნერვების დაგლეჯის მეტი არაფერი ყოფილა" - კვირის პალიტრა

"არაერთ თანამდებობაზე ვყოფილვარ და ვინც თვალს მადევნებდა, ეცოდინება, რომ პატიოსანი შრომისა და ნერვების დაგლეჯის მეტი არაფერი ყოფილა"

"მეგობრებს ვეუბნებოდი, არ მჯერა, ეს მსოფლიომოვლილი კაცი ასე როგორ გადავიდოდა ჭკუიდან-მეთქი"

ალეკო ელისაშვილმა ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. როგორც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, ახალ პარტიას "სამოქალაქო მოძრაობის" ბირთვთან ერთად ქმნიან და შეეცდებიან "ქვეყანაში არსებული მიუღებელი პოლიტიკური რეალობა ამოაყირაონ..."

- ოპოზიციური ფორმატი დავტოვე, რადგან იქ ჩემი პრინციპებისთვის მიუღებელი პირები იყვნენ. პოლიტიკურ საშოვარზე გამოსულებთან საერთოს ვერასდროს ვპოულობდი. ჩვენი ამოცანაა ამ კოშმარულ პოლიტიკურ არენაზე გამოვჩნდეთ როგორც რეალური, ჯანსაღი ალტერნატივა, რათა ეს ჩაბეტონებული მოცემულობა როგორმე გაირღვეს.

საზოგადოებას არ უნდა უწევდეს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არჩევანის გაკეთება. ეს თუ არ გაირღვა, იმის ყურება მოგვიწევს, რაც ახლო წარსულში იყო - 9 წელია "ოცნება" "ნაციონალების" 9 წელზე ლაპარაკობს და გვეუბნება, რომ თავად მექრთამეები და კორუმპირებულები არიან, მაგრამ ისინი ჩვენზე უარესები არიანო.

როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ რეალობიდან და ქვეყნის წინსვლასა და ხალხზე ვიფიქროთ. ამიტომ შევქმენით ეს პოლიტიკური პარტია და არა იმისთვის, რომ ვინმეს პარლამენტში დასკუპება ეხალისება. არაერთ თანამდებობაზე ვყოფილვარ და ვინც თვალს მადევნებდა, ეცოდინება, რომ პატიოსანი შრომისა და ნერვების დაგლეჯის მეტი არაფერი ყოფილა. ახლა მინდა სხვებიც, ვისაც საქმესა და პატიოსან ადამიანობაში ვენდობი, ამ საქმეში ჩავრთო. ვიცი, რომ მათგან შექმნილი პარტია მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე კი არ იზრუნებს და თავის ოჯახში კი არ დაამარცხებს სიღარიბეს, რეალურად იშრომებს, რათა ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს.

- პირველივე დღეებში ოპოზიციური გუნდის კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდით.

- ჩვენთან პოლიტიკა ერთმანეთის სიძულვილი ჰგონიათ, სინამდვილეში, ყველა პარტიას საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა უნდა, თავისი ჯიბის პრიზმიდან უყურებს ამ ქვეყანას. როგორც კი ვინმე ახალი გამოჩნდება, მაშინვე ცდილობენ დაგლიჯონ და გაწეწონ, სიძულვილის ენით ელაპარაკებიან, რომ წონასწორობიდან გამოიყვანონ და თავიანთ დონეზე დაიყვანონ, რათა შემდეგ მუდმივად თავის მართლებაში იყვნენ.

- შორიდან ვიცოდი, რომ პოლიტიკა საშინელი იყო და ახლა რასაც ვუყურებ, გული მერევაო, თქვით. არ ფიქრობთ, რომ ასეთ განცხადებას სისუსტედ ჩაგითვლიან? - არა, რადგან სწორედ იმას ვუწოდე გულისამრევი პოლიტიკა, რასაც ჩვენი ათას სიბინძურეში "გამობრძმედილი" პოლიტიკოსები ქმნიან. სწორედ ამის შეცვლას ვაპირებთ მე და ჩემი გუნდი. ბოკერიამ ჭორიკანა მიწოდა, მაშინ, როდესაც თავად გამწარებული იწყევლებოდა. არადა, სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, თავად წყვეტს, ვინ სად გაუშვას. ფაქტია, რომ წესიერ ხალხს, ვისთანაც ვაჭრობა და გარიგებები არ გამოუვა, ვერ აიტანს პოლიტიკაში.

ყველა პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხალხს ემსახურებიან, სინამდვილეში, ხალხს რესურსად და გამდიდრების შესაძლებლობად აღიქვამენ. თუ ასე არ არის, როცა თბილისის მაჟორიტარებზე ვლაპარაკობ, ყველა ოპოზიციონერი გატრუნული რატომ არის? პარტიები სადღაც კი არ უნდა იკრიბებოდნენ, ხალხში უნდა ჩაატარონ გამოკითხვა, ვინ არის ის 8 ოპოზიციონერი ლიდერი, რომლებიც მაჟორიტარულ ოლქებში უნდა იყვნენ. ასე მესმის მე ხალხის სამსახურში ყოფნა და არა ისე, ბოკერია რომ ირწმუნება, შარშანდელი არჩევნების შედეგები ხომ გვაქვს და იმით ვიხელმძღვანელოთო. თუ ნამდვილი პოლიტიკოსი ხარ, ხალხს ჰკითხე, რა სურს, თავად კი ნუ ლაპარაკობ, მაგრამ არ შეუძლია, თავმჯდომარეობას არის შეჩვეული. ეს ვუთხარი და ამაზე გამწარდა. როგორც კი ასეთი განცხადებები გავაკეთეთ, მაშინვე წამოვიდა დარტყმები, დაგეშილები არიან, რაც ძალიან კარგია, ესე იგი, ძალა დაინახეს, თორემ ვიღაც მეასეხარისხოვან პოლიტიკოსს არც ახსენებენ.

ბოკერია, წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი, ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მე და ჩემს გუნდს მართლა ხალხის გასაჭირი გვაწუხებს, მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში.

აღარ ვაპირებ ბოკერიებსა და ვიღაცებს გრძელი და ხატოვანი პასუხები გავცე, რაც მათაც ძალიან აწყობთ. შემდეგ იქიდან წამოვა პასუხი და მთელი ენერგია და ყურადღება ამაზე იქნება გადატანილი. ხალხისთვის დასამალი არაფერი მაქვს, ვინ საიდან ფინანსდება, გადაწყვეტილებებს როგორ იღებენ, მაჟორიტარებს როგორ და რის მიხედვით ანაწილებენ, ყველაფერი ხელისგულზე უნდა იყოს, რადგან არჩევნებში მთავარი მონაწილე ხალხია. ბოკერიამ და მისნაირმა გადახუნებულმა "პოლიტიკოსებმა" მიწოდონ რაც უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ხალხის აზრია.

- უკვე გიწოდეს "ოცნების" პროექტი. - დიახ, "ნაციონალები" და "მეორე ნაციონალები", განსაკუთრებით კი ბოკერია, გაჰკივიან, თითქოს მე ივანიშვილმა მომაგებინა არჩევნები და ახლაც ის მაფინანსებს. თუმცა "ოცნება" ამბობს, რომ ფულს "ნაცები" მაძლევენ. სინამდვილეში, მხოლოდ ნოტარიუსის ხარჯი და საჯარო რეესტრის თანხა გვაქვს.

- არჩევნებს ფული სჭირდება და იბადება კითხვა, საიდან გაქვთ საჭირო სახსრები? კითხვა გაჩნდა ანა დოლიძის დაფინანსების შესახებაც. - ანა დოლიძეზე ეჭვის საფუძველი არა მაქვს, რადგან დეტალურად აგვიხსნა, რომ არასდროს აფინანსებდა ის დისკრედიტირებული ბიზნესმენი. მან იცის ჩვენი პრინციპები - ჩემი გუნდისთვის მთავარია სუფთა წარსული, კითხვების გარეშე.

რაც შეეხება დაფინანსებას, თბილისის მერის არჩევნების დროს სხვებმა 20-30 მილიონი ლარი რომ დახარჯეს, მე 120.000 ლარი დავხარჯე. აქედან 70.000 ლარი სრულიად უცნობმა ხალხმა ჩამირიცხა, დანარჩენი ჩემი მეგობრებისა და თანამოაზრეების დახმარება იყო. ახლაც ხალხის იმედი მაქვს. უამრავი წერილი მომდის ტელეფონსა თუ ინტერნეტში როგორც ემიგრანტებისგან, ასევე საქართველოს მოქალაქეებისგან, როდის დადებ ანგარიშის ნომერს, რომ თანხა ჩაგირიცხოთო. ახლაც ვაპირებ მთელი კამპანიის განმავლობაში გაწეული ანგარიშის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურს მივაწოდო.

- "ლელოსთან" აზრთა გაცვლა-გამოცვლას გეგმავდით, წინსვლა თუ გაქვთ? - ჯერ მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით "ლელოს" წევრებს. მანამდე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არასდროს შევხვედრივარ. იმედია, შემდეგაც იქნება ასეთი ფორმატის შეხვედრები.

ვიცი, ტალახის სროლა არ შეწყდება, რაც იყო, იმაზე უარესსაც ველი. მათ ყოველთვის სცალიათ ჩვენთვის, მაგრამ იქნებ როგორმე გამოვძვრეთ ამ სრული ჭაობიდან, "ქოცნაცური" მმართველობა რომ ჰქვია და წლებია, პარადოქსების ქვეყანას აშენებენ. დაბოღმილი ოპოზიციის რა მიკვირს, როდესაც მინგრეულ-მონგრეული და გადამწვარ-გადახრუკული ქალაქის მერს სცალია უნიჭო და უგემოვნო გადაცემისა და მედიაზე შეტევისთვის.

- სოციალურ ქსელში კახა კალაძის კედელზე გამოქვეყნებულ ბანერს "სიმართლის მუშტს" გულისხმობთ? - დიახ, თავდაპირველად ფეიკი მეგონა. მეგობრებს ვეუბნებოდი, არ მჯერა, ეს მსოფლიომოვლილი კაცი ასე როგორ გადავიდოდა ჭკუიდან-მეთქი. ასეთი ამორტიზებული და მონჯღრეული ქალაქის მერს იმისთვის არ უნდა ეცალოს, ტელევიზიების საწინააღმდეგო უგემოვნო გადაცემებს აკეთებდეს.

იხილეთ ასევე: "ბოკერიას ადგილზე ალბათ უკვე სამჯერ მოვიკლავდი თავს... დიდცხვირას და პოპულისტის გარდა რომ ვერაფერს მეძახიან, მიხარია კიდეც"