"ბათუმელებს კორონაზე თითქოს არაფერი გაუგიათ" - კვირის პალიტრა

"ბათუმელებს კორონაზე თითქოს არაფერი გაუგიათ"

"ფილმიდან ამოჭრილი ეპიზოდებიდან განსაკუთრებით მწყდება გული ერთზე... მევლუდი ცხენით მისდევდა გენერლების ვაგონს, ცხენიდან დაძრულ მატარებელს ახტებოდა, მერე კი ისევ მიმავალი მატარებლიდან ცხენზე ხტებოდა. საბჭოთა ცენზურამ - ეს სცენა ამერიკულ ვესტერნს ჰგავსო და ამოაჭრევინა. იმას ხომ არ იტყოდნენ, რუსი გენერლების ძარცვა ვერ ავიტანეთო?!.."

ზურაბ ცინცქილაძე ამჟამად ბათუმშია და ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს. კარიერასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, ბათუმურ დღეებსა და პოსტპანდემიურ ზღვის სეზონზე ცნობილი მსახიობი "კვირის პალიტრას" ესაუბრება.

- ამ ზაფხულს ბათუმში ვატარებ. თან ვისვენებ, თან ვიღებთ სერიალს "ერთხელ ბათუმში". სცენარის ავტორია ნუგზარ ერგემლიძე. ფილმში თამაშობენ ნუგზარ კვაშალი, ჩემი მეუღლე თამარ დათუაშვილი, რომელიც ჩემს საყვარელს ასახიერებს და სხვადასხვა თეატრის მსახიობები. სერიალი დღევანდელობას ეხება, თუმცა რამდენიმე სერიაში 60-იანი წლების ბათუმიც ცოცხლდება. პრემიერა შუა ზაფხულში იგეგმება აჭარის ტელევიზიით.

- როგორია პოსტპანდემიური ტურისტული სეზონი ბათუმში? - აქ ხალხს ამაზე თითქოს არაფერი გაუგია. გარეგნულად თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, მხოლოდ პირბადეებით სიარულია უჩვეულო.

- სანაპიროზე როგორი სიტუაციაა? - დილის 7-ზე გავდივარ და არავინ მხვდება, მაგრამ რამდენიმე საათში იქაურობა ივსება. ერთი საკითხი მაწუხებს ძალიან - ამ პაპანაქებაში, გაგანია ვირუსის დროს გასაყიდად ფენოვან ხაჭაპურებსა და "ბუბლიკებს" რომ დაატარებენ, ხომ უნდა უთხრას ვიღაცამ - მერიამ თუ სანიტარიულმა სამსახურებმა, რომ ეს არ შეიძლება? ეს ხომ უნდა კონტროლდებოდეს?

- სოცქსელში წერდნენ, სანაპიროზე რუსული საუბარი ისმის, ალბათ, ტურისტები ჩამოვიდნენო... - უცხოეთიდან ჯერ ვერავინ ჩამოვა, მაგრამ რკინიგზა რომ აღდგა, ბევრი საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული რუსი ჩამოვიდა.

- თქვენ მიერ განსახიერებული არაერთი როლის მიუხედავად, დღემდე მაყურებელთა უმრავლესობისთვის "მევლუდი" ხართ. წელს ამ ფილმის საიუბილეო წელია... - ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი გვაქვს, ვაჩვენოთ ეს ფილმი იმ ადგილებში, სადაც მოქმედება ვითარდება და სადაც მას ვიღებდით, თან მაყურებელს მოვუყვებით, რა გადავიღეთ, რა ამოჭრა ცენზურამ და რატომ... ჩემმა მეგობრებმა ლევან მჟავანაძემ და მერაბ აბულაძემ ფილმი განაახლეს და ციფრულ ვერსიად აქციეს. ფილმიდან ამოჭრილი ეპიზოდებიდან განსაკუთრებით მწყდება გული ერთზე, რომლის გადაღებისასაც თითქმის ფილმის ბიუჯეტის ნახევარი დაიხარჯა. ამ სცენისთვის სპეციალურად დავაგეთ ლიანდაგები, ჩამოვიტანეთ ვაგონები... მევლუდი ცხენით მისდევდა გენერლების ვაგონს, ცხენიდან დაძრულ მატარებელს ახტებოდა, მერე კი ისევ მიმავალი მატარებლიდან ცხენზე ხტებოდა. საბჭოთა ცენზურამ - ეს სცენა ამერიკულ ვესტერნს ჰგავსო და ფილმიდან ამოაჭრევინა. იმას ხომ არ იტყოდნენ, რუსი გენერლების ძარცვა ვერ ავიტანეთო?!..

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ სინამდვილეში მევლუდ დიასამიძეს სასჯელი კი მიუსაჯეს, მაგრამ ის ცოლ-შვილთან ერთად გაიქცა და ბოლოს თურქეთში გარდაიცვალა... პანდემიამდე უცნობი ადამიანი დაგვიკავშირდა - ჩემი დიდი ბაბუის მონაყოლით ვიცი და მევლუდ დიასამიძის საფლავს გაჩვენებთო, გვითხრა. ის ამ ცნობილი გმირის შთამომავალია და მასაც მევლუდი ჰქვია. პანდემია რომ ჩაივლის, აუცილებლად ჩავალთ და ვნახავთ ამ კარგი ქართველის საფლავს.