"რისი გადარჩენაც შეიძლება, გადავარჩენთ!" - ჩასაძირად განწირული სოფლები - კვირის პალიტრა

"რისი გადარჩენაც შეიძლება, გადავარჩენთ!" - ჩასაძირად განწირული სოფლები

"ლეჩხუმში დღე-დღეზე იწყება "ნამოხვანჰესის" მშენებლობა და ქვეყანა სამ თვალწარმტაც სოფელთან ერთად (ონჭეიში, ტვიში და მექვენა) იქაურ ისტორიულ ძეგლებსაც დაკარგავს"

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, როგორ შთანთქავს წყალი ხმელეთს, არასოდეს დაავიწყდება. ძალიან მძიმე განცდაა, წყალს მიეცეს ყველაფერი, რაც ადამიანს უკეთებია. მით უფრო, როდესაც ადამიანი ისეთი მცირემიწიანი ქვეყნის შვილია, როგორიც ჩვენი ქვეყანაა. არადა, სწორედ ჩვენს ქვეყანაში ეს მოვლენა არაერთხელ განმეორებულა და არა მარტო წყალდიდობით: რამდენიმე გრანდიოზულმა ჰიდროელექტროსადგურმა, რომლებიც თან გასულ საუკუნეს "მოჰყვა", სოფლები შთანთქა - ის სოფლები, სადაც ადამიანები თაობიდან თაობამდე ცხოვრობდნენ, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ყვაოდა, სადაც შენდებოდა ტაძრები და ნაგებობები, სადაც ადამიანს საარსებო პური მოჰყავდა. სადაც უნდა შეხვდე იმ ხალხს, ვინც თავის ნაფუძარს ამ გზით გამოემშვიდობა, მუდამ იგრძნობ სევდას, რომელიც არასოდეს განელდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის აზრით, მათი ფუძიდან აყრა ელექტროენერგიის მიღებას, ანუ ცივილიზაციას ემსახურებოდა!

ამასობაში ბევრი მეცნიერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ენერგიის მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი ბუნების განადგურება და დასახლებების აყრა. დღეს ბევრ ქვეყანაში ენერგიას მცირე ჰესებით ან სულაც მზის სადგურებით იღებენ, საქართველოში კი ჩაძირვა ემუქრება რაჭას, ლეჩხუმში თითქმის დღე-დღეზე იწყება "ნამოხვანჰესის" მშენებლობა და ქვეყანა სამ თვალწარმტაც სოფელთან ერთად (ონჭეიში, ტვიში და მექვენა) იქაურ ისტორიულ ძეგლებსაც დაკარგავს: როდესაც სამშენებლო კომპანია მოსახლეობისთვის უკვე კომპენსაციის დარიგებას იწყებს და მათ აყრას ჩქარობს, ჩასაძირ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ ჩატარებულა კანონით მკაცრად გათვალისწინებული არქეოლოგიური გათხრები, რასაც საბჭოთა ხელისუფლებამაც კი არაერთი წელიწადი მოახმარა. მაგალითად, წალკის, ასევე "ჟინვალჰესის" ტერიტორიაზე და შთამომავლობას ის გამაოგნებელი არტეფაქტები დაუტოვა, რომელთა გარეშე ჩვენი ისტორია გაუფერულდებოდა.

"თუ ლეჩხუმი საფუძვლიანად არ შევისწავლეთ, როგორ გავიგოთ, ლითონი განძად როგორ აქციეს!"

ნინო სულავა: არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:

- "ნამოხვანჰესის" აშენება, ლეჩხუმის სოფლებისა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა დანაშაულად მიმაჩნია. აქ გიგანტური წყლის მონსტრის აშენება, უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს - გაანადგურებს ბუნებას და ისტორიულ ძეგლებს შთანთქავს, რომლებიც არქეოლოგიურად ჯერ არ შეგვისწავლია. ლეჩხუმი, რომელშიც უძველესი ბრინჯაოს 11 განძია აღმოჩენილი, უძველესი კოლხეთის მეტალურგიის ცენტრია. სამწუხაროდ, ამ კუთხის შესწავლა მხოლოდ ახლა იწყება. ასე რომ, ვისაც სოფლების ჩაძირვით მოპოვებული კეთილდღეობის იმედი აქვს, დაფიქრდეს, რას ძირავს.

რატომ არ ამბობენ, რომ ლეჩხუმის ტერიტორიაზე "ლაჯანურჰესმა" იქაურობა უკვე გაანადგურა - გარდა იმ ტერიტორიებისა, რომლებიც წყლით არის დაფარული, მიმდებარე სოფლებიც ჩამოიშალა. მათი მიწები მცოცავ მასად იქცა და ხალხის კარ-მიდამოებს ხევებისკენ მიაქანებს. ასეთ ადგილებში ცხოვრებას რომელი ჭკუათამყოფელი გაბედავს და ხალხიც ამ სამოთხეს სამუდამოდ ტოვებს. იმას რატომ არავინ ამბობს, როცა ტვიშის მიმდებარე ადგილები დაიძირება, მიკროკლიმატი შეიცვლება და ტვიშის სასწაული ღვინოც გაქრება!

"ნამოხვანჰესის" მშენებლობა საბჭოთა სახელმწიფოს ჩაფიქრებულია, იმ საბჭოთა სახელმწიფოსი, რომელმაც ვერ გაბედა აქაურობის წყალში ჩაძირვა. წარმოიდგინეთ, კომუნისტები გაცილებით პატიოსნად ექცეოდნენ ისტორიას. მეცნიერებს წლობით გზავნიდნენ ჩასაძირი ისტორიული ძეგლების დასაზვერად, მერე კი გასათხრელად. მეცნიერები ჯერ ჩასაძირ ტერიტორიებზე მოიძიებდნენ ისტორიულ ძეგლებს, მერე კი წლების განმავლობაში იღებდნენ ნამარხებიდან უძველეს განძს. მაგალითად თუნდაც "ჟინვალჰესში" ჩაძირულ სოფლებს მოვიყვან. არქეოლოგები 25 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და სასწაული აღმოჩენები დაუტოვეს შთამომავლობას. "ნამოხვანჰესით" დაფარულ სოფლებში კი რას დავტოვებთ - უკვე მოსახლეობის აყრასა და მშენებლობას იწყებენ, არქეოლოგიური სამუშაოები კი არ არის ჩატარებული!

- როგორც ვიცი, ლეჩხუმი სავსეა ბრინჯაოს ხანის მეტალურგიული განძით...

- დიახ, ბრინჯაოს ხანის ლითონის მეტალურგიული ნარჩენები იქ მიწის ზედაპირზეც უხვად ყრია, რაზეც მხოლოდ მცირე კვლევები დაიწყო ცაგერის მუნიციპალიტეტის, "რუსთაველის ფონდისა" და ეროვნული მუზეუმის მცდელობით. ამ ნარჩენებს ლეჩხუმელები ნაშკიდურებს ეძახიან. სადაც ნაშკიდურებია, იქ ლითონის საწარმოებელი უძველესი ქურებიც არის და აღმოჩნდა კიდეც დაახლოებით 3000 წლის წინანდელი ღუმელები. ჩვენმა წინაპრებმა მეტალურგიის უძველესი საიდუმლოება იცოდნენ.

თუ ლეჩხუმი საფუძვლიანად არ შევისწავლეთ, როგორ გავიგოთ, ლითონი განძად როგორ აქციეს!

ეს ბრწყინვალე სოფლები, წინაპართა უძველესი ნაკვალევი, ისე უნდა ჩაიძიროს წყალში, ვითომ არაფერი გვქონია. იმ ტერიტორიაზე, რომელიც "ნამოხვანჰესში" ჩასაძირად გაამზადეს, არქეოლოგებს ბარიც არა აქვთ დაკრული! არადა, ლეჩხუმში მიწის ზედაპირზეც იმდენი ძვირფასი ეთნოგრაფიული ძეგლია, მათი წყალში ჩატოვება დიდი ვანდალიზმი იქნება!

"ლეჩხუმს, როგორც მეტალურგიის ცენტრს, ქრისტეშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იცნობდნენ ანტიკური სახელმწიფოები"

როლანდ ისაკაძე, არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი:

- "ნამოხვანჰესი" უზარმაზარ ტერიტორიას, ულამაზეს სოფლებს შეიწირავს. წყალსაცავის გარშემო გიგანტური ტერიტორიაც ამოიძირკვება. აქ უკვე დაწყებულია ჰესის საწყობების, გზების თუ ხიდის მშენებლობა. აქაური ეთნოგრაფიული სიმდიდრე სათითაოდ უნდა აღირიცხოს და გავიტანოთ ჩაძირვის ზონიდან. 2019 წელს შევუდექით კიდეც ამ საქმეს, შევადგინეთ ისტორიული ძეგლების რუკებიც, მაგრამ მუშაობა შეგვაწყვეტინეს, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე ვინღა მიგვიყვანდა!

- მოსახლეობის თქმით, უკვე საკომპენსაციო თანხების გაცემასა და სოფლების ნაჩქარევად დატოვებაზეა ლაპარაკი. ესე იგი, უკვე წყლით დაფარვის სამუშაოები მიდის, მაგრამ არქეოლოგიური გათხრების გარეშე.

- არსებული კანონმდებლობით, ჰესის მშენებელ კომპანიას ევალება სამეცნიერო-დაზვერვითი თუ სხვა არქეოლოგიური სამუშაოების დაფინანსება, სახელმწიფომ კი მონიტორინგი უნდა გაუწიოს. ჩვენ იმიტომ შეგვაწყვეტინეს ძეგლების აღრიცხვა, რომ თურმე "ნამოხვანჰესის" მშენებელმა კომპანიამ მშენებლობა მიატოვა. ამჟამად უკვე მეორე, უცხოური კომპანია მუშაობს. მას ტერიტორიის მეცნიერული შესწავლისთვის თანხა კარგა ხნის წინ უნდა გაეღო. არადა, ჩვენ 400 ჰექტარი ტერიტორია მოვიარეთ და რისი აღრიცხვაც მოვასწარით, აღვრიცხეთ. ისეთ ადგილებშიც ვიყავით, სადაც ადამიანს ათეული წლებია ფეხი არ დაუდგამს და მხოლოდ ისტორიული ძეგლების კვალია დარჩენილი. აქ უზარმაზარი ნამოსახლარებია, რომელთაგან ქვების ყორეებია დარჩენილი. ძალიან ბევრგან მიწა წინაანტიკური კერამიკის ნამტვრევებით არის მოფენილი. ლეჩხუმს, როგორც მეტალურგიის ცენტრს, ქრისტეშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იცნობდნენ ანტიკური სახელმწიფოები, მასზე ბიზანტიელი ისტორიკოსებიც წერდნენ. უკვე ჩასაძირად გამზადებული ნამოხვანის ახლოს აღმოვაჩინეთ 5-6-ფოსოიანი ლითონის დასაქუცმაცებელი ქვა. ამის შემდეგ ლითონი გასადნობად ქურებში გადაჰქონდათ. თუ ეს ქვა ბრინჯაოს მადნის მოწყობილობაა, სულ მცირე, 3000 წლის მაინც იქნება, მაგრამ მდინარიდან ჯერ ვერ გამოვიტანეთ. ბუნებრივია, სადაც ეს ქვაა, ახლომახლო უძველესი სადნობი ღუმელი და მასში ჩამოსხმული იარაღები და კიდევ სხვა განძი უნდა იყოს, მაგრამ ამას მოკვლევა სჭირდება. წყალში ჩასაძირად არის გამზადებული ამ მხარის 15-მდე ძველი ხიდი, რომელთა თაღებიდან გამოსაზიდია უამრავი ამოჩუქურთმებული ქვა. ამ ქვებით არის დამზადებული საუკუნოვანი მარცვლეულის საცეხველები თუ ჭაჭის საწური "საწნახლები" - უზარმაზარი ჭურჭლები.

უკვე მივწერეთ მშენებელ კომპანიას და ველოდებით, რომ მოლაპარაკება დაიწყება. ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, უძველეს ძეგლებს სრულყოფილად შევისწავლით და რისი გადარჩენაც შეიძლება, გადავარჩენთ!