დედაქალაქში უამრავი მშიერი და აგრესიული ძაღლი გაჩნდა - კვირის პალიტრა

დედაქალაქში უამრავი მშიერი და აგრესიული ძაღლი გაჩნდა

"აცრის გადადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ვაქცინაცია მაშინვე უნდა დაიწყოს. რაბიოლოგიური ცენტრები 24 საათი მუშაობენ!"

ივნისის მიწურულს მხოლოდ თბილისში ცოფის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს კი უკვე დიდი რიცხვია, მით უფრო ისეთი ვერაგი ვირუსულ-ინფექციური დაავადებისთვის, როგორიც ცოფია. ცოფის ნეიროტროპული ვირუსი ადამიანს დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას რამდენიმე გზით გადაეცემა: ნაკბენით, ნაკაწრითა და ნერწყვით. დედაქალაქის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას ყოველწლიურად ანტირაბიული ვაქცინაციის აუცილებლობაზე შეახსენებს. პანდემია მიუსაფარ ცხოველებსაც შეეხო - ვინაიდან ვერც მოსახლეობა და ვერც პანდემიის გამო დახურული ობიექტები ცხოველებს ვერ კვებავდნენ, დედაქალაქში უამრავი მშიერი და აგრესიული ძაღლი გაჩნდა, რაც ცხოველების დაავადებას უწყობს ხელს. ამის გამო დედაქალაქის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. გვესაუბრება დედაქალაქის ცხოველთა სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარიაL.

- პანდემიის გამო მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობა გართულდა - მოსახლეობა გარეთ ვერ გამოდიოდა, გარდა ამისა, დაიხურა ის კვების ობიექტები, რომლებიც ნარჩენებით კვებავდნენ ცხოველებს. ამის გამო დედაქალაქში უამრავი მშიერი და აგრესიული ძაღლი გაჩნდა, რამაც ცხოველების დაავადებებს, მათ შორის ცოფის შემთხვევებს შეუწყო ხელი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ პროცესებს აქტიურად უნდა მეთვალყურეობდეს.

- საგანგებო სიტუაციის დროს დედაქალაქის მიუსაფარი ცხოველების გამოკვება არ შეგვიწყვეტია. მოსახლეობასთან ვთანამშრომლობდით. თუმცა ცხოველთა გამოკვების პრობლემა იყო უღელტეხილებზე.

რაც შეეხება დაავადებებს, წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა აიცრან მიუსაფარი ცხოველებიც, რაშიც მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს. თუ ცხოველი წელიწადში ერთხელ არის ცოფზე აცრილი, მაშინ ცოფის გავრცელებისთვის სახიფათო არ არის.

საბედნიეროდ, ცოფის გავრცელების შემთხვევების განსაკუთრებული მატება წელსაც არა გვაქვს, დაახლოებით ათამდე შემთხვევა ფიქსირდება.

- მოსახლეობა როგორ უნდა დაგეხმაროთ? მოსახლეობამ რა იცის, მიუსაფარი ძაღლი ცოფზე როდის აიცრა? - როდესაც ეზოში მუდმივად ტრიალებს მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც ყურზე აცრის ბეჭედი აქვს, მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს ბეჭდის ნომერი და დაგვირეკოს. მიუსაფარ ძაღლებს უფასოდ ვცრით.

- არა მგონია, ამ შემთხვევაში მოსახლეობა საიმედო მოკავშირე იყოს, აბსოლუტური უმრავლესობა მათ მეთვალყურეობას ვერ უწევს, ამდენად ცოფის გავრცელებისთვის "კარგი" პირობები გვქონია. - ცოფი გარეული ცხოველებისგან ვრცელდება. მაგალითად, როდესაც ძაღლი უკბენს ტურას, მელას ან მაჩვს და ეს უკანასკნელები ცოფით არიან დაავადებული.

წელს ცოფი მიუსაფარ ცხოველებში გავრცელდა, მაგრამ შარშან დეკემბერში გვქონდა შემთხვევა, როდესაც შინაური ძაღლი გაცოფდა. როგორც პატრონმა გვითხრა, მაჩვს შებრძოლებია. ვირთხამაც შეიძლება გაავრცელოს ცოფი.

- სააგენტოს თანამშრომელმა შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ უპასუხოს მოქალაქეს, რომელიც ცოფის სავარაუდო შემთხვევის გამო რეკავს. პირადად მე რვაჯერ მომიხდა დარეკვა, მაგრამ არავინ მიპასუხა, ხანდახან კი ზარი სულაც ითიშებოდა. ამ შემთხვევაში ხომ შეიძლება ცოფიანმა ძაღლმა ვინმეს დაკბენა მოასწროს? - ზოგჯერ იმდენი გამოძახებაა, 20 კაცი მაინც დგას რიგში. ისე კი ვცდილობთ დაავადებული ცხოველი საცხოვრებელ გარემოს გავარიდოთ და ვუმკურნალოთ.

დედაქალაქის ერთ-ერთ ექიმ-რაბიოლოგ ვახტანგ ნიკოლაძის თქმით, ზაფხულის დასაწყისში მიმართვის შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ცოფის გასავრცელებლად სულაც არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ძაღლმა გიკბინოს, ნებისმიერ ცხოველთან კონტაქტი საჭიროებს ექიმთან ვიზიტს.

ჩვენ ხომ არ ვიცით, რომელი ცხოველია დაავადებული ცოფით, რომელმა შეიძლება დაღუპოს ადამიანი. ასე რომ, მსგავსი კონტაქტისთანავე ვაკეთებთ აცრებს, დასაწყისისთვის აუცილებელია სამი ინიექცია. ამის შემდეგ, თუკი ცხოველი ჯანმრთელია, აცრებს შევწყვეტYთ, თუ არადა, ვაგრძელებთ. მხოლოდ აცრებს შეუძლია ადამიანი იხსნას ცოფით სიკვდილისაგან.

- ბევრი ფიქრობს, რომ თუ ცხოველმა სახეზე ან ხელების მიდამოებში არ დაგკბინა, სადაც ნერვული დაბოლოებებია, მაშინ აცრა შეიძლება რამდენიმე დღით გადაიდოს და ცხოველს დააკვირდეს. - არავითარ შემთხვევაში! ეს ძველი რეგულაციებია. ვაქცინაცია მაშინვე უნდა დაიწყოს. რაბიოლოგიური ცენტრები 24 საათი მუშაობენ!

რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ცოფისგან 59 000 კაცი კვდება. ავადმყოფი ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევების 99% ძაღლებზე მოდის. თუმცა ცოფის ძირითად გადამტანად ღამურა ითვლება, დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ცხოველის, მათ შორის, ენოტის, სკუნსის, მელიის, ტურის ან ზღარბის ნაკბენიც. სხვათა შორის, მელია ცოფის ბუნებრივი მატარებელია.

ცოფი ადამიანისა და ძუძუმწოვარ ცხოველთა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა. მას ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმედ დაზიანება ახასიათებს და პროგრესული ენცეფალომიელიტით მიმდინარეობს. დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების 100% ლეტალურად მთავრდება.

ცოფი ადამიანს ავადმყოფი ცხოველის ნაკბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. იშვიათ შემთხვევაში ინფიცირება ხდება, თუ ცხოველის ნერწყვი ადამიანის თვალის ლორწოვან გარსზე, ცხვირში ან პირში მოხვდება. შეღწევის ადგილიდან ვირუსი ორგანიზმში პერიფერიული ნერვული ბოჭკოებით ზურგის ტვინს გადაეცემა, შემდეგ კი თავის ტვინს. მომდევნო ეტაპზე ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით დაავადება პერიფერიულ ნერვებსა და სხეულის სხვა ნაწილებს მოიცავს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და სანერწყვე ჯირკვლების ჩართვა კი ინფექციას აყალიბებს.

დაავადება იწყება საერთო სისუსტით, თავის ტკივილითა და მაღალი ტემპერატურით. შესაძლებელია ადამიანი იყოს დეზორიენტირებული, აღგზნებული, ჰქონდეს უცნაური ქცევა და ჰალუცინაციები, ასევე უძილობა. დამახასიათებელია დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა, სითხის მიღებისას კი სასუნთქი კუნთების სპაზმი. ავადმყოფს ჰიდროფობია ემართება.

თუ ძაღლმა გიკბინათ, ნაკბენი ადგილი საპნით ჩამოიბანეთ. ეს უნდა ხდებოდეს ინტენსიურად და 10 წუთს გრძელდებოდეს. ამის შემდეგ სასწრაფოდ მიმართეთ უახლოეს ტრავმატოლოგიურ პუნქტს, პროფილაქტიკური ვაქცინის ეფექტიანობა ამაზეა დამოკიდებული. ვაქცინაციიდან 6 თვის განმავლობაში სპირტიანი სასმელი არ მიიღოთ. გარდა ამისა, თუ ცოფის საწინააღმდეგო აცრებს იკეთებთ, არ შეიძლება გადაღლა, შეცივება ან პირიქით, ორგანიზმის გადახურება.

ადამიანი ცოფით ინფიცირების სიმპტომების გამოვლენიდან 3-10 დღის შემდეგ კვდება. ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდგომ გამოჯანმრთელების მხოლოდ ერთეული ფაქტები არსებობს.