"დღეიდან ჩემს სტუდენტებს უფრო ხშირად შევახსენებ, რა საშინელი სენია ქუჩური გარჩევები და რა სასტიკია ეს უბნელესი სამყარო" - კვირის პალიტრა

"დღეიდან ჩემს სტუდენტებს უფრო ხშირად შევახსენებ, რა საშინელი სენია ქუჩური გარჩევები და რა სასტიკია ეს უბნელესი სამყარო"

"ბესიკ ხარანაული თიანეთში ცხოვრობს. ჩვენამდე მანქანით ერთი საათის სავალია, თუმცა მაინც ვმეზობლობთ. მას დიდი ხანია ვიცნობ. ერთობლივად ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია. ის არის ადამიანი, რომელიც პოეზიით ცოცხლობს. სხვათა შორის, ხინკალსაც ძალიან პოეტურად ახვევს - ღიღინით და ლექსით. მე კი ამ პროცესს მხოლოდ ვესწრები, იმიტომ, რომ ამ საქმეში ოსტატობით ვერ დავიკვეხნი"

ბოლო პერიოდი საზოგადოებისთვის რთული აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ეპიდემია გვიტევდა, მეორე მხრივ, წინასაარჩევნო ვნებათაღელვა გაძლიერდა, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ კი ყველაფერი გადაფარა და საზოგადოება დაზაფრა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ვესაუბრებით.

- პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა თანამედროვე ადამიანში. ამ კარჩაკეტილობამ ფიქრის იძულებაც კი გააჩინა. ყოველთვის ვამბობ, რომ არც ერთი ჭირი არ არის მარგებელი, თუ მას ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება, მაგრამ თუ მაინცდამაინც გაკვეთილებზე ვილაპარაკებთ, მთავარი გაკვეთილი ამ პანდემიისა იყო ის, რომ ყველაზე მეტად გვიჭირს ერთმანეთის შემჩნევა და სხვა ადამიანის ფასის გაგება. დარწმუნებული ვარ, ამ გაკვეთილს ბევრი კარგად აითვისებს და ამ ბრძოლიდან ფიქრით დატვირთული გამოვა, კარგად გააცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა.

რაც შეეხება არჩევნებს, მე ამ საკითხის სპეციალისტი არ გახლავართ, თუმცა, ბუნებრივია, ვისურვებდი, ასეთი აქტივობები საზოგადოების ნაკლები ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდეს.

საქართველოში არჩევნები ყოველთვის იწვევს საზოგადოების გახლეჩას და ეს დაპირისპირება ხშირად არასასურველ ფორმას იღებს. ჩვენთვის მთავარი პრობლემა დებატების დაბალი კულტურაა; დარღვეულია ერთმანეთთან ბრძოლის საზღვრები, რაც სამწუხარო სენია და ეს ადრე თუ გვიან უნდა დავძლიოთ.

პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ამ პარტიების უმეტესობას სხვადასხვა შეხედულება აქვს, მაგრამ ვისურვებდი, საქართველოში არსებული პარტიების უმეტესობა ორ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდეს - ეს არის საგარეო პრიორიტეტები და განათლების პოლიტიკა. ჩემი პოლიტიკა არის განათლების პოპულარიზაცია და მისი ხელშეწყობა. ეს არის ჩემი ბრძოლის ველი და ბუნებრივია, ამ ველზე ყოველთვის ვეცდები, ვიყო დამოუკიდებელი და აქტიური.

საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზაცია ბევრ რამეს შეუწყობს ხელს. პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ განათლების რეფორმა, რომელიც დაიწყება - და იმედი მაქვს, რომ დაიწყება - მთავრობების ცვლილების შემთხვევაში ხელშეუხებელი იქნება. ცხადია, კორექტირება შეიძლება, მაგრამ წარმოუდგენელია რეფორმის შეჩერება, მისი თავიდან დაწყება... ყველა ჩვენი პრობლემა განპირობებულია განათლების სისტემის ხარვეზებით. თუ ჩვენ ოდესმე ამას დავძლევთ, ვიქნებით ქვეყანა, სადაც განათლების სისტემა, განსაკუთრებით - სასკოლო პერიოდში იქნება მძლავრი, აღარ გვექნება ასეთი სირთულეები და აღარც პოლიტიკური პროცესი იქნება ასეთი არასასურველი.

- არასასურველი პოლიტიკური პროცესი რას გულისხმობს?

- კონკრეტულ მაგალითს არასდროს ვამბობ. მე ვარ საჯარო მოხელე და ვიცავ იმ პრინციპს, რითაც მოქმედებენ გერმანიაში, ამერიკაში და სხვაგან ეროვნული ბიბლიოთეკების დირექტორები. ჩემთვის ამ შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტული პრობლემებია მნიშვნელოვანი, რომელიც ზოგადი პრობლემებიდან მომდინარეობს.

ჩვენთან პოლიტიკური დებატები არასაგნობრივია, ზოგჯერ ეს არასაგნობრიობა კომიკური ან ტრაგიკული ხდება. მიზეზი პოლიტიკური კლასის არარსებობაა. ყველას უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ყველაფრის თავიდათავი გაუნათლებლობაა.

- რასაც თქვენ ბრძანებთ, მომავალში შეიძლება გამოსწორდეს.

- ეს სულ მომავლის საქმე იქნება, თუ დღესვე არ დავიწყებთ ამაზე ზრუნვას. ყოველთვის ვამბობთ: "ეს როდის იქნება..." "ამას 20 წელი სჭირდება..." 30 წელია, ასე გრძელდება, არადა, დროზე რომ დაგვეწყო, ახლა დამთავრებული იქნებოდა.

- ახლა რა შეიძლება გაკეთდეს, რომ არჩევნებამდე დუღილის ტემპერატურამ არ მოიმატოს და ამ დღემდე უფრო მშვიდად მივიდეთ? - მე არ ვარ პოლიტიკური მიმომხილველი, თუმცა შემიძლია სურვილი გამოვთქვა, რომ ადამიანებმა მოიკრიბონ ძალა და გააცნობიერონ, რომ მათი ბრძოლის ველი სწორედ საარჩევნო ყუთია. ნებისმიერი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობით საკუთარ მომავალს ირჩევს ოთხი წლის განმავლობაში და ამ თვალსაზრისით გულგრილობა ჩვენ არ გვარგებს.

- განათლება ახსენეთ... ბევრჯერ ითქვა, რომ ხშირად სწორედ განათლება და მენტალური პრობლემებია ისეთი დაპირისპირების მიზეზი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებით დასრულდა. - ამაზე უსათუოდ უნდა მეთქვა... ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, ჯერჯერობით მოურჩენელი ტკივილი. ის შეიძლება ხანდახან თვალს მიეფაროს, მაგრამ ისევ მალე ამოტივტივდება, რადგან ეტყობა, თაობებს შორის ისევ არსებობს ერთგვარი ჯაჭვი, რომელიც ძალადობის რომანტიზაციით ჟღარუნებს, ანუ ამ ე.წ. ქუჩურ ცხოვრებას რომანტიკულ, სასარგებლო და სასიამოვნო საქმედ წარმოაჩენს. სინამდვილეში ეს არის ძალიან რთული და ტრაგიკული მოვლენა, რომელმაც თაობები შეიწირა და რომელსაც ადამიანი ცხოველურ ინსტინქტებამდე დაჰყავს. მას ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ მანამდე, სანამ სხვისი სისხლი ჩვენად არ ქცეულა და არასდროს უნდა ვთქვათ: "ორი თავი ხომ არა მაქვს!""ან "რა ჩემი საქმეა!" დიახ, სწორედ ორი, ხუთი, ათასი თავი და თვალი უნდა გვქონდეს, რომ ეს დიდი სენი - კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩაინერგა ჩვენს საზოგადოებაში, როგორმე აღმოვფხვრათ.

მე ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. სტუდენტებსა და მოსწავლეებს დღეიდან უფრო ხშირად შევახსენებ, თუმცა არც აქამდე ვაკლებდი ძალისხმევას, რა საშინელი სენია ქუჩური გარჩევები და რა სასტიკია ეს უბნელესი სამყარო.

- იმ სიახლეზეც მიამბეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოხდა - ეს გურული კაცი მცხეთა-მთიანეთში დასახლებულხართ. - ერთი თვეა ვცხოვრობ ერთ პატარა კოტეჯში, ბაზალეთის თემში, ჩანადირთკარის მახლობლად და იქიდან დავდივარ თბილისში. ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა, მათი განცდის განცდა, მათი ცხოვრების შეგრძნება მწერლისთვის აუცილებელი მასალაა. ეს ძალიან საინტერესო პროცესი ახალი დაწყებულია, მაგრამ ჩემი მომავალი სამუშაოს კონტურები უკვე მოვნიშნე. დავიწყე ერთგვარი ექსპერიმენტული სამუშაო - ვცდილობ გავაერთიანო ფოტო და ტექსტი და ჩემი ახალი პროექტი - სოფლები და ადამიანები" სწორედ ამას ეფუძნება. ეს არის ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ჩრდილში ცხოვრობენ, მაგრამ აკეთებენ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს. ეს ჩემი დღევანდელი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, ბუნებრივია, ეროვნული ბიბლიოთეკა ისევ ჩემი მთავარი საქმიანობაა. პანდემიის პირობებში სრული დატვირთვით ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ვაგრძელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ძალიან მალე დავიწყებთ სტამბის მუზეუმზე მუშაობას; გავხსნით განახლებულ წიგნის მუზეუმს; უკვე გავხსენით დროშის დარბაზი; პრესის მუზეუმზეც ვიწყებთ მუშაობას; მალე გაიხსნება ემიგრაციის მუზეუმიც, რომელიც იქნება ქართული ემიგრანტული მასალების ცენტრი. რაც შეეხება ეკვილიბრიუმს, ახლახან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან გავაფორმეთ მემორანდუმი და ჩვენი ახალქალაქელი სომეხი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში ვხსნით ქართულ ბიბლიოთეკებს, ამავდროულად, COVID -19-თან დაკავშირებით ვაწყობთ საინფორმაციო კუთხეებს ქართულ, სომხურ და სხვა ენებზე.

- ბესიკ ხარანაულთან მეგობრობთ. ახლა მეზობლებიც გახდით. - ის თიანეთში ცხოვრობს. ჩვენამდე მანქანით ერთი საათის სავალია, თუმცა მაინც ვმეზობლობთ. ბესიკ ხარანაულს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ მეგობრები ვართ. ერთობლივად ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია. ის არის ადამიანი, რომელიც პოეზიით ცოცხლობს. მისი ყოველდღიურობა განპირობებულია ლექსით და, ბუნებრივია, მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია. ბატონი ბესიკი არის გამობრძმედილი მეოჯახე, საუკეთესო შემხვევი ხინკლისა. სხვათა შორის, ხინკალსაც ძალიან პოეტურად ახვევს - ღიღინით და ლექსით. ძალიან გემრიელი ხინკალი გამოსდის, მე კი ამ პროცესს მხოლოდ ვესწრები, რადგან ამ საქმეში ოსტატობით ვერ დავიკვეხნი. ბესიკ ხარანაულის ეზოში დავიწყეთ ექსპერიმენტული პროექტი "არტგომური". სახელი ბატონ ბესიკს ეკუთვნის. ეს იქნება სახელოვნებო სივრცე, სადაც გაიმართება ფოლკლორის ფესტივალები, სემინარები, მუშაობას დაიწყებს საკვირაო სკოლა... მოკლედ, თიანეთის ერთი პატარა სოფელი ლიშო კულტურულ ცენტრად გადაიქცევა. კიდევ ერთ კარგ მწყემსზე მინდა გიამბოთ, რომელიც მწერალიც არის. დათია ბადალაშვილი თბილისთან ახლოს, თონეთში ცხოვრობს და მასთან ერთად პროექტი წამოვიწყეთ. ვაჟა-ფშაველა ერთხანს თონეთში მასწავლებლობდა. მერე გაუგებრობა მოუხდა სოფლის იმდროინდელ მმართველებთან და სოფელი დაატოვებინეს. დროთა განმავლობაში იმ სკოლის შენობა, სადაც ვაჟა ასწავლიდა და ცხოვრობდა კიდეც, დაზიანდა. კომუნისტების დროს იქ სოფლის კლუბი იყო. ბოლოს დაინგრა და ახლა ცხოველების სადგომად არის ქცეული. დათიასთან ერთად გადავწყვიტე, ეს შენობა აღვადგინოთ და დავარქვათ "ვაჟას სკოლა", რომელიც განათლების, კულტურის კერად იქცევა.

ძალიან მალე "პალიტრა ლ" გამოსცემს ჩემს წიგნს "სხვა გურული დღიურები", რომლის წინასიტყვაობა მსახიობ მერაბ ნინიძეს ეკუთვნის. ეს წიგნი არის ცოტა უფრო შორიდან დაკვირვება საკუთარ წარსულზე. მასში მოყოლილი ამბები ხიდია თბილისსა და გურიას შორის.

- რა მიგაჩნიათ ქართული ყოფისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემად?

- ოკუპაცია ჩვენი ყოველდღიური პრობლემაა, ვფიქრობ, რუსეთი უახლოეს მომავალში არ შეიცვლება, ამიტომ გვჭირდება ზუსტი და პრინციპული პოლიტიკა და ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს კი არა, თითოეულ მოქალაქეს ვგულისხმობ. ამ პოლიტიკისთვის ისევ და ისევ გვჭირდება განათლება, რომელიც ზუსტად დაგვანახებს წარსულს, რის შემდეგაც გავიაზრებთ აწმყოს, ეს კი იოლად დაგვაგეგმვინებს რუსეთთან ურთიერთობის მომავალსაც და ოკუპირებული ტერიტორიებისა თუ სხვა პრობლემების მოგვარების გზებსაც.

- თქვენთვის რა არის ამ პრობლემის მოგვარების გასაღები?

- პრობლემის მოგვარება არის ჩვენი ვექტორის უცვლელობა, პრინციპულობა და მეხსიერების შენარჩუნება, რაც ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია. იმ თაობას, რომელსაც ჩემი სტუდენტები, მოსწავლეები ეკუთვნიან, უნდა ახსოვდეს და მომავალ თაობებსაც უმემკვიდროს განცდა, რომ დაკარგული ტერიტორიები და იქიდან გამოძევებული ადამიანები ჩვენი ყოველდღიური ტკივილი და საზრუნავია.

- როცა საჯარო მოხელე აღარ იქნებით, პოლიტიკაში ხომ არ ცდით ძალებს?

- მე იმიტომაც გადავსახლდი სოფელში, რომ ჩემი გეგმები უკავშირდება კინოს, ფოტოგრაფიას, ლიტერატურას, ამისთვის კი მჭირდება საკვები - განათლება და ურთიერთობა. ჩემი სიამოვნების ველი არის ეს. ქვეყანასაც ამ ველიდან მეტ სარგებლობას მოვუტან, ვიდრე პოლიტიკიდან.

- ოდესმე შემოუთავაზებიათ პოლიტიკოსობა? - არაერთ ძალას, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა და ვიცი, რომ ჩემი გზა პოლიტიკისკენ არ მიდის.