სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარი შედეგები ცნობილია - კვლევაში მონაწილე რამდენ პირს დაუდასტურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული? - კვირის პალიტრა

სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარი შედეგები ცნობილია - კვლევაში მონაწილე რამდენ პირს დაუდასტურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული?

თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ჩატარებული COVID-19 სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, კვლევაში მონაწილე 1068 პირიდან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, კვლევაში მიღებული სეროპრევალენტობის მაჩვენებელი, შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

"ა.წ. 18-27 მაისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ ჩატარდა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19 სეროპრევალენტობის განმსაზღვრელი კვლევა. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1 068 პირმა, თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით, მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%.

კვლევაში გამოყენებული იყო საერთაშორისოდ ვალიდირებული სანდო ტესტ-სისტემა. მიუხედავად ამისა, ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან გამორიცხული არ არის. შესაბამისად, კვლევაში მიღებული სეროპრევალენტოის მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

შედეგების ინტეპრეტაციისას ასევე გათვალსწინებელია, რომ კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი (respondent driven sampling), რომელიც დამყარებულია "თოვლის გუნდის" (snowball) პრინციპზე, როდესაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა კვლევაში ჩართოს თავისი სოციალური წრის 3 წარმომადგენელი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი მადლობას უხდის კვლევაში მონაწილე თითოეულ პირს. მადლობას მოვახსენებთ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თბილისის მოსახლეობის შესახებ მონაცემების ოპერატიული მოწოდებისათვის.

წარმოგიდგენთ ზოგიერთ სხვა ქვეყანასა და ქალაქში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს:

ლოს ანჯელესის საგრაფო (აშშ) - გამოკვლეულია 863 პირი, პრევალენტობა - 4,65%; ნიუ იორკის შტატი (აშშ) - გამოკვლეულია 1 500 პირი, პრევალენტობა - 13,9%; ქ. ნიუ იორკი (აშშ) - გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა - 21,2%; ქ. სტოკჰოლმი (შვედეთი) - გამოკვლეულია 1000 პირი, პრევალენტობა - 10%; ქ. ჟენევა (შვეიცარია) - პრევალენტობა - 10,8%",- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"