"ხელი მტაცა და ამიყვანა, ახლოს მიმიზიდა, ვუთხარი, რომ ხელი გაეშვა. ღმერთს მადლობა არ უკოცნია" - რას ყვება თინა კანდელაკი სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"ხელი მტაცა და ამიყვანა, ახლოს მიმიზიდა, ვუთხარი, რომ ხელი გაეშვა. ღმერთს მადლობა არ უკოცნია" - რას ყვება თინა კანდელაკი სააკაშვილზე?

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის გადაცემაში "სტუმრად დმიტრი გორდონთან" ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. კითხვაზე, უყვარს თუ არა საქართველო, კანდელაკმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა, საქართველო როგორ არ უნდა გიყვარდეს?! დღეს ხან ერთმა დამირეკა, ხან მეორემ, ხან მესამემ, როგორ შეიძლება ეს ადამიანები არ მიყვარდეს? როგორც ყველა თანამედროვე ადამიანისთვის, საქართველო ჩემთვის აღარ არის ის შორეული ადგილი, საიდანაც დიდი ხანია წამოვედი. ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ ყველანი 24 საათის განმავლობაში ერთად ვართ..."

მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობისას მას საქართველოში ჩასვლის საშუალება არ ჰქონდა. "სააკაშვილის პრეზიდენტობისას, სამწუხაროდ, არ მქონდა ამის საშუალება, მაგრამ ღმერთს მადლობა, სააკაშვილმა დატოვა საქართველო და ამის შესაძლებლობა ისევ მაქვს. ჩემს დაბადების დღეზე მთელი ჩემი ოჯახი საქართველოში ვიყავით", - განაცხადა კანდელაკმა.

მან ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზეც. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტის თარგმანს:

- გესმის, რომ რუსეთმა საქართველოს ნაწილის ანექსირება მოახდინა? - საქართველო ასე არ ფიქრობს... თუ ქართული მხარის მოსაზრებას მოისმენ, სხვა აზრს გაიგებ. 2004 წლის 5 იანვარს სააკაშვილის კორტეჟმა ცხინვალში მშვიდობიანად ჩააღწია, 2004 წელს ეს ნაციონალური კონფლიქტი მთლიანად მოაგვარეს, დარჩენილი იყო მხოლოდ პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარება, რომლის იმედიც ყველას ჰქონდა. ის, რაც სააკაშვილმა 4 წელში გააკეთა, ამ ყველაფრის ფინალი იყო 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა. იცი რომ, "სამხრეთ ოსეთის" საზღვარი სააკაშვილმა გაავლო, იქ სადაც ახლა თანამედროვე ქვეყანაა...

როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქვეყნები ამ კავშირს გამოეყვნენ, საქართველომაც დაიბრუნა ტერიტორიები და ერთიანი სახელმწიფო იყო. სააკაშვილმა კი, რომელიც პოლიტიკური ინტრიგებით იყო დაკავებული, ეს საზღვარი თავად გაავლო და ზუსტად ამ საზღვრებშია "სამხრეთ ოსეთი" და სწორედ ასე გამოეყო ის საქართველოს. სწორედ ამიტომ, იმას რასაც შენ ამბობ, "ნაციონალების" აზრია, იმ პოლიტიკური მოძრაობის, რომელსაც მხარს უჭერს სააკაშვილი. მადლობა ღმერთს, ასეთი ხალხი ძალიან ცოტა დარჩა. სხვა დანარჩენი ქართველები კი ასე არ ფიქრობენ, მათ კარგად ესმით, ვინ და ვისმა პოლიტიკამ მიიყვანა ქვეყანა იქამდე, რომ დღეს "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიები აღარ არის.

- ეთანხმები თუ არა მოსაზრებას, რომ სააკაშვილი წარმატებული რეფორმატორია? - როგორც ჩვენთან, საქართველოში ამბობენ, ის არის ყალბი რეფორმების ყალბი რეფორმატორი, ყალბი ქართველების ყალბი პოლიტიკოსი და ალბათ უკვე ყალბი უკრაინელებისაც. იცით როგორ არის, კორონავირუსი არის ვირუსი, სააკაშვილი კი პოლიტიკური ვირუსია. პოლონეთის ერთმა მინისტრმა, რომლის სახელიც არ მახსოვს თქვა, ტანკების 400 დივიზია რომ მყავდეს, რუსეთს მაინც არ შევუტევდიო, სააკაშვილის რუსეთზე შეტევა კი...

- ფიქრობ რომ სააკაშვილმა შეუტია რუსეთს? - არა, მე ამას არ ვფიქრობ, ეს თავად სააკაშვილმა მითხრა. ჩვენ ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციაში შევხვდით, თვალებში მიყურებდა და მომიყვა იმ მარშრუტის შესახებ, რომლის გავლასაც აპირებდა და თქვა, რომ რუსეთში ომით შესვლას აპირებდა... ეს მე აქ მოსკოვშიც არაერთხელ მითქვამს. მე ამ ბოდვის ცოცხალი მოწმე ვარ.

- რა გადავცე სააკაშვილს შენგან, ის შაბათს სტუმრად მეყოლება... - ზუსტად ის გადაეცი, რაც მაშინ ვუთხარი, როცა სიბრაზისგან ხელი მტაცა, ის ფიზიკურად დიდია და ხელში ამიყვანა, ახლოს მიმიზიდა და მე ვუთხარი რომ ხელი გაეშვა. ღმერთს მადლობა არ უკოცნია და არც თქვენ გირჩევთ მის გადაკოცნას... მაშინ ვუთხარი, რომ "დრონი მეფობენ და არა მეფენი"... არ ვიცი ეს მას ახსოვს თუ არა... მაშინ ვუთხარი, რომ დიდი იმედი მაქვს, შენი ფერფლიც აღარ დარჩება-მეთქი. მე ის მეზიზღება და ძალიან ვდარდობ უკრაინის გამო... თქვენ მშვენიერი მაგალითი გაქვთ საქართველოს სახით და არ მესმის, როგორ დაუშვით ეს შეცდომა...

იხილეთ ასევე: "მისი პროვინციალიზმი ისეთივე შეუცვლელია, როგორც მისი ყრუ ხმა" - რას წერს სტას სადალსკი თინა კანდელაკზე?