"მიყვარხარ, შენი ვალენტინი" - კვირის პალიტრა

"მიყვარხარ, შენი ვალენტინი"

მესამე საუკუნე. რომი. 269 წელი.

სმენად ქცეულ ხალხს მეტად ეუცნაურა იმპერატორის ახალი ბრძანება. საკუთარ ყურებს არ უჯერებდნენ. აი, რას ამოთქვამდნენ კლაუდიუს მეორის გამშრალი ბაგეები:

- რომაელებო! ჩვენ მეომრები ვართ! ჩვენი უპირველესი საქმე ომია! მეომარი კი მხოლოდ მაშინ იბრძვის ღირსეულად, როცა უცოლოა. რომის კეთილდღეობისთვის ვბრძანებ, აიკრძალოს მეომართა დაქორწინება! ვინც გაბედავს და ჩემი ბრძანების წინააღმდეგ წავა, დაისჯება სიკვდილიიით!..

- სიკვდილიიით... სიკვდილიიით... - ექოდ გადაუარა რომს საზარელმა სიტყვამ. იმ ღამეს მხოლოდ იმპერატორს ეძინა მშვიდად. ქალიშვილები თავის ბედს დასტიროდნენ, ვაჟები გმინავდნენ, არ ეძინა ერთ სათნო მღვდელსაც, სახელად ვალენტინს. სხვებივით მასაც ელდა დასცა იმპერატორის სიტყვებმა. გამთენიისას სევდაჩამდგარ თვალებში სხივი გაუკრთა. "ჰო, სიყვარულისთვის ღირს ამის გაკეთება", - დაიჩურჩულა და პირჯვარი გადაიწერა.

იცოდა, როგორ არ იცოდა მღვდელმა, რომ სიკვდილი ელოდა, მაგრამ საკუთარ სიცოცხლეს არად დაგიდევდათ... სიყვარულისთვის. შუაღამე დგებოდა თუ არა, მიჯნურები მალვით სტუმრობდნენ მამა ვალენტინს. ცოტა ხანში კი უკან ბრუნდებოდნენ... ჯვარდაწერილები. ცხადზე უცხადესი იყო, ადრე თუ გვიან, იმპერატორი ყველაფერს შეიტყობდა. ასეც მოხდა.

- სიკვდილიიიი! - განრისხებული კლაუდიუს მეორე თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა:

- შეიპყარით!.. საპყრობილეში გამოკეტეთ!.. სცემეთ!.. თავი მოჰკვეთეთ!..

თითქოს დასასრულია. რაღაა დარჩენილი სულისა და სხეულის გაყრამდე. არც არაფერი... მაგრამ სიყვარულს ხომ საზღვარს ვერ დაუდგენ, დროსა და სივრცეში ვერ შემოფარგლავ. მოდის და მიდის, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი.

მღვდელს საპყრობილეში, სიცოცხლის კიდესთან მყოფს ეწვია სიყვარული. ჯულია, ჯულია... მერე რა, რომ ბრმაა და მერე რა, რომ საპყრობილის სასტიკი მეპატრონის ქალიშვილია.

- სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ ურჩობა ვერავინ გამიბედოს! - მძვინვარებდა კლაუდიუს მეორე. - ვიცი, ფეხებში ჩამივარდება პატიების სათხოვნელად, მაგრამ ამაოდ!

მას კი აზრადაც არ გაუვლია პატიების თხოვნა. მადლობას სწირავდა ღმერთს ყველაფრისთვის. ამბობენ, რომ სასწაული მოხდა, შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ჯულიას თვალი აუხილა. მერე კი სატრფოსთვის ვრცელი სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: "მიყვარხარ. შენი ვალენტინი." დღესაც, ვალენტინობასთან დაკავშირებულ ტრადიციათაგან უპირველესი სწორედ ეს გახლავთ - საყვარელი ადამიანისთვის ბარათის მიწერა.

საინტერესო ტრადიციები

ბარათის მიწერა, გულის ფორმის საჩუქრების ჩუქება, რომანტიკულ ვახშამზე მიწვევა - ეს ყველაზე გავრცელებული და ჩვეულებრივი მილოცვის ფორმებია. რაც შეეხება უჩვეულოებს...

ამ დღეს ქალს უფლება ჰქონდა მისულიყო მისთვის სასურველ მამაკაცთან და ეთქვა: "გთხოვ, ჩემი ვალენტინი გახდე," რაც ასე იშიფრებოდა - შემირთე ცოლად! ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვარდებოდა ძლიერი სქესი. მათ ხომ დიდი სიყვარულის არსებობისასაც უჭირთ დაოჯახების გადაწყვეტილების მიღება...

რომ გითხრათ, უარის თქმის უფლება არ ჰქონდათ-მეთქი კაცებს, მართალი არ ვიქნები. თუმცა ვერც მხოლოდ უარით იძვრენდნენ თავს. დაუწერელი კანონის თანახმად, თუ პოტენციური ვალენტინი "გაბედნიერებაზე" უარს იტყოდა, ვალდებული იყო "მორალური შეურაცხყოფის" საზღაურად ძვირფასი ძღვენი გაეღო. ასეთად, ძირითადად, აბრეშუმის კაბა მოიაზრებოდა. როგორია? აირჩევ ვინმე "მაყუთას" და შუა თებერვლის სისხამ დილით (სხვამ რომ არ დაგასწროს) მის სადარბაზოსთან გაჩნდები. როგორც კი ოფისში წასასვლელად გამზადებული "სასიძო" სახლის ბოლო კიბეს ჩამოირბენს, წინ გადაუდგები და კეკლუცად შესძახებ: "გთხოვთ, ჩემი ვალენტინი გახდეთ." ის კი, ოდნავ ნირწამხდარი გპასუხობს: "შენადა... რომელი ბრენდის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?"

იაპონიაში 14 თებერვალი კაცთა დღედ მიიჩნეოდა. ქალები ვალდებული იყვნენ თავიანთი "ვალენტინები" ხელისგულზე ეტარებინათ... ნელ-ნელა კაცების დღემ ძალა დაკარგა, სხვა ტრადიციები დამკვიდრდა, მაგალითად, ყვირილის კონკურსი: სპეციალურ, ამაღლებულ ადგილას წყვილები იკრიბებიან. კონკურსანტების მთავარი ამოცანაა, ყველაზე ხმამაღლა აუხსნას სიყვარული თავის გულისსწორს. მიყვარხარო, ეტყვის, მევასებიო, თუ აჰა შენ "ლოვეს" კევიო, მნიშვნელობა არ აქვს. ჟიურისთვის მთავარი ხმის დიაპაზონია.

ინგლისში, გაგიკვირდებათ და ვალენტინობას... შინაურ ცხოველებს ულოცავენ. ჰო, ასე:

- აი, გულის ფორმის ჯამი მოგიტანე, რძის დასალევად. მრავალ ვალენტინობას დაესწარი, ფისო! უჰ, რას არ მოიგონებენ... რა საჭიროა აბრეშუმის კაბები, ცხოველები და ყვირილით ხმის ჩახრინწვაო, რამე იოლი და რომანტიკული უნდა მოვიფიქროთო, იფიქრეს იტალიელებმა. პირველ რიგში სახელწოდება შეცვალეს. არანაირი ვალენტინობა, მარტივ და ტკბილ სახელწოდებაზე შეთანხმდნენ "ტკბილი დღე". 14 თებერვალი საკონდიტრო ბიზნესში მყოფთათვის მართლაც რომ დღესასწაულია, მთელი წლის სარჩოს შოულობენ... ქუჩაში მოსეირნე წყვილები გულის ფორმის შოკოლადებით იტკბარუნებენ პირს და კმაყოფილები არიან...

ვარდი მოდიდან არ გადადის

სიყვარულის გამოხატვის ხერხები იცვლება, მაგრამ არის რაღაც, რაც უცვლელია. ჰო, ვარდი, აუცილებლად წითელი. იცით, როგორ იქცა სიყვარულის სიმბოლოდ? ერთხელ, პაემანზე მიმავალმა სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტემ ფეხი შემთხვევით ვარდის ტოტს დააბიჯა და კანი ეკალზე გაეკაწრა. თავდაპირველად ყველა ვარდი თეთრი იყო. ამ შემთხვევის წყალობით კი, ერთ-ერთი ვარდი ღვთაებრივი სისხლით წითლად შეიღება... კიდევ ერთი სიყვარულის სიმბოლო ამურის ისრით დაჭრილი გულია, რომელიც მტრედებითაა გარშემორტყმული. თავიდან ვალენტინობის დღისთვის გამოცემულ ღია ბარათებზე ეს სიუჟეტი იყო გამოსახული.

მოკლედ, ტრადიციები იცვლება, მაგრამ თავად სიყვარულის დღე, 14 თებერვალი - არასოდეს. 18 საუკუნეს გაუძლო, სიყვარულივით მარადიულია...

გავა საუკუნეები და ევროპის რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ჟურნალისტი დაწერს სტატიას "ვალენტინობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიციები", სადაც არ არის გამორიცხული, საქართველოც ახსენოს. ვთქვათ ასე:

"ამ ქვეყანაში სიყვარულის დღეს ძირითადად,  სმს-ით ან სოციალური ქსელით ულოცავდნენ ერთმანეთს. პაემანს დედაქალაქის ცენტრში (რუსთაველი-თავისუფლება) უნიშნავდნენ. კაცი 10 წუთით ადრე მიდიოდა, ქალი - 45 წუთით გვიან. მამაკაცს დრო სხვა გოგონებისთვის სმს-მილოცვების გაგზავნით გაჰყავდა. გოგონა კი, სანამ სახლიდან პაემნის ადგილამდე გზას დაფარავდა, უკლებლივ ყველა დაქალს უმესიჯებდა: "პაემანზე მივდივარ" და ბოლოში აუცილებლად ღიმილის სმაილს ამატებდა...

ნათია როსტიაშვილი

(იბეჭდება შემოკლებით)

ჟურნალი "ბომონდი", თებერვლის ნომერი