გიორგი ბუხაჩაური: "მე ვძულდი და ჩემი შვილიც სძულდა" - კვირის პალიტრა

გიორგი ბუხაჩაური: "მე ვძულდი და ჩემი შვილიც სძულდა"

"ხანდახან სცემდა კიდეც, ხანაც გაგიჟებული ჩაიკრავდა გულში და ეფერებოდა"

"როგორ შეიძლება მაგის გარეთ გამოშვება?! დანარჩენებსაც დახოცავს..."

"მაგასაც და წიკლაურსაც წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული, რაში უნდა გამოეყენებინათ ბავშვი"

7 თებერვალს "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიაში სათაურით - "(მი)საქციელის ტრაგედია" - მოგითხრობდით მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. სამი შვილის დედამ, მაია გელდიაშვილმა უფროსი ვაჟი - ხუთი წლის შალვა (შაკო) წიკლაური მოკლა. დედამ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ პატარას შეშის ნაჭრით გაუპო თავი... მიუხედავად ქალის სადისტური საქციელისა, თანასოფლელებს მიაჩნიათ, რომ მაია გელდიაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. სადისტურ დამოკიდებულებას დანარჩენი შვილების მიმართ არ ამჟღავნებდა, მეზობლებთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა.

წიკლაურების ოჯახში სამძიმარზე მისულებს ბავშვის სიკვდილით გამწარებულმა მამიდამ, ციცინო წიკლაურმა ტირილით გვითხრა:  "დედა ასე რომ ექცეოდა შვილს, ისიც მიფიქრია, რომ შაკო ჩემი ძმისგან არ ჰყავდა. მაგრამ თუნდაც ასე ყოფილიყო, მისი გაჩენილი ხომ იყო, როგორ იმეტებდა!.."

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში თელავის რაიონის სოფელ ართანიდან მამაკაცმა დარეკა, რომელმაც შეგვატყობინა, რომ შაკო წიკლაურის მამა სინამდვილეში გიორგი ბუხაჩაურია, რომელიც მეორე ცოლსა და დედასთან ერთად სოფელ ართანაში ცხოვრობს. "მაია გელდიაშვილი ბუხაჩაურების პირველი რძალი იყო. სანამ ზურას გაჰყვებოდა, გიორგის ცოლი იყო," - გვითხრა უცნობმა.

თელავის რაიონში წასვლამდე ციცინო წიკლაურს დავურეკე და ვთხოვე, გაეხსენებინა რაიმე დეტალი, რაც მის ეჭვს გააღრმავებდა, რომ შაკო შესაძლოა მისი ძმისშვილი არ ყოფილიყო. ჩვენ შორის ასეთი სატელეფონო საუბარი გაიმართა (სტილი დაცულია):

ციცინო წიკლაური: - გამწარების ნიადაგზე კი მიფიქრია ეგრე, მაგრამ შაკო ჩემი ძმის რომ არის, ეგ ყველამ ვიცით.

- შევიტყვეთ, რომ შაკოს სხვა მამა ჰყავს, რომელსაც  მამობის დამადასტურებელი მოწმობაც აქვს.

-  როგორ გეკადრებათ! ის კაცი პირადად ჩემთან მოვიდეს! ჩემი ძმის ყურამდე არ მივიდეს ეგ ამბავი, თორემ ეგ კი არა, ძაან ბევრები ცუდად გაერევიან მაგ საქმეში. ეგ არის ტყუილი, სანამ ბავშვი დასამარხი იყო, მანამ რატომ არ მოვიდა, თუ მაგის შვილი იყო? არ ჰკითხეთ?

ეგ ბავშვი ჩემი ძმისშვილი იყო, არის და იქნება და ვინც იმას დაიჩემებს, რომ ჩემიაო, მიუწვება შაკოს გვერდით. თუ თქვენთან მოვა, ასე გადაეცით, ზურას დამ თქვა, იმ ბავშვის გვერდით დაწვება, იქ კიდევ არის ადგილი.

- ხომ თქვით, რომ ბავშვი ორი წლის იყო, როდესაც მისაქციელში ჩამოიყვანეს...

- ორი წლის არ იყო. ჩემი ძმა ცხვარში 15 წლისა  წავიდა და დიდი ხანი იყო იქ. მირეკავდა, ბავშვის ტირილსაც მასმენინებდა, მაიასაც მალაპარაკებდა, ჩემს რძალს. მიმოსვლა არ გვქონდა ერთმანეთში, მაგრამ ცოლი და შვილი რომ ჰყავდა, ვიცოდი.

- შაკოს დაბადების მოწმობა გაქვთ?

- ექნება ჩემს ძმას, როგორ არ ექნება.

- მახსოვს,  მისაქციელში ყოფნის დროს მითხრეს, რომ დედამ ბავშვის დაბადების მოწმობა დაკარგა და სასკოლოდ საბუთების მომზადება არ შეეძლო. ისიც ითქვა, ამის გამო მაია თავს არ შეიწუხებდა, რადგან შაკო მოახლედ ჰყავდა და სკოლაში მაინც არ მიიყვანდაო.

- ისეთი გამწარებული ვარ, აღარ მინდა მაგ საკითხზე ლაპარაკი.

მოკვდა ის ბავშვი. დამთავრდა ყველაფერი, ჩვენთვის ეს იმხელა ტკივილი და ტრაგედიაა, რომ არაფრის გაგონება არ მინდა. ეგ კი არა, გუშინწინ რომ ტელევიზია იყო, რატომ არ გავუტეხე თავი და ისე არ გავუშვი! დაუკითხავად შესულან დაკეტილ სახლში, სადაც არავინ იყო. ამაზე ვიჩივლებ!

- იქნებ მაინც გვაჩვენოთ დაბადების მოწმობა...

- რატომ უნდა გაჩვენოთ? რაღატო კითხულობთ ჩემს მკვდარ ბავშვს?

- შეგიძლიათ თქვენი ძმის ტელეფონის ნომერი მოგვცეთ?

- ჩემს ძმას ამ წუთში არა აქვს ტელეფონი. კედელს მიანარცხა იმ დღეს და გატეხა.  ვერ დაუკავშირდებით.

ჩვენი არის და იქნება ეს ბავშვი. ის კაცი თვითმარქვიაა და მე ამაში ეჭვი არ მეპარება. თუ თქვენ გეპარებათ, წადით და თელავში, მასთან გაარკვიეთ.

"კვირის პალიტრა" თელავის რაიონის სოფელ ართანას ესტუმრა. აქაურებს ბუხაჩაურებთან შეხვედრამდე გავესაუბრე მაია გელდიაშვილის შესახებ ვკითხე, თუ იცნობდნენ.  "ცოტა ხნით იყო სოფლის რძალი. ბუხაჩაურები გაჭირვებული, მაგრამ პატიოსანი და მშვიდი ხალხიაო" - მითხრეს.

ბუხაჩაურებმა შეხვედრისთანავე დამიდასტურეს, რომ შაკო მათი შვილი იყო.  თავიდან  პოლიციიდან ვეგონეთ; თურმე ელოდნენ თუ პოლიცია ბავშვის დაბადების მოწმობას მოითხოვდა, მაშინ გიორგი ბუხაჩაურთან კითხვებიც გაუჩნდებოდა; თუმცა, როდესაც გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, თავი შორს დაიჭირეს, წიკლაურების გვეშინია, არ ვიცით, ამ ამბის გახმაურების შემდეგ მაიას მეორე ქმარი ზურა წიკლაური რას იზამს, ამიტომ ვერაფერს გეტყვითო. პოლიციიდან რომ იყოთ, თავს ზევით ძალა არ გვექნებოდა, თქვენ კი, საქმე რომ გართულდეს, აბა, რას გვიშველითო. საქმეში მეზობლები ჩაერივნენ. "ვინ რა უნდა გიქნას, ის ბალღი რომ მოკლა დედამ, ეგ აღარა კმარა?!  მაიტა, ხალხს აჩვენე საბუთი, რო ნამდვილი მამა შენა ხარო," - შემოუძახეს ართანელებმა გიორგის. მეზობლებმა რომ გასაქანი არ მისცეს,  გიორგის დედამ, ქალბატონმა გიულიმ შინ მიგვიპატიჟა. ოჯახი ღარიბულად ცხოვრობს, მაგრამ სუფთა და პეწიანი სახლი მეტყველებს, რომ მასპინძლებს შრომა არ ეზარებათ.

გიორგი ბუხაჩაური (შაკოს მამა): - "მაია გარიგებით შევირთე. მეზობელი სოფლიდან იყო. ახლობელმა გვიქო, კარგი გოგოაო. მერე გაირკვა, რომ ლოთი მშობლები ჰყავდა, მაგრამ თვითონ ამისკენ მიდრეკილება არ ჰქონდა. ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან იყო. ჩვენც ასეთი გვინდოდა, რომ მერე მაღლიდან არ გადმოეხედა, მაგრამ უარესი გააკეთა. ისე მოიქნია კუდი, რომ ძალიან გაგვამწარა.

ბავშვის გაჩენამდე ნორმალურად იქცეოდა, მერე შემიძულა.  ბავშვს რომ არ უვლიდა, ვსაყვედურობდი, ის კი ბრაზობდა, ჩემს შვილს როგორც მინდა, ისე მოვუვლიო. როგორ შენს შვილს, ბავშვი ჩემიც რომ არის, დაგავიწყდა-მეთქი? წლის და 8 თვის იყო შაკო, მაია თავისი მშობლების სახლში რომ გაიქცა.

გიული ბუხაჩაური (შაკოს ბებია): - მაია ძალიან უწესრიგო იყო. არც არაფერს ალაგებდა, არც ბავშვს უვლიდა. მე შემიძულა იმიტომ, რომ ბავშვს თავს ვევლებოდი. მე სხვა სოფელში ვმუშაობდი; იქიდან დაბრუნებულს პაწია შაკო სულ მიგდებული მხვდებოდა, ამიტომ მისთვის ან გამზადებული საჭმელი მომქონდა, ან მოსვლისთანავე ვუმზადებდი. მაია კი მიუგდებდა პურის ყუას და თან მიაძახებდა, თუ გინდა, ჭამეო. ხანდახან სცემდა კიდეც, ხანაც გაგიჟებული ჩაიკრავდა გულში და ეფერებოდა. მიკვირდა, თუ ასე უყვარს, რატომ არ უვლის-მეთქი.

ერთხელ სახლში საღამოს გვიან რომ მოვედი, გიორგის ვუსაყვედურე, რატომ არ გამომხედე, ხომ იცი, ძაღლების მეშინია-მეთქი.

ამის თქმა იყო და მაია მეცა, მწვდა კისერში, ძლივს გააშვებინა გიორგიმ ხელი. მეორე დღეს ფეხი დაჰკრა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩემს ძმასთან წავიდა ახმეტაში. ორი კვირა იქ იჯდა. მაშინ მივხვდი, რომ ის ქალი ნორმალური არ იყო. აბა, მე მახრჩობდა და მეორე დღეს ჩემს ძმასთან რა პირით წავიდა?

ერთხელაც პომიდორს საკონსერვოდ ვამზადებდი, თან სამსახურში მეჩქარებოდა. წყნარად ვთხოვე, მომეშველე-მეთქი.

ისეთი ცუდი სიტყვები მითხრა, ვერც გავიმეორებ;

გიორგიმ კარადიდან რაღაც საბუთი გამოიღო: - შაკო თელავის სამშობიაროში დაიბადა; იმის გამო, რომ ხელი არ გვქონდა მოწერილი, ბავშვის გამოსაყვანად მამის თანხმობა იყო  საჭირო.

აი, ეს ქაღალდიც ოფიციალურად ადასტურებს ამ ფაქტს. ნახეთ, ბავშვის დედა არის მაია გელდიაშვილი, მისი პირადობის ნომერიც არის მითითებული, ესეც მამა - გიორგი ბუხაჩაური მე ვარ. ეს მოწმობა 2006 წლის 7 თებერვალს გაიცა.

- არ გიცდიათ ბავშვის დედა დაგეყოლიებინათ, რომ შვილი თქვენთან დაეტოვებინა?

- როგორ არა, არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ მისაქციელში წასვლის წინ მაიამ და იმ ზურა წიკლაურმა შემომითვალეს, აქ აღარ გნახოთ ჩამოსული, თორემ მისაღებს მიიღებო.

გიული ბუხაჩაური: - ჩემს შვილს ვერ მოვაკვლევინებდი მაგათ. გიორგის ვთხოვე, დამშვიდდი, შაკო წამოიზრდება და მაშინ უფრო შევძლებთ მის დაბრუნებას-მეთქი. ვიმედოვნებდი, რომ ასეთი დრო დადგებოდა.

როცა მისი დაღუპვის ამბავი გავიგეთ, ვიფიქრეთ, როგორმე აქეთ გადმოგვესვენებინა, მაგრამ მაგის არც საშუალება გვაქვს და თან, არ დაგიმალავთ, გვეშინია. გავიგე, მაიას მცირევადიანი სასჯელი ელის. როგორ შეიძლება მაგის გარეთ გამოშვება?! ის ჩვენი ბავშვი მოკლა, ახლა ალბათ დანარჩენებსაც დახოცავს.

გიორგი: - იმათ არ დახოცავს. მე ვძულდი და ჩემი შვილიც სძულდა.

- დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილია? იქნებ სანამ თქვენი ცოლი იყო, მაშინაც ჰქონდა სხვასთან კავშირი...

- შაკო გაჭრილი ვაშლივით მგავდა. ამას გენეტიკური ანალიზიც დაადასტურებს. ზურა წიკლაურთან კავშირი ალბათ სახლიდან წასვლამდე დაამყარა, მერე კი...

გიული ბუხაჩაური: - სანამ გაიქცეოდა, არაფერი ვიცოდი ზურასთან კავშირის შესახებ. აქედან რომ გაიქცა, მისმა მეზობლებმა შემომითვალეს, გელდიაშვილების სახლში ბიჭები დადიანო.

ერთხელ ჩავედი, ბავშვი უნდა წამომეყვანა, მაგრამ გადამალეს. მეორედაც ჩავედი; სახლის ზემო სართულიდან ხალხის ხმაური მესმოდა, დედამისიც შიგნით იწვა მთვრალი. მაიას ვთხოვე, რა გინდა ამ წუმპეში, რას ფიქრობ, ქალი არ ხარ? დედა არ ხარ? აქ რა უნდა შენს შვილს, ბავშვი მე მაინც გამატანე-მეთქი. უცებ მიმატოვა და მაღლა გაიქცა, მოიცაო, თან მომაძახა. ეტყობა, ის წიკლაური მაღლა იყო. ჩამოვიდა და გადაჭრით მითხრა, არც წამოვალ და არც ბავშვს გაგატანო.

იმ ბავშვის გამო ისეთი დღეები გამოვიარე, ისეთი ამაგი მაქვს... ძალიან მიყვარდა (ატირდა)... ვფიქრობ, მაგასაც და წიკლაურსაც წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული, რაში უნდა გამოეყენებინათ ბავშვი.

მაია სოფელ ჯუღაანში დაბადებულა. ამ სოფელში ძირითადად ოსები ცხოვრობდნენ. წლების წინ მოსახლეობის დიდი ნაწილი ორჯონიკიძეში გადასახლდა. სავარაუდოდ, იმ დროს უნდა წასულიყო მაიას ერთადერთი ძმაც, რომლის შესახებაც ართანელებმა არაფერი იციან. მაიას დედაც ოსი იყო. ლოთობდა, მაგრამ კეთილი და უბოროტო ქალი იყოო, - ამბობენ. მაიას მამას ამსგავსებენ, ვნებებს აყოლილი კაცია, ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული;

ართანაში ზურა წიკლაურსაც იხსენებენ.

ბელა ბაჟანაშვილი (მეზობელი): - ზურა წიკლაური დიდი ხნის განმავლობაში თელავის რაიონში ცხვარს მწყემსავდა. ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს სოფლელებთან. გასაყიდად ყველი შემოჰქონდა ხოლმე. ჩვენს ოჯახშიც არის ნამყოფი; მამაჩემი მესაქონლეობას მისდევს და ამიტომაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ. მეც ვიცნობდი, უარყოფითს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან უყვარდა ბავშვები. ჩემს პაწია ძმისშვილს კალთაში ჩაისვამდა, იმასთან ერთად ჭამდა. ერთხელ, დღეობაზე სათამაშოებიც კი უყიდა.

ალბათ სწორედ იმ პერიოდში დაუკავშირდა მაიას. ვერ ვხვდები, რა მოხდა, რატომ შეიძულა მაიამ შვილი... ზურა რომ ბავშვის წინააღმდეგი ყოფილიყო, გიორგის ოჯახში დაატოვებინებდა შაკოს, მაგრამ რადგან წაიყვანა, ე.ი. უყვარდა და მზად იყო, ეპატრონა. თუმცა, ბავშვი წუხდა, ჩემს მშობლებს არ ვუყვარვარ, დედა და მამა ჩემს და-ძმას ეფერებიან, მე კი არაო. თუ ზურას აღარ უნდოდა შაკოს პატრონობა, მიეცათ ნამდვილი ოჯახისთვის, მდიდრულად ვერ აცხოვრებდნენ, მაგრამ  საჭმელიც ექნებოდა და ოჯახური სითბოც.

P.S. სტატიაზე მუშაობისას ხშირად მახსენდებოდა ციცინო წიკლაურის სიტყვები, ყოველკვირა ჩვენ შესახებ უნდა წეროთო? კარგი იქნებოდა, ასეთი ტრაგედია არ დატრიალებულიყო და ამ თემაზე საუბარი არასოდეს დაგვჭირვებოდა, მაგრამ რაკი ეს უბედურება მოხდა, ვფიქრობთ, სასურველია მისი მიზეზების ძიება, რომ იგივე ხვალ სხვაგან, სხვა სოფელში ან ქალაქში არ დატრიალდეს. წინა სტატიაშიც და ამჯერადაც გვაწუხებს კითხვა:  ვინ არის ბავშვის სიკვდილში დამნაშავე, მხოლოდ მკვლელი დედა, თუ საზოგადოება, რომელიც მოსალოდნელ ტრაგედიას გრძნობდა და ხმას არ იღებდა.

ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა

გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას - "მისაქციელის ტრაგედია", კვირის პალიტრის საიტზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება აღშფოთებას ვერ მალავს მომხდარის გამო. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

KLODELI

სოფელში ასეთი სისასტიკე ხდებოდა წლების მანძილზე და  მეზობლებმა კი პირში წყალი ჩაიგუბეს, "დედის საქმეში ვერ ჩავერეოდითო"! თავიდანვე რომ ჩაეყენებინათ პატრული საქმის კურსში და კარგად შეეჯანჯღარებინათ ეს ქალი, ასეთი რამ არ მოხდებდა.

დაჩლუნგდა ხალხი, გამოიფიტა ამდენი გაჭირვებით. გაჭირვებას მოაქვს აგრესია, სისასტიკე და გულგრილობა.

DAVID

მე ქმარს უფრო ვადანაშაულებ. ასე თუ აწამებდა ბავშვს, სად იყო?

DATO

შეხედეთ, როგორი ანგელოზი ბავშვია, ცრემლი მომდის. საშინელი ტრაგედიაა, სხვა სიტყვები არ მაქვს. დედამისი ნამდვილად არ უნდა იყოს სრულ ჭკუაზე.

ANA

ეგ ქალი ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს! შვილი ასე როგორ გაიმეტა, ასეთი რა დაუშავა?!

XATIA

დედაზე არანაკლები დამნაშავე საზოგადოებაა. გული მერევა, როცა ვკითხულობ, რომ მთელი 5 წელი ამ საცოდავი ბავშვის ტანჯვას უყურებდნენ და ვერც ერთხელ ვერ გამოუძახეს პატრულს. მარტო დედა არა, მთელი სოფელია ბავშვის მკვლელი.

NANA

ასეთი დედა შვილს არ იმსახურებს, როცა სინანულის გრძნობა არ აქვს. ჩემი აზრით, მისი ადგილი ციხეშია და დედობის უფლებაც არ აქვს.

ALEX

დამნაშავე ის ხალხია, ვინც ამას ხედავდა და არაფერი იღონა. დედა შვილს ცემით კლავდა და არაფერი იღონეს, სამაგიეროდ, მერე ამ ქალის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ, ჩაქოლავენ და იფიქრებენ სამართალი აღსრულდაო. არადა, მათი გულგრილობის ბრალია, ეს ტრაგედია რომ მოხდა.

GIO

მეცა მყავს 5 წლის ბიჭი, რა სიამოვნებით გავზრდიდი იმ საწყალ ბავშვს ჩემს შვილთან ერთად, ამხელა კაცი ვარ და მეტირება, ფოტოს რომ ვუყურებ.

CIRA

ყველა ჩვენგანის ბრალია, ასეთი დანაშაული რომ ხდება. გულგრილები ვართ ერთმანეთის სატკივრის მიმართ და იმ საქმეებში გვიყვარს ჩარევა, რაშიც ნამდვილად არ უნდა ვერეოდეთ.

MARINA

ეს განზრახ მკვლელობაა, მას კი გაუფრთხილებლობის მუხლი აქვს. განა შეიძლება ამ გიჟის 4 წელიწადში გამოსვლა?!

MEGRI

სამუდამო პატიმრობაც ბაირამობაა ასეთი  ადამიანისთვის.. მისი ქმარიც არაკაცი ყოფილა,  არაფერი იღონა, ხომ ხედავდა, რომ ბავშვი ასეთ შავ დღეში იზრდებოდა. მეზობლებიც არ უქნია ღმერთს, ამას მშვიდად და უდარდელად რომ უყურებდნენ.

AKAKI

მისაქციელის ტრაგედია მარტო ამ სოფლის ტრაგედია არაა, ის მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.

ROINI

საზარელი ამბავია, დაჯერებაც კი მიჭირს. ეს მთელი საზოგადოების ბრალია და ეს შემთხვევა გამონაკლისს არ წარმოადგენს. ჩვენ ჯერ კიდე ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, რომ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ.