"ბოდიშს ვიხდი ასეთი ფორმით მომართვისთვის, მაგრამ..." - რას წერს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ბოდიშს ვიხდი ასეთი ფორმით მომართვისთვის, მაგრამ..." - რას წერს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა სოციალურ ქსელში?

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო კეთილო ადამიანებო, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ფორმით მომართვისთვის, მაგრამ ყველაზე უფრო ტრაგიკულ მოვლენებსაც აქვს, რაღაც სტადიები, რომელიც გაიძულებს, იყო ადეკვატური. მასმედიის წარმომადგენლებს მინდა, ვთხოვო, გაითვალისწინონ ჩემი მდგომარეობა, ვინაიდან მათდამი დიდი მადლიერების გამო, უკვე ორი დღეა, ჩემი ნების საწინააღდეგოდ მიწევს გარკვეული აქტიურობა. თქვენი დამსახურებით განვლილ 12 დღეში შესრულდა ორი უდიდესი ამოცანა: ვერ განხორციელდა ბავშვის ტრაგედიის გამოყენება მდარე მიზნებისთვის და შეიქმნა ყველაზე ეფექტური კონტროლის მექანიზმი, რომ არ მოდუნდეს სამართალდამცავი სისტემა და გაგრძელდეს თავდაზუგავი შრომა გიორგის გარდაცვალების ფაქტის ზუსტი მიზეზების დასადგენად, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

მოცემულ ეტაპზე თქვენც კარგად ხვდებით, რომ ყველას ერთად გვიწევს ერთი და იგივე წრეზე ბრუნვა, ვინაიდან მთლიანად დამოკიდებული ვართ შემდგომ მოვლენებზე. უკვე უხერხულია, გაუმართლებელია, მომაბეზრებელია დაზარალებული ოჯახის მხრიდან ყველა მოსაზრების შეფასება და მათზე კომენტარის გაკეთება. მე პირადად ძალიან გამაღიზიანებდა ჩემს ადგილზე მყოფი ადამიანის ყურება და მოსმენა. იცით ჩემი გულწრფელი მადლიერება თქვენდამი და ისიც იცით, რომ როგორც კი რაიმე მნიშვნელოვან სიახლესთან გვექნება საქმე, მაშინვე ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დროებით ავიღოთ ტაიმაუტი, მომეცით საშუალება, მთლიანად გადავერთო ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, იმედია, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ოჯახზე მეტად ვერავინ განიცდის ამ საშინელებას.

P.S თქვენს მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე, საქმის სისხლის სამართლებივი კვალიფიკაციის საკითხი-ანუ რატომ არ მიმდინარეობს ძიება "თვითმკვლელობამდე მიყვანის " ან "სიცოხლის გაუფრთხილებელი მოსპობით", გახლავთ ყველაზე ხშირი და ყველაზე მოთხოვნადი.

თავს ვალდებულად ვთვლი კიდევ ერთხელ განგიმარტოთ, რომ როდესაც ადამიანს ედავები თვითმკვლელობამდე მიყვანას, როგორც მინიმუმ უნდა ამტკიცებდე, რომ შენმა ოჯახის წევრმა თავი მოიკლა, რაც კატეგორიულად გამორიცხულია ოჯახის მხრიდან. თუმცა, ვინაიდან არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც არც ოჯახის აინტერესებს და არ მათი პოზიცია და საკითხს სვამენ არა კითხვის, არამედ რიტორიკული კითხვის ფორმით, იძულებული ვარ ავუხსნა, რომ "თვითმკვლელობამდე მიყვანის " მუხლის ის ნაწილი, რომელზედაც საუბრობენ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ზუსტად ანალოგიურ დასჯადობას ითვალისწინებს "სიცოხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით". იმ ადამიანებს, რომლებიც დაედევნენ გიორგის და რამაც გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება (როგორც არ უნდა ამსუბუქონ მათი ქმედება, ეს ფაქტი უტყუარად დადგენილია) ბრალდება წარდგენილი აქვთ ორი მუხლით, რომელთაგან ერთი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო მეორე შვიდიდან ათ წლამდე ვადით.

ამდენად, მიჩნდება კითხვა-რა უნდა მოვთხოვო გამოძიებას, რომ ათწლიანი დასჯადობიდან გადააკვალიფიცირონ 4 წლიან დასჯადობამდე?

რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, იმედია, აქ ყველაფერი გასაგებია, რატომ ვიკლავთ თავს ყველა გარემოების ბოლომდე გამოწვლილვით შესწავლით.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას!", - წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: "რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შიზოფრენიის გამო?!" - რას პასუხობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ნიკა გვარამიას?