"თანდათან ვიაზრებდი, როგორ გადავრჩი... ახლაც რომ მახსენდება, ჟრუანტელი მივლის. მართლა სასწაული იყო"
"თანდათან ვიაზრებდი, როგორ გადავრჩი... ახლაც რომ მახსენდება, ჟრუანტელი მივლის. მართლა სასწაული იყო"
"რაც ვარსებობ, მას მერე ვიღაც ყოველთვის ძალიან მიყვარს. სულ შეყვარებული ვარ"

ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სერიალი "იდეალური დედაც" ტელეეკრანს დაუბრუნდა, გადაღებები გრძელდება... მორიგი ეპიზოდის გადაღებიდან დაბრუნებულ მსახიობ ანანო სირბილაძესთან ინტერვიუ ჩავწერეთ და მისი ცხოვრების შესახებ, საინტერესო დეტალებიც შევიტყვეთ...

- ანანო, დღის რომელი მონაკვეთი მოგწონს?
- დილა, რადგან თუ ადრე ვიღვიძებ, ძალიან პროდუქტიული, ენერგიული ვარ; თუ საქმეების კეთება შუადღისკენ დავიწყე, ყველაფერი მეზარება. ამიტომ დილის 8-დან დღის 2 საათამდე პერიოდი მომწონს.

- რომელია შენი საყვარელი სერიალი?
- House of Cards. მასში მთავარ როლს ქევინ სფეისი ასრულებს. სერიალის ყურება სწორედ მისი ხათრით დავიწყე. ძალიან მომეწონა. დაახლოებით, "იდეალური დედის" ფორმატისაა: მაკას მსგავსად, სერიის დასაწყისში, ქევინ სფეისიც მაყურებელს მიმართავს, პირდაპირ კამერაში იყურება... ისე, ბოლო დროს, ბევრ კარგ სერიალს ვუყურე, მაგალითად
- When They See Us, რომელიც 5 ფერადკანიანი ბიჭის შესახებაა. მათ საშინელ დანაშაულს დააბრალებენ. 15 წლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან. ამან ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა... სერიალების ყურებისას მსახიობებს ყოველთვის პროფესიული თვალით ვაკვირდები და ვცდილობ, ჩემს თამაშში რაღაცები გადმოვიტანო...

- შვილი რა მეტსახელით მოგმართავს?
- "დედუ". მე მას ასე მივმართავ - "ჩემი კუკუნიკა". თავადაც ასე მეძახის, როცა რაღაც ძალიან უნდა და სურს, გული მომილბოს (იღიმის).

- შეგიძლია, შენი პირველი კასტინგი გაიხსენო?
- მიშა აფხაზავა კასტინგ-მენეჯერი გახლავთ - მსახიობების დიდი ბაზა აქვს. 17 წლის ვიყავი. თეატრალური უნივერსიტეტის კიბეზე ავრბოდი, როდესაც მიშამ გამაჩერა - გოგონა, 1 წუთით... ბაზას ვქმნი და გადაგიღებ, რომ შენი მონაცემები მქონდესო... კამერის წინ დამაყენეს. ყველაფერი მკითხეს: სახელი, გვარი, ასაკი... მერე, მიშას საშუალებით, ბევრგან მოვხვდი, თუნდაც - რეკლამებში...

- შენს ცხოვრებაში ყველაზე უცნაური რა მომხდარა?
- უცნაური - არ ვიცი, მაგრამ მოგიყვები, ერთხელ როგორ გადავრჩი: 15 წლის ვიყავი. სოფელში მამამ სახლი ააშენა. ქვედა სართული მთლიანად დაასრულა, ზედას აკეთებდა. ვუთხარი, - ზედა სართულზე ავალ, ჩემს ოთახს ვნახავ-მეთქი. გამაფრთხილა - იატაკი სანახევროდაა დაგებული, არ ჩამოვარდეო. - არ ჩამოვარდები, ამხელა გოგო ვარ-მეთქი... ავედი და მართლა არ ჩავვარდი? ქვემოთ ბებია-ბაბუის საძინებელი ოთახი იყო, სადაც უამრავი რამ ეწყო. შეიძლებოდა, კარადაზე ან თუნდაც საწოლის კიდეზე დავცემულიყავი, მაგრამ პირდაპირ საწოლში, რბილად ჩავვარდი. თანდათან ვიაზრებდი, როგორ გადავრჩი... ახლაც რომ მახსენდება, ჟრუანტელი მივლის. მართლა სასწაული იყო!.. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაული ის იყო, როცა ჩემი შვილი გაჩნდა და მკერდზე დამიწვინეს. ამაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში არ არსებობს!..

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?
- სხვათა შორის, ძალიან კარგი (იცინის). ყოველთვის კარგ ნიშნებს ვიღებდი და კარგად ვიქცეოდი, ჩემი ძმისგან განსხვავებით. ის ჩემზე ბევრად ნიჭიერია, მაგრამ საშინლად იქცეოდა. დედა ჩემს კლასში რომ მოდიოდა, თვალები უნათდებოდა, რადგან ყველა მაქებდა (იცინის).

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?
- წითელს. ამბობენ, აგრესიული ფერიაო, მაგრამ ისე მიყვარს, წითელი ყველაფერი მაქვს: ტუჩსაცხი, კაბა, ფეხსაცმელი... სუნამოს ფლაკონიც კი წითელი მაქვს. მგონი, ჩემი ფერია და მახალისებს.

- როგორ ფიქრობ, შენი პერსონაჟი - ელენე ("იდეალური დედა") რომელ ფერს აირჩევდა?
- ალბათ - კრემისფერს ან თეთრს. ელენე ძალიან მოწესრიგებული, პედანტია. შეიძლება, სულ თეთრი სამოსი ჩაეცვა.

- სიყვარული მართლა ფსიქიკური აშლილობაა?
- სიყვარული ყველანაირი აშლილობაა: ფსიქიკური, ფიზიკური (იცინის)... ბევრჯერ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამბობს, - არასდროს არავინ მყვარებიაო. მიკვირს ხოლმე, რადგან რაც ვარსებობ, მას მერე ვიღაც ყოველთვის ძალიან მიყვარს. სულ შეყვარებული ვარ. როცა ის ერთი ადამიანი არ გყავს, ვისთვისაც იპრანჭები, ცხოვრობ, გინდა, ყველაფერი პირველად მას უამბო, მგონია, რომ ცხოვრება უფერულია. არიან ადამიანები, ვინც ამის გარეშე ცხოვრობენ და კომფორტულად არიან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ - "ფსიქიკურ აშლილობაში" ცხოვრება მომწონს (იცინის). სულ შეყვარებული უნდა ვიყო!..

- ანუ ახლაც შეყვარებული ხარ?
- დიდი ხანია, შეყვარებული ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ პირადი ცხოვრება ყველამ უნდა "გამოფინოს" და ამაზე ისაუბროს. ჯულია რობერტსი რომ ვიყო და ჯონი დეპი შემიყვარდეს, აუცილებლად ვიტყოდი, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი სიყვარულის ამბავი მაქვს (იღიმის)... მგონია, რომ ჩემგან სწორი საქციელიც არ იქნება, ყველაფერს საჯაროდ მოვყვე.

- ვინ არის შენი მესაიდუმლე?
- პირველ რიგში - დედაჩემი. ჭიქაში ყავას რომ დაასხამს და სამზარეულოში გავალთ ხოლმე, იქ ორივეს ყველაფრის მოყოლა შეგვიძლია. სხვათა შორის, ჩემი შვილიც ჩემი დიდი მესაიდუმლეა - საიდუმლოს შენახვა იცის. რა თქმა უნდა, მყავს ასეთი რამდენიმე მეგობარიც. დედასთან საუბრის მერე, პირველად რომელთან დავრეკო და ჩემს ამბებს მოვუყვე, აღარ ვიცი ხოლმე (იღიმის)... გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები