ვინ მიიღებს გაზრდილ პენსიას და სოციალურ პაკეტს 1-ლი ივლისიდან? - კვირის პალიტრა

ვინ მიიღებს გაზრდილ პენსიას და სოციალურ პაკეტს 1-ლი ივლისიდან?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დღეიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიების და სოციალური პაკეტების გაზრდასთან დაკავშირებით.

"ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის საქართველოს 414 000 მოქალაქე ივლისის თვიდან მიიღებს 30 ლარით გაზრდილ სახელმწიფო პენსიას, ანუ მათი პენსია, ნაცვლად 220 ლარისა იქნება 250 ლარი. გარდა ამისა, დაახლოებით, 29 000-მდე შშმ პირი და 12 000-მდე შშმ არასრულწლოვანი მიიღებს გაზრდილ სოციალურ პაკეტს 30 ლარით და მათი სოციალური პაკეტით მიღებული სარგებელი იქნება 250 ლარი, ნაცვლად 220 ლარისა", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებზე და ამ განსხვავებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 70 წელს გადაცილებული, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 43 000 პენსიონერი მიიღებს დამატებით 20 %-ს ზემოაღნიშნულ ზრდასთან ერთად, შესაბამისად, მათი პენსია იქნება 300 ლარი ნაცვლად არსებული 250 ლარისა.

"პენსიონერებთან ერთად გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 42 000-მდე შშმ პირი და მათი სოციალური პაკეტი იქნება 300 ლარი, ნაცვლად არსებული 250 ლარისა. გარდა ამისა, იზრდება სახელმწიფო დანამატების მოცულობა მაღალმთიან დასახლებებში მომუშავე ექიმებისა და ექთნებისთვის. ექიმების შემთხვევაში, 440 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ექთნების შემთხვევაში 220 ლარიდან 250 ლარამდე,"- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, გარდა მიმდინარე წელს პენსიების ზრდისა, სახელმწიფომ მიიღო სისტემური გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიების რეფორმის თაობაზე, რომელიც ძალაში შევა 2021 წლიდან.

"აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის შემოღებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პენსიონერს პენსია გაეზრდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დაფიქსირდება ქვეყანაში, საშუალოდ, ფასების ზრდა, ანუ პენსია იქნება ინფლაციით ინდექსირებული. ამ გადაწყვეტილებით, მთავრობამ დაადგინა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა პენსიონერი დაზღვეული იქნება ფასების საშუალო ზრდის მაჩვენებლიდან. ამასთან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერების შემთხვევაში, ინფლაციასთან ერთად გაიზრდება პენსია ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებლით, ეს ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის თითოეული პენსიონერი უკვე საკუთარ შემოსავალზე იგრძნობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შედეგებს და მას ეს შემოსავალი, ანუ პენსია გაეზრდება. მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ფასების ან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მინიმუმ, ყოველწლიურად, 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 25 ლარით, ეს არის მნიშვნელოვანი და სტრუქტურული გადაწყვეტილება,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"