"დღემდე შიშები მაქვს... ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე" - კვირის პალიტრა

"დღემდე შიშები მაქვს... ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე"

"ძალადობის მსხვერპლი 4-ჯერ ვიყავი"

"დღეს მე რომ ცოცხალი ვარ, ეს დედაჩემის, ჩემი შვილის და კულინარიის დამსახურებაა", - ამბობს "მასტერშეფის" მონაწილე ნინიკო ღამბაშიძე. ის ჟიურის გაოცებას ხშირად ახერხებს, მე კი გაოცებული დავრჩი მისი მონათხრობით. ადამიანი, რომელიც არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი, დღეს ამ თემაზე ღიად პირველად ლაპარაკობს, რათა იქცეს სტიმულად მათთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა ახლა აქვს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბებიამ გამზარდა. 4 წლის ვიყავი, პატარა წინასაფარი რომ შემიკერა. იმ წინასფარს რომ გამიკეთებდა, მთავარი ამბავი მერე იწყებოდა. მას დღემდე დიდი სიყვარულით ვინახავ, ჩემში საოცარ მოგონებებს აღძრავს. ბებიამ პირველად ბაზარში რომ წამიყვანა, პროდუქტის არჩევის პროცესითაც კი საოცრად დამაინტერესა. მაშინ პროდუქტებს ვხატავდი, ჩემებურად ვწერდი რეცეპტებს..."

"ძალადობის მსხვერპლი 4-ჯერ ვიყავი. არის რაღაც სიტყვები, რომელიც არ მინდა ვთქვა. დღემდე შიშები მაქვს... ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე. სკოლაც ვერ დავასრულე, ღამის სკოლაში გადავედი, გარეთ გასვლის მეშინოდა, ძალიან ცუდად ვიყავი... ამ თემაზე თქვენთან პირველად ვსაუბრობ..."

"13 წელია, "სოს ბავშვთა სოფელი საქართველოში" ვარ დასაქმებული. ძალიან ბევრი ბავშვი ისევ ძალადობის მსხვერპლია, ზოგიერთის შემთხვევაში, მშობლები მათზე სათანადოდ ვერ ზრუნავენ. მე ამ ბავშვების ამბებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე ვწერ. მათი ფსიქოლოგიც ვარ და მეგობარიც, მხარში ვუდგავარ. ბედნიერი ვარ, რომ სიკეთის კეთების შესაძლებლობა მაქვს..."

ნინიკო ღამბაშიძის საოცრად საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 2 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე