"Wizz air მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით სამ არჩევანს სთავაზობს" - კვირის პალიტრა

"Wizz air მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით სამ არჩევანს სთავაზობს"

კომპანია Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ანდრას რადოს განცხადებით, მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით სამ არჩევანს შესთავაზებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ბილეთის ღირებულების სრულად ანაზღაურებაა. ამის შესახებ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ, ონლაინ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ფრენების გაუქმება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობებთ მგზავრებს, რომელთა ფრენებიც გაუქმდა. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრებს ყოველთვის სამ არჩევანს ვთავაზობთ. პირველი: მათ შუძლიათ უფასოდ ნებისმიერი მიმართულებით გადაცვალონ ბილეთი. მეორე შემთხვევაში მგზავრებს თანხის 120 % დაუბრუნდებათ "ვიზეარის" ანგარიშზე, რომლის გამოყნებაც შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში და მესამე ვარიანტი არის თანხის 100%-ის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე.

სამწუხაროა, როდესაც ფრენის გაუქმება გვიწევს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ხდება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ვირუსის გავრცელება შეაკავოს. ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენ ზემოთჩამოთვლილი სამი არჩევანი გვაქვს," - განაცხადა ანდრას რადომ.

მან განმარტება ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულ თანამშრომლებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ კომპანია არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს.

"თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისის ბაზაზე მუშაობდნენ სამსახურიდან გათავისუფლებულები არ არიან. ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ, თუ რა ახალი შესაძლებლობები შეგვიძლია მათ შევთავაზოთ, ასევე ვცდილობთ, შევთავაზოთ, რომ Wizz air-ის სხვა ბაზებზე იმუშავონ. ამ ეტაპზე ჩვენი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ბაზაზე ყველა დასაქმებული შევინარჩუნოთ და ვთავაზობთ მათ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმუშაონ იქამდე, სანამ ფრენებს განვაახლებთ. ამ ეტაპზე Wizz air არ აპირებს არც ერთი ეკიპაჟის წევრისა თუ კაპიტნის გათავისუფლებას," - განაცხადა კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

"ინტერპრესნიუსი"