ვინ არის ფინელი მსახიობი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს ხაჭაპურის გამოცხობა-გაყიდვა დაიწყო - კვირის პალიტრა

ვინ არის ფინელი მსახიობი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს ხაჭაპურის გამოცხობა-გაყიდვა დაიწყო

ფინეთის ყველაზე მრავალტირაჟიან - 130 ათას ეგზემპლარიან საღამოს გაზეთ "ილტა სანომატ"-ში ("Ilta Sanomat") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ვილე ჰააპასალომ პროფესია გამოიცვალა და ახლა ხაჭაპურს ჰყიდის", რომელშიც ერთ-ერთი ფინელი მსახიობის საქმიანობაა გადმოცემული: როცა ვილე ჰააპასალო, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩა, მან ქართული ხაჭაპურის გამოცხობა-გაყიდვა დაიწყო (ავტორი - სუვი კერტულა).

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"ფინეთში, პუუმალას მუნიციპალიტეტში მდებარე ნავსადგურის ახლოს პატარა კიოსკი დგას. იქვე ახლოს ადამიანებიც არიან შეკრებილნი. გამოჩნდება თუ არა მსახიობი ვილე ჰაპასალო, ისინი ტელეფონებში კამერებს რთავენ და მას იღებენ... კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა მსახიობმა სამი თვე იფიქრა იმაზე, თუ რა გაეკეთებინა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ხაჭაპურის საცხობი გაეხსნა, სადაც ორი მამაკაცი მუშაობს..

ქართული ხაჭაპური საცხობში პირველად 19 ივნისს გამზადდა და იმ დღესვე მოთხოვნადი გახდა. მეორე დღეს ბევრად უფრო მეტი გამოაცხეს და სწრაფადვე გაყიდეს.

"სამი თვე სახლში ვიჯექი და ინტერნეტს ვათვალიერებდი, რა გამეკეთებინა", - ჰყვება ვილე, - ბოლოს საცხობის გაკეთება დავგეგმე". მას ამ საქმეში პროფესიონალი ქართველი ხაბაზი მიეხმარა.

"საქართველოში ხაჭაპურის საპატივსაცემოდ სპეციალური საზეიმო დღეა დაწესებული. ხაჭაპური მარილიანი ყველით და მოტკბო ცომით მზადდება", - ამბობს მსახიობი, - ერთი ხაჭაპური დაახლოებით 1300 კალორიას შეიცავს". იგი მრგვალ, დახურულ ხაჭაპურს აცხობს.

ვილე ჰაპასალო დარწმუნებულია, რომ მას კლიენტები არ მოაკლდება, თვით ქრისტეშობამდეც კი. "ვიფიქრე, რომ ასეთ სიტუაციაში მსახიობობით თავს ვერ გავიტანდი, რაღაც სხვა რამ იყო გასაკეთებელი. როცა საქმე დავიწყე, ის დღეები ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო გახდა... აქაური გარემო მიმზიდველია და სტუმრებიც ბევრი მოდის". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ