"ვიდეოთი უმრავლესობამ ჩათვალა, რომ დიდი ხანი არ გვყავდა შვილი, მაგრამ ასე არ იყო. ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე..." - კვირის პალიტრა

"ვიდეოთი უმრავლესობამ ჩათვალა, რომ დიდი ხანი არ გვყავდა შვილი, მაგრამ ასე არ იყო. ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე..."

"თავიდან ლაშას არ გამოუჩენია დიდი ინტერესი, დღეს კი იძახის რომ მაშინვე შევუყვარდი"

ზღაპრებში წაკითხული და ფილმებში ნანახი ისტორიები ხომ არარეალური გვგონია, თუმცა ახლა ზუსტად ასეთ ამბავს უნდა მოგიყვეთ. სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ ემოციურ ვიდეოს წავაწყდი, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ რა ისტორია ჰქონდა ამ პატარა და ლამაზ ამბავს.

27 წლის იზიკო გოგრიჭიანი, ვიდეოს ავტორი და ამ ლამაზი ისტორიის მთავარი გმირია. ვიდეოში ის მეუღლეს სასიყვარულო წერილებით თავის გრძნობებს უმხელს და ორსულობის ამბავს აცნობს. წყვილის გულწრფელი ემოციები სოციალურ ქსელში მალევე აიტაცეს და მათი ბედნიერებაც ბევრმა ადამიანმა გაიზიარა, იზიკოს ამ ვიდეოს მიღმა, მათ ცხოვრებაზე ვესაუბრე:

- ჩემი თავის გაცნობას, საყვარელი საქმიანობით დავიწყებ. პროფესიით მასწავლებელი ვარ და უამრავი მოსწავლე მყავს, ვგიჟდები მათთან ურთიერთობაზე. უკვე დაახლოებით, 8 წელია ამ სფეროში ვარ და თავდავიწყებით მიყვარს ჩემი საქმე. სულ რაღაც ორი წლის წინ, ხელნაკეთი ნივთების შექმნამ გამიტაცა, არ მეგონა ასეთი დაინტერესება თუ წამოვიდოდა და ჩემი პატარა წამოწყება მალე წარმატებული გახდა, იმედია ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ რუსთავში უკვე უამრავი ადამიანი მიცნობს.

- სულ რამდენიმე წელია რაც ოჯახი შექმენით, თქვენ და თქვენს მეუღლეს კი საოცარი სიყვარულის ისტორიაც გაკავშირებთ, მოგვიყევით...

- ჩემი მეუღლე, ლაშა მელიქიშვილი პროფესიით მეხანძრე-მაშველია და თავის საქმეზე გიჟდება, ყოველთვის ვამაყობ მისით. ერთმანეთი 13 წლის ასაკში გავიცანით, მე სკოლაში ახალი გადასული ვიყავი და როგორც ხდება ხოლმე, ახალ გოგოს ყველა ყურადღებას აქცევს, მაგრამ ლაშას არ გამოუჩენია დიდი ინტერესი, დღეს კი იძახის რომ მაშინვე შევუყვარდი. სკოლამ და საერთო მეგობრებმა მალევე დაგვაახლოვა და მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა.

გადიოდა დრო და ერთმანეთს უკეთ ვუგებდით, ერთად ყოფნა მოგვწონდა, შემდეგ იყო გულის დანთება და სიყვარულის ახსნა, რაღაც პერიოდი ვაწვალე, ერთი წელი მაინც არ ვეუბნებოდი რომ მიყვარდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჩვენს ურთიერთობას სახელი დავარქვით. ერთ ანსამბლში ვცეკვავდით, ერთ სკოლაში დავდიოდით და ყოველდღე ვხედავდით ერთმანეთს.

სწორედ, ამ წლებიდან იწყება ჩვენი თავგადასავლები, 14 წლიდან ერთად ვართ. ეს შეიძლება არ იყო, ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ დანახვისას მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები. ყველას ეგონა, რომ მალე შევქმნიდით ოჯახს, მაგრამ სხვა გეგმები გვქონდა. ჯერ სწავლა დავასრულეთ, შემდეგ სამსახური და სტაბილური შემოსავალი გვინდოდა.

24 წლის ასაკში ქორწილით დავაგვირგვინეთ ჩვენი 10-წლიანი ურთიერთობა, თითქოს ოჯახის შექმნას არ ვჩქარობდით, მაგრამ უკვე დრო იყო, ახალი ეტაპი დაგვეწყო. ურთიერთობაში ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, თუმცა, რა თქმა უნდა იყო წყენაც და კინკლაობაც, ზოგადად როგორც ხდება ხოლმე, სერიოზული არაფერი.

დაოჯახების შემდეგ, შვილის ყოლას არ ვჩქარობდით, კარიერის გამო გავჩერდით და ავიყვანეთ "შვილობილი" მონრო, ძაღლს ვერ ვეძახით. უკვე 3 წელი გვისრულდებოდა და ვხვდებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა მქონდა დეპრესიული მომენტები და თავს არ ვუტყდებიდი რომ შვილი აკლდა ამ ბედნიერებას. ჩემი მეუღლეც გიჟდება ბავშვებზე და შვილი მუდამ უნდოდა, ჩემს გადაწყვეტილებას სცა პატივი და დამელოდა.

- სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციური ვიდეო გაავრცელეთ, მოგვიყევით ამ დღის შესახებ?

- ვიდეო მართლაც ძალიან ემოციური გამოვიდა, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ სურვილის მიუხედავად დიდი ხანი არ გვყავდა შვილი, მაგრამ ასე არ იყო. ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე ლაშა სამსახურში იყო. ათასი აზრი მიტრიალებდა თავში, არ ვიცოდი რომელი ჯობდა, სამაშველოში მივსულიყავი და იქ მეცნობებინებინა თუ 112 გამომეძახა სახლში და ისე, მაგრამ მაინც გათენებას დაველოდე.

- ახლა ბავშვს ელოდებით და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებთ, ალბათ მეუღლე ძალიან გახარებულია...

- ვერ აღვწერ ლაშა როგორი ბედნიერია, შვილი უნდოდა ყოველთვის და სხვის ბავშვებს ეფერებოდა. უკვე დაიწყო სამზადისიც, ოთახს ურემონტებს თავისივე ხელით, რადგან სქესი არ ვიცით ნეიტრალური ფერები შევარჩიეთ, ცოტა ჭირვეული ორსული ვარ, მაგრამ ყველანაირად უძლებს. სულ ვფიქრობდი, რომ ერთი შვილი მინდოდა, მაგრამ ორსულობა ეს ისეთი მდგომარეობაა, რომ ნამდვილად ვისურვებ მეორედ და მესამედაც კი მეწვიოს ეს ბედნიერება.

ჯერ მხოლოდ 2 თვის ვარ. ორსულობის ამბავი რომ გავასაჯაროვე 2 კვირის ძლივს ვიქნებოდი, ახლობლები მეუბნებოდნენ, ასე საჯაროდ ნუ დებ, ამდენი თვალი ხედავსო, თუმცა უცნობი ადამიანებისგან იმდენ პოზიტივს და სიყვარულს ვიღებ, რომ გულში ვერ დავიტოვებდი ამ ამბავს.

- მეუღლის პროფესია სარისკო და თან საამაყოა...

- მეც მეამყება, ვიცი რისკია მეხანძრე-მაშველობა და ყოველი სმენაში წასვლა საფრთხეა, მაგრამ იმდენად უყვარს თავისი საქმე და ხალხის დახმარება, რომ სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია ჩვენთვის. ზაფხულში უფრო ვნერვიულობ, რადგან ტყის ხანძრები ხშირია და რამდენიმე დღით უწევს ხოლმე წასვლა, მის გარეშე ყოფნა არ მიყვარს და ამიტომ ზაფხულიც არ მომწონს დიდად. ვერ წარმომიდგენია ლაშა სხვა სფეროში რომ იყოს, იქ თავისი სამყარო აქვს და სრულიად პატივს ვცემ მის არჩევანს.

- როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ?

- 10 წლის შემდეგ ზუსტად ისეთივე მგონია ჩემი ცხოვრება როგორც ახლა, ვფიქრობ ჩემი შვილი ძალიან იამაყებს ჩვენით, იმედია არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ორივე მშობელი ხალხის სამსახურში ეყოლება, მე ახალ თაობასთან და მამა თავისი სიცოცხლის ფასად ხალხის სიცოცხლის სადარაჯოზე. ასეთივე მგონია ჩემი მომავალი, იმედია მშვიდობა იქნება საქართველოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო