როდიდან დაიწყება საქართველოს მიმართულებით ავიარეისები და რას აპირებს ხელისუფლება სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

როდიდან დაიწყება საქართველოს მიმართულებით ავიარეისები და რას აპირებს ხელისუფლება სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით?

მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა.

"ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლება ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

"სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ და არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქებიისთვის, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო კომპანიებს, გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას სრული 72- საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. კონტროლი საკმაოდ ეფექტურია მაგრამ, სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო