რატომ დატოვა პოსტი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა? - კვირის პალიტრა

რატომ დატოვა პოსტი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა?

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა პოსტი დატოვა. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით ბარლიანის წასვლის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ხელმძღვანელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა დავით ბარლიანმა გუშინ თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და პოსტიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. იგი მუშაობის გაგრძელებას გეგმავს საექიმო საქმიანობის მიმართულებით. ამჟამად, ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობას ადმინისტრაციის უფროსი ასრულებს", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2020 წლის 28 თებერვლიდან, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, საკარანტინე სივრცე ფუნქციონირებდა. უწყებამ მულტიპროფილური სერვისების მიწოდება გუშინ განაახლა.

"ინტერპრესნიუსი"