ბათუმი ტურისტებს ამაოდ ელის... - კვირის პალიტრა

ბათუმი ტურისტებს ამაოდ ელის...

"ყველანი ასეთ დღეში ვართ - უსაფრთხოების წესების დასაცავად სადეზინფექციო საშუალებები მუდმივად უნდა გვქონდეს როგორც ადმინისტრაციისა და მომსახურე პერსონალისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. მნიშვნელობა არა აქვს, სასტუმროში დამსვენებელი იქნება თუ არა. მონიტორინგის სამსახური გვამოწმებს და დარღვევა ფინანსური სანქციით ისჯება..."

მსოფლიო პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა, ამიტომ აჭარის რეგიონი შიდა ტურიზმის მოლოდინშია. ბიზნესმენების, სასტუმროების მეპატრონეების თქმით, უამრავმა უცხოელმა გააუქმა ჯავშანი, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ვითარების გასარკვევად რეკავს.

"ზოგი გეგმავს ჩამოსვლას, მაგრამ კიდევაც რომ ჩამოვიდნენ, მთლიანი სეზონის ანაზღაურებას მაინც ვერ შევძლებთ"

ირაკლი ჭანტურია, ბიზნესმენი, ბათუმში სასტუმროს მფლობელი: - უცხოელი ვიზიტორებისგან ასეთი ცარიელი ბათუმი არ მახსოვს. მხოლოდ ისინი არიან, ვისაც თავად აქვთ აჭარასა თუ სხვა კუთხეში ბიზნესი და, ფაქტობრივად, აქ ცხოვრობენ. ისინი თავად იყვნენ მოწადინებული თავიანთი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები მოეზიდათ, ახლა კი ჩვენზე უარეს დღეში არიან. საღამოობით შესაძლოა ერთი რესტორანი ან ღია კაფე-ბარი იყოს სავსე, ისიც ადგილობრივი კლიენტებით, სხვა უამრავი გასართობი თუ საკვები ობიექტი ცარიელია.

აქვე ახლოს მთელ საქართველოში ცნობილი ყავისა და ნაყინის ოსტატი, სოხუმური "პინგვინების" თანამშრომელი ამირან გაგუა მუშაობს. სხვა დროს მასთან ხალხის ტევა არ იყო, ახლა თითო-ოროლა კაცი თუ შევა.

ყველანი ასეთ დღეში ვართ. უსაფრთხოების წესების დასაცავად სადეზინფექციო საშუალებები მუდმივად უნდა გვქონდეს როგორც ადმინისტრაციისა და მომსახურე პერსონალისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. მნიშვნელობა არა აქვს, სასტუმროში დამსვენებელი იქნება თუ არა. მონიტორინგის სამსახური გვამოწმებს და დარღვევა ფინანსური სანქციით ისჯება.

- გამოდის, უცხოელ ვიზიტორებს არ ელით? - ფაქტობრივად, არა, რადგან შემოსვლა ძალიან გართულებულია კოვიდ-პასპორტებისა და სხვა პროცედურების გამო, ამას ემატება ორკვირიანი კარანტინიც. მე უფრო რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მყავდა დამსვენებელი, 2-3 კვირით ჩამოდიოდნენ, ახლა კი ფრენები შეწყვეტილია, ლარსიც ჩაკეტილია და თუ ვინმე ზღვით წამოვიდა, ერთი კვირა გზაში დასჭირდება, შემდეგ ორი კვირა კარანტინი მოუწევს და ჩამოსვლა აღარ უღირს.

ერთმა ოჯახმა დაგვირეკა, ორი თვით ჩამოვდივართო. სამსახური აძლევთ დისტანციურად მუშაობის საშუალებას და ამიტომ მთელი ზაფხული აქ აპირებენ ყოფნას. კიდევ რამდენიმე ასეთი ტურისტი აპირებს ჩამოსვლას, ჟურნალისტები, ბლოგერები, რომელთაც ონლაინმუშაობა შეუძლიათ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.

- აგვისტოს ბოლოდანაც არ ელით უცხოელ ტურისტებს? - თუ საზღვარი გაიხსნა, აგვისტო-სექტემბერში, ალბათ, ჩამოვლენ. კი, ზოგი გეგმავს ჩამოსვლას, მაგრამ კიდევაც რომ ჩამოვიდნენ, მთლიანი სეზონის ანაზღაურებას მაინც ვერ შევძლებთ. იმასაც ამბობენ, რომ საზღვარი ყველასთვის და ყველა მიმართულებით ვერც გაიხსნება.

"წელს საქართველოში უცხოელი ტურისტი არ იქნება"

ირაკლი თავართქილაძე, "აჭარატურის" ხელმძღვანელი: - 1-ლი აგვისტოდან ვაპირებდით ევროპიდან ტურისტების მოზიდვას. მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან, ლიეტუვისა და ესტონეთის კომპანიებთან, რათა პირდაპირი ავიარეისები გვქონოდა, თუმცა ვირუსის გამო გრძელვადიანად რაღაცის დაგეგმვა უაზრობაა, მხოლოდ ერთკვირიანზე შეგვიძლია რაღაცის გათვლა.

არსებული ვითარება არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უცხოეთიდან ინტენსიური ავიარეისები განახლდება, განსაკუთრებით ტურისტული ჩარტერები. რეალობა ასეთია - წელს საქართველოში უცხოელი ტურისტი არ იქნება.

"ამ პანდემიას დადებითი მხარეც აქვს - მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რასაც მუდმივად უჩივიან დამსვენებლები..."

ელენე ქაბულიანი, სასტუმროს მფლობელი: - პანდემიამდე მე და ჩემმა ბიზნესპარტნიორმა სასტუმროს გაფართოება გადავწყვიტეთ. ამისთვის ჩამოვიდა მოსკოვიდან ოჯახთან ერთად და რამდენიმე დღეში საზღვრები ჩაიკეტა. ახლა აქაურების იმედიღა გვაქვს.

ბევრი გვწერს, ჩამოსვლა უნდათ და იმედი აქვთ, რომ ივლისიდან ჩამოვლენ. ისრაელიდან გვქონდა ჯავშნები, მაგრამ გაუქმდა. ახლა გვიკავშირდებიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან. გვირეკავენ უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან. გზების გახსნას ელოდებიან.

აუცილებელი პროცედურები ართულებს მათ ჩამოსვლას - ტურისტს ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ტესტი ჩატარებული, წინააღმდეგ შემთხვევაში საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. ეს დიდი დაბრკოლებაა დამსვენებლისთვის.

- არაერთხელ მომისმენია, რომ ქართველი დამსვენებელი პრეტენზიულია, ეთანხმებით?

- ქართველი მომხმარებელი მეტს და მეტს ითხოვს სტანდარტული ფრაზებით, - ამ თანხით ევროპის წამყვან ქვეყანაში დავისვენებდიო, რაც არ არის სიმართლე, მაგრამ კლიენტი ყოველთვის მართალია. ისე, ამ პანდემიას დადებითი მხარეც აქვს - მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რასაც მუდმივად უჩივიან დამსვენებლები და იქნებ მივაღწიოთ, რომ მომსახურება ფასის შესაბამისი იყოს.