"მამა დედას შავი თვალების გამო "ჩორნიე გლაზკის" ეძახდა... თითქმის 40 წელი იყვნენ ერთად"
"მამა დედას შავი თვალების გამო "ჩორნიე გლაზკის" ეძახდა... თითქმის 40 წელი იყვნენ ერთად"
"მამა ქართულსაც ფლობდა და რუსულსაც და იმაზე უკეთესად ლაპარაკობდა ქართულად, ვიდრე დედა - რუსულად"

სპორტსმენების ოჯახში დაიბადა. დედა - მზია ჯუღელი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი გახლდათ, სხვადასხვა წლებში ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, იყო ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მამა - არკადი არხანგელსკი არაჩვეულებრივი მოთხილამურე და ზამთრის სახეობების მწვრთნელი, წლების მანძილზე საქართველოს სპორტკომიტეტში მუშაობდა. მათი ქალიშვილი ირინა სპორტის რამდენიმე სახეობას მისდევდა და ფიგურულ სრიალში საქართველოს პირველი ჩემპიონი ქალი გახდა. ეს შედეგი მან
ოთხჯერ გაიმეორა. ქალბატონი ირინა არხანგელსკაია იხსენებს მშობლებს, ბებიებსა და ეპიზოდებს საკუთარი ბიოგრაფიიდან.

- დედას ორი სახელი - მედეა და მზია ჰქონდა?
- ოფიციალურად მედეა ერქვა, მაგრამ ბავშვობაში მზიას ეძახდნენ და ეს სახელი ბოლომდე შემორჩა. დედას მზიკას ვეძახდი, მამას - არიკას.

- ქალბატონი მზიას ღვაწლი ცნობილია სპორტის
ისტორიაში. მამაზე მომიყევით.
- შესანიშნავ მოთხილამურეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების ჩამოყალიბებაში. მამას დროს აღიზარდა "მფრინავი ტორპედო" კობა წაქაძე. არკადი არხანგელსკი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და საკავშირო კატეგორიის მსაჯი იყო. სპეციალობით ინჟინერ-ელექტრიკოსი გახლდათ და ომამდე დონბასის შახტების სარემონტო სამუშაოებს ეწეოდა. მერე, როცა ბაკურიანში მშენებლობები დაიწყო, თითქმის ყველაფრის აშენებაში შეიტანა წვლილი, "დინამოს" შენობის გარდა. მე სხვანაირი ბაკურიანი მახსოვს, ზღაპრულად ლამაზი, იქ გავიზარდე. ახლა, ბაკურიანი, ჩემი აზრით, ზედმეტად ცივილიზებული გახდა. მამას ბოლომდე შერჩა სპორტის სიყვარული.

- ვინ შეაყვარა მას ზამთრის სახეობები?
- თავად აირჩია თხილამურები, ბაკურიანში შეკრებებზე დადიოდა და მაშინ უკვე იცნობდა დედაჩემს, მათი რომანიც დაწყებული იყო. მამა სპორტს ერთგულად ემსახურებოდა. სისტემატურად დაჰყავდა აღსაზრდელები სხვადასხვა სავარჯიშო ცენტრში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ასეთი დევიზი იყო - "სპორტი ავიყვანოთ უმაღლეს დონეზე". იმ წლებში მამამ განახორციელა პირველი "კონნი პერეხოდ" საქართველოდან მოსკოვში. ამის ამსახველი ფოტოებიც არსებობს. დიდი საქმე გააკეთა. მამა ქართულსაც ფლობდა და რუსულსაც და იმაზე უკეთესად ლაპარაკობდა ქართულად, ვიდრე დედა - რუსულად. იმდენად დადებითი პიროვნება იყო არიკა და ისე უყვარდა ყველას, რომ მთელი ჩემი ნათესავები, მეგობრები, ახლობლები ამბობდნენ, ჩვენც რუსებს უნდა გავყვეთო (იცინის). ამით ძალიან ვამაყობ.

- რამდენი წელი გაატარეს ერთად? რომელი უფრო მკაცრი იყო თქვენ მიმართ?
- თითქმის 40 წელი იყვნენ ერთად, მამა 68 წლის გარდაიცვალა, დედა - 90 წლის. ძალიან შეხმატკბილებული და ორგანული წყვილი იყო. ორივეს უზომოდ ვუყვარდი ერთადერთი შვილი, თუმცა დედა ამას ხშირად არ გამოხატავდა. მამაჩემი ცოლს, შავი თვალების გამო "ჩორნიე გლაზკის" ეძახდა და სულ ეუბნებოდა: "ტი ოჩენ სტროგაია, ნო სპრავედლივაია". ორივე მკაცრი იყო, მაგრამ დედა უფრო მეტად. მზიამ, როცა აქტიურ სპორტს თავი დაანება, წლების მანძილზე საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა, უფროსი მწვრთნელი იყო, მერე საკავშირო ნაკრებსაც ავარჯიშებდა. მამა ხელს უწყობდა, მე და ბებიას (მზიას დედას) გადასარევად გვივლიდა და თავის საქმესაც აკეთებდა.

- გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ბებია სოფელში ცხოვრობდა, როგორ გახსოვთ ის პერიოდი?
- ბაბუა ნიკოლოზ ჯუღელი დაპატიმრებიდან მალევე დახვრიტეს, ბებია - თამარ ღამბაშიძე კი 10 წელი იყო გადასახლებაში. დაბრუნდა და უფლება არ ჰქონდა, ქალაქში ეცხოვრა, ამიტომ თიანეთში, ახალსოფელში წავიდა. დედაჩემი მაშინ ნაკრების კაპიტანი იყო. მე პატარა ვიყავი და ბებიასთან გამიშვეს. სკოლაში წასვლამდე სოფელში ვიზრდებოდი იქაურ ბალღებთან ერთად. ბებია პატარა ამბულატორიაში ცხოვრობდა, ერთადერთი ექიმი იყო სოფელში, თანაც ყურადღებიანი, ამიტომ ყველას უყვარდა. ამ უაღრესად კარგ ადამიანს და თბილ ქალს დედას ვეძახდი. მზიკას არ სწყინდა და არც ეჭვიანობდა... თავადაც არანორმალური შვილი იყო, დედისთვის არაფერი მოუკლია. ბებია არ გახლდათ ბებერი ქალი. სანამ გარდაიცვლებოდა, სულ ვფიქრობდი: ღმერთო, ის რომ წავა ჩემი ცხოვრებიდან, ალბათ, თავი უნდა მოვიკლა-მეთქი. ასეთი განცდა მქონდა. 68 წლის გარდაიცვალა. მის გასვენებაში ახალსოფლიდან უამრავი ხალხი ჩამოვიდა. ზაფხულობით მასთან დისშვილები, მამაჩემის ბიძაშვილები ჩამოდიოდნენ და სასწაულ დროს ვატარებდით. ისეთი ახლობლები მყავდა, მათგან სიყვარულის გარდა არაფერი მახსენდება.

- ატლანტაში "ქალ ოლიმპიურ ჩემპიონთა მუზეუმის" საზეიმო ცერემონიალზე საბჭოეთიდან ერთადერთი ადამიანი, მზია ჯუღელი საგანგებოდ მიიწვიეს. რას ამბობდა ამის შესახებ და რას გაიხსენებთ მისი მოგზაურობებიდან?
- მუზეუმის გახსნის ისტორიულ დღეს მსოფლიოს სპორტულმა ელიტამ დიდი სითბო და სიყვარული გამოავლინა მის მიმართ. ყველა იქ მყოფს სურვილი ჰქონდა მუზეუმში გამოფენილ მზიას ფოტოსთან გადაეღო სურათი.
ერთხელ სპორტსმენები კუნძულ სუმატრას სტუმრობდნენ. მათ თანმხლებ ინდონეზიელს, ერთ ადგილზე მიუთითებია და უთქვამს - იქ, წყლის ფსკერზე დიდი მარჯანია. აგერ ჩაქუჩი და ვისაც შეუძლია, ჩაყვინთოს და ნაპირი ჩამოატეხოსო. ყველას გასაკვირად, მზიამ აიღო ჩაქუჩი და საკმაოდ ღრმად ჩაყვინთა, ხელის ცეცებით მიაგნო "განძს" და დიდი ნაწილი ჩამოტეხა. მერე გათამამდა და რამდენჯერმე სცადა ბედი. მოკლედ, 16 ნატეხი მოაგროვა. ეს ამბავი გახმაურდა - ინდონეზიელები უზომოდ გაკვირვებულები იყვნენ. მზიამ მარჯნის ნაწილი გააჩუქა, ხოლო ზოგი, რომელიც ცხოველს, ფრინველს ან მცენარეს ჩამოჰგავდა, რელიკვიად შემოინახა. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები