მაყურებელი ბელარუსთან მატჩისას - ტრიბუნებზე თუ სტადიონის გარშემო?! - კვირის პალიტრა

მაყურებელი ბელარუსთან მატჩისას - ტრიბუნებზე თუ სტადიონის გარშემო?!

"უმჯობესი იქნება, თუ მაყურებელს მხოლოდ მას შემდეგ დაუშვებენ სტადიონზე, როცა პანდემიური ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება"

უეფამ რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა, რომ საქართველო-ბელარუსის შეხვედრა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს (თუ თარიღი კიდევ არ შეიცვალა) გაიმართება. უმაყურებლოდ თამაშს მატჩის გადადება სჯობს! - ასეთი იყო და არის საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმეტესობის პოზიცია, თუმცა... სამწუხაროდ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალის ექვსი თვით გადადება სულაც არ ნიშნავს, რომ ბელარუსებს აუცილებლად სავსე ტრიბუნების თვალწინ ვუმასპინძლებთ.

დიახ, ოქტომბრამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ უეფას სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელმა ტიმ მეიერმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს უკვე მისცა რეკომენდაცია - უმაყურებლოდ გაიმართოს როგორც ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საპლეიოფო შეხვედრები, ასევე ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩებიც!

მეიერი თუ მთელი ერი?

ტიმ მეიერი რიგითი ექიმი არ არის. მის სიტყვას უეფაში დიდი ფასი აქვს და ცხადია, შესაბამისი არგუმენტების გარეშე არც გასცემდა ასეთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას: პრობლემა ნაკლებია, როცა ტურნირი ერთ ქვეყანაში იმართება.

მაგალითად, უკვე ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს პორტუგალია, კერძოდ, ლისაბონი უმასპინძლებს, ევროპალიგის გათამაშება კი გერმანიაში დასრულდება. განსხვავებული ვითარებაა ერთა ლიგაზე. შემოდგომიდან 55 ქვეყანა ერთბაშად ჩაერთვება ამ გათამაშებაში და ცხადია, ეს თუნდაც მგზავრობის რისკს ქმნის.

რაც შეეხება ევროტურნირებს, ახალი სეზონი აგვისტოში იწყება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა დიდია ალბათობა, რომ თამაშები უმაყურებლოდ გაიმართოს, - თქვა მეიერმა, - ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაუშვა მაყურებელი სტადიონზე, მაგრამ ისინი გადაწყვეტილებას სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით იღებენ. სხვა საქმეა საერთაშორისო თამაშები. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ მაყურებელს მხოლოდ მას შემდეგ დაუშვებენ სტადიონზე, როცა პანდემიური ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, - ამბობს უეფას მთავარი ექიმი.

გასაგებია, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მთავარი მედიკოსის უმთავრესი მოვალეობა ფეხბურთთან დაკავშირებული ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამ თამაშამდე სამი თვით ადრე პროგნოზების გაკეთება და მით უმეტეს, გადაწყვეტილების წინასწარ მიღება არასწორი მგონია!

იმ ქვეყნებში, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, მატჩები არათუ მაყურებელთან ერთად, შესაძლოა საერთოდ ვერ გაიმართოს. მაგრამ რატომ უნდა დაისაჯოს" გულშემატკივარი იქ (პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ!), სადაც ეპიდვითარება სტაბილური იქნება?! მით უმეტეს, რომ კარების ჩარაზვის შემთხვევაში გულშემატკივარი სტადიონის გარშემო შეიკრიბება - ბევრად მეტი და გაცილებით უკონტროლოდ!

ცხადია, ამ ეტაპზე ტიმ მეიერის სიტყვებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. იმედია, რეკომენდაციად დარჩება ერთა ლიგის პლეი-ოფის მოახლოების შემდეგაც და სფფ-ს არ მოუწევს გულშემატკივრის (და მთელი ერისთვის) უზომოდ დასანანი გადაწყვეტილების მიღება...

ქომაგობა პერიმეტრიდან

გარედან"ქომაგობა შემთხვევით არ გვიხსენებია. ახლახან განახლებული საქართველოს პირველობის მატჩებმა ცხადყო, რომ ერთგული ქომაგები საყვარელ კლუბებს არც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისას ტოვებენ მარტო! მაგალითად, "საბურთალოსთან" (3:0) მატჩის დროს თბილისის "დინამოს" ქომაგები ტრიბუნებს შორის გასასვლელებიდან ამხნევებდნენ თავიანთ გუნდს, ბათუმელი გულშემატკივრები - სტადიონის ღობიდან (შემცვლელები - მუყაოზე დახატული გულშემატკივარი-მეკობრეების" გამოსახულებები კი ტრიბუნებზე განათავსეს), გორის "დილის" ერთგულმა მხარდამჭერებმა, რადგან ტრიბუნაზე ყოფნის უფლება არ ეძლევათ, ბეტონის კედელზე აიტანეს საკლუბო დროშები, ქუთაისის "ტორპედოს" ფანები კი საღორიის ბაზასთან ფეიერვერკებით დახვდნენ "ჩიხურასთან" მატჩზე მიმავალ საყვარელ კლუბს...

მოკლედ, სულ იმაზე ვწუწუნებთ, ეროვნული პირველობის მატჩებს ქომაგი აკლიაო, მაგრამ შეზღუდვებმა ისე მოანატრა ხალხს ფეხბურთი, როცა სტადიონის კარი გაიღება, ტრიბუნებზე იმაზე მეტ მაყურებელს ვნახავთ, ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე რომ არც დაგვსიზმრებია!

P.S. "ძალიან კმაყოფილი ვიქნებით, თუ სეზონის ბოლოსთვის სტადიონებზე გულშემატკივრების 10-15%-ის დაბრუნებას მაინც შევძლებთ", - ამბობენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში. ჩვენი კი იმედი გვაქვს "დინამო არენაზე" გულშემატკივრის დაბრუნებას" წლის მთავარი მატჩისთვის მაინც მოვახერხებთ!

ესპანური სტადიონები თანდათანობით შეივსება?

ესპანური ფეხბურთი ტრიბუნებზე მაყურებლის დასაბრუნებლად ემზადება. პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ლა ლიგაში"უკვე რამდენიმე ტური გაიმართა, თუმცა ლიგის ხელმძღვანელობა გეგმავს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს სტადიონებს ხალხი, ის, ვისთვისაც იმართება საფეხბურთო მატჩები - გულშემატკივარი! ქვეყანაში მძიმე მდგომარეობის და შეზღუდვების გამო ესპანელები სტადიონების ტრიბუნების გახსნას" ეტაპობრივად გეგმავდნენ, მხოლოდ 2020-21 წლების სეზონიდან: 12 სექტემბრიდან ტრიბუნები 30%-ით შეივსებოდა, ნოემბრიდან - 50%-ით, ახალი წლიდან კი შეუზღუდავად. თუმცა ესპანეთში ვითარება იმაზე სწრაფად უმჯობესდება, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამიტომაც შეზღუდვების მოხსნაც დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. უკვე შექმნილია 16-გვერდიანი რეგლამენტი, ე.წ. უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც სტადიონზე ქომაგების მოხვედრის წესებსა და პირობებს ადგენს. ბრიტანულმა თჰე Gუარდიან-მა და ესპანურმა შEღ-მა გამოაქვეყნეს პროტოკოლის ძირითადი პუნქტები, რომლებიც თქვენც დაგაინტერესებთ:

სტუმარი გუნდის გულშემატკივრები არ დაიშვებიან. ბილეთები განაწილდება მხოლოდ აბონემენტების მფლობელებს შორის;

გულშემატკივრები წინასწარ დარეგისტრირდებიან მატჩზე: წარადგენენ პასპორტის მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას ბოლოს გადატანილი დაავადებების შესახებ. თანხის გადახდის შემდეგ თითოეული მათგანი მიიღებს სპეციალურ საიდენტიფიკაციო ნომერს, რომლის გარეშეც ტრიბუნაზე ვერ მოხვდება;

სტადიონზე მისვლა/წამოსვლა: მკაცრი მითითებები არ არსებობს, მაგრამ რეკომენდებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან თავის შეკავება;

ორგანიზებული იქნება სტადიონზე შესვლის პროცედურაც: გულშემატკივრებს ხუთ ჯგუფად დაყოფენ და თითოეულის წევრები სტადიონზე განსაზღვრული დროის შუალედში მივლენ. თითოეულ ჯგუფს დაახლოებით 15 წუთი დაეთმობა, ასაკოვანი გულშემატკივრები კი ბოლო ჯგუფში იქნებიან და ტრიბუნებზე თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოხვდებიან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გულშემატკივრებს შორის კონტაქტი მაქსიმალურად შეიზღუდოს;

ყველა სტადიონის გარშემო წინაღობის ორი ხაზი განლაგდება - თითოეული მათგანი თავისი საკონტროლო-გამშვები პუნქტით. პირველ პუნქტში გულშემატკივრებს სხეულის ტემპერატურას შეუმოწმებენ - 37,5-ზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში განმეორებითი შემოწმება 10 წუთის შემდეგ ჩატარდება და თუ მაჩვენებელი არ შეიცვალა, გულშემატკივარი სტადიონზე არ დაიშვება;

სტადიონზე აკრძალულია ნებისმიერი სახის ვაჭრობა. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს მისცემენ სასმელი წყლით სავსე 0,33 ლ მოცულობის ორ ბოთლს;

აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე სიარული: გულშემატკივარი ვალდებული იქნება მაშინვე დაიკავოს კუთვნილი ადგილი და მატჩის დასრულებამდე არ დატოვოს;

მატჩის მსვლელობისას აკრძალულია პირბადის მოხსნა. ასევე რაიმე სახის კონტაქტი სხვა გულშემატკივრებთან, მათ შორის გადაკოცნა, ჩახუტება, ზურგზე ხელის ტყაპუნი და ა.შ. გოლის აღნიშვნაც მხოლოდ საკუთარ თავთან ერთად" არის დაშვებული;

თუ მატჩიდან ორი კვირის განმავლობაში სტადიონზე ნამყოფ რომელიმე გულშემატკივარს კორონავირუსი დაუდგინდა, კლუბი ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანიზაციაში წარადგენს მონაცემებს დაავადებულის სიახლოვეს მყოფი გულშემატკივრების შესახებ.