"ჩვენც მიმინოსავით ვართ - ფეხზე შებმულ ეჟვანს ვეგუებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენც მიმინოსავით ვართ - ფეხზე შებმულ ეჟვანს ვეგუებით"

"სლოვაკი ანდრეა ჩენდერლიკოვა არაჩვეულებრივი გოგონა იყო. სცენარით ქერათმიანი უნდა ყოფილიყო, მე კი იმდენად არ მომეწონა მისი საშინელი ქერა პარიკი, რომ იმწუთას მოვახსნევინე... ბადრი კაკაბაძეს ის მართლა შეუყვარდა. თვითონ აქვს ნათქვამი, ანდრეა ძალიან მომწონდა, მით უფრო, ცოლს უკვე გაშორებული ვიყავიო. მაგრამ ცხოვრებაში ისე როდია, როგორც კინოში, და ეს გოგონა მალე გათხოვდა. სხვათა შორის, მისი ქალიშვილი მსოფლიოს უძლიერესი ჩოგანია..."

გასაკვირია, როგორ ახერხებდნენ ქართველი კინორეჟისორები შედევრების შექმნას, როდესაც ხელს ძალიან ძლიერი სახელმწიფო უშლიდათ. თაობებისთვის საყვარელი ფილმების ("მზე შემოდგომის", "რაჭა, ჩემო სიყვარულო", "მიმინო" და სხვ.) რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი ახლახან 80 წლის გახდა და საუბარზეც არცთუ ისე ხალისით დაგვთანხმდა.

- ჩემთვისაც ბევრჯერ უკითხავთ, როგორ ახერხებდნენ რეჟისორები იმ დროს კარგი ფილმების გადაღებას, როდესაც მოსკოვი არაერთ სცენარს თაროზე ისროდაო. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერანაირი იდეოლოგია ვერ დათრგუნავს. ქართულმა კინოფენომენმა ბევრი ასეთი ადამიანი შეკრიბა. ცხოვრება მათ გვერდით გავატარე და ეს ჩემი სიმდიდრეა.

მიხეილ კვესელავათი დავიწყებ. იყო ასეთი ბუმბერაზი კაცი, უდიდესი მოაზროვნე და სხვათა შორის, ფაშიზმის მსოფლიო სასამართლოს, ნიურნბერგის პროცესის თარჯიმანი. აი, ამ კაცმა გაჭრა პირველად ქართული კინოფენომენის სათავე. ის 50-იან წლებში მივიდა კინოსტუდიის მმართველად და პირველი, რაც გააკეთა, კინოში ეპოქის ყველა მოაზროვნე მწერალს უხმო, დაარქვა მათ სამსახურს სიმბოლურად "სამხატვრო საბჭო", მისცა ხელფასები და კინოს მოვლა დაავალა - სცენარებით დაწყებული, კრიტიკით დამთავრებული. ის სამსახურში იღებდა ყველას, ვისშიც კი ნიჭიერების მარცვალს დაინახავდა და განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მეც სწორედ მან მიმიღო. მომიწონა სცენარი და მითხრა, გადაიღეო. მერე, ჩვენდა საუბედუროდ, კინოსტუდიას მალე მოაშორეს და მის ნაცვლად პარტიული ფუნქციონერი დაგვინიშნეს. ის ახალი ხელმძღვანელი ხელისუფლებას ვერაფერს უფუჭებდა, სამაგიეროდ, კინოს უფუჭებდა და მეც რამდენიმე წლით გამაჩერა, სცენარი არ მომწონსო, სამსახურში აღარც ერთი ახალგაზრდა აღარ მიიღო. მათი ძალიან ეშინოდა. მოკლედ, ამ კაცის გამო ბევრი რეჟისორი გადაბარგდა კინოსტუდიიდან ტელეფილმების სტუდიაში, რომელსაც რეზო ჩხეიძე ხელმძღვანელობდა. როდესაც მოსკოვი რომელიმე რეჟისორის სცენარს თაროზე შემოდებდა, რეზო მოსკოვში მიფრინავდა და არავინ იცის, როგორ ახერხებდა, რომ არათუ სცენარი ჩამოეღოთ თაროდან, გადაღების ფულიც მოეყოლებინათ. მოკლედ, როდესაც კინოსტუდიიდან პარტიული ფუნქციონერის წაყვანის ჯერი დადგა და რეზო ჩხეიძე მოვიდა, რეჟისორებმა ამოვისუნთქეთ.

მანამდე კი ვაკეთებდი საქმეს, რომელიც მეამაყება - დავდიოდი ძველ თბილისში და ვწერდი სტატიებს, რომ თბილისის ესთეტიკურ პოტენციალს უნდა მივხედოთ, ხალხი მისი ქუჩების სანახავად უნდა დადიოდეს-მეთქი. რასაც თბილისზე ვწერდი, ყველაზე მეტად რეზო თაბუკაშვილს აინტერესებდა. ჯერ ერთი, თავადაც დაჰყავდა ძველი თბილისის სანახავად თითო-ოროლა უცხოელი; მეორეც, ის ჩემი ნათესავი იყო. ერთხელ თავისი ნაწერი გადმომცა, იქნებ მოგეწონოსო. მეც მომეწონა და აი, ასე გადავიღე "მზე შემოდგომისა". ამ ფილმმა ქვეყანას ის სამსახურიც გაუწია, რომ მსახიობებთან ერთად თანამედროვეობას დიდი სახეები შეუნახა. მაგალითად, ლადო გუდიაშვილის ან ელენე ახვლედიანის. სხვათა შორის, ელენე ახვლედიანი რეზო თაბუკაშვილმა დაითანხმა მის ბინაში ფილმის გადაღებაზე, თორემ მე როგორ გავუბედავდი, შენს სახლში სუფრა გამაშლევინე და შენი ნახატები კინოს პერსონაჟის ნახატებად გამასაღებინე-მეთქი! მახსოვს, იმაზეც რამხელა ხვეწნა დაგვჭირდა, რომ ფილმში წამიერად გამოჩენილიყო, არაფრით არ უნდოდა, არ მჭირდებაო!

- ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო იყო. - პირადად ჩემთვის ის იმდენად ლამაზი იყო, მისი ფოტო ახლაც შინ მაქვს. სამაგიეროდ, სულ სხვანაირი იყო ლადო გუდიაშვილი, ყველა ასაკში სიცოცხლით სავსე. თუმცა თხოვნა მასაც ვერ შევბედე - 70 წლამდე ლადო გუდიაშვილისთვის როგორ მეთქვა, იცეკვე-მეთქი! ამ რიდის გამო, დათანხმებულსაც კი ვერ შევბედე, 10 წუთზე მეტით დაკავება. არადა, ახლა ვნანობ, გადამეღო და ისტორიისთვის დამეტოვებინა ეს კადრები! ვისაც ეს ფილმი უნახავს, ყველამ იცის, ლადო რა მშვენივრად ცეკვავდა. სხვათა შორის, ცეკვა მას სტუდიებში არ უსწავლია. პირიქით, ილეთები იქით ასწავლა გიორგი შავგულიძეს "ქეთო და კოტეს" გადაღებისას... ახლა ვფიქრობ, რამდენად უბრალოდ და საინტერესო ურთიერთობების დროში ვცხოვრობდი. "მზე შემოდგომისა" სავსეა ადამიანებით, რომლებიც ძველ თბილისურ ეზოში ცხოვრობდნენ. მახსოვს, გადამღები კამერა ძალიან ახლოს მივიტანე ლანგართან, რომლითაც ეზოს ბინადრებმა მტკვარში ახალდაჭერილი თევზი შემოგვიტანეს. მინდოდა მაყურებელს ენახა, რამდენად უშურველად გასცემს ადამიანი, რომელსაც ადამიანი უყვარს, თორემ ფილმის ბიუჯეტში არც ძვირფასი თევზის გაჭირვება იყო და არც ხიზილალის.

- სულ მინდოდა მეკითხა - გაშლილი სუფრა ბევრ ქართულ ფილმშია, ანუ ეს უხვი სუფრები ნამდვილია და არა ბუტაფორია? - ბუტაფორია რატომ იქნებოდა!

თქვენ წარმოიდგინეთ, მდიდრული სუფრები იმ ქართულ ფილმებშიც არის, რომელთაც მსოფლიო ომის თანადროულად იღებდნენ, მაშინ გადამღები ჯგუფი დამშეული იყო და კერძებს ნავთს ასხამდნენ, რომ ვინმეს ხელი არ წასცდენოდა...

"რაჭა, ჩემო სიყვარულო" სლოვაკეთშია გადაღებული. კულტურის მინისტრმა გადაღების დასრულების შემდეგ უზარმაზარი სუფრა გაგვიშალა. დავითვალე და 20 ოფიციანტი გვემსახურებოდა. პირველად რაღაც წვნიანი შემოგვიტანეს, რომელსაც 20-ლიტრიანი თეთრი ღვინო მოაყოლეს. სანამ ზოგიერთი ჩვენგანი წვნიანს გეახლებოდათ, ბოციდან ღვინო ჩამოგვისხეს, დარჩენილი კი იქვე ბოცითვე შემოდგეს მაგიდაზე. ზუსტად ასე "მოექცნენ" წითელი ღვინის ბოცასაც, რომელიც ხორცს შემოაყოლეს. ერთი სიტყვით, საღამოს 6 საათი ისე მოვიდა, ღვინო დაულეველი დარჩა, მაგრამ ვინ დატოვებდა - დოდო აბაშიძემ სავსე ბოცებს გადახედა და მინისტრს რაღაც წასჩურჩულა. მერე გავიგე, უთქვამს, თუ დაგვპატიჟე, კიდეც გვასიამოვნე, ამ 20 ოფიციანტიდან მხოლოდ 2 დაიტოვე, ბოცები სუფრაზე შემოდგი, ჩვენ მივხედავთო!

- ძალიან გაუბედავს, თუმცა ამბობენ, დოდო აბაშიძე უცხოეთის კინოფესტივალებზე ცნობილი იყო ქართული "თავგასულობით", კა-გე-ბეს აგიჟებდაო. - კი, ასე იყო. როდესაც ირანის ფესტივალზე ნანა მჭედლიძის ფილმი "პირველი მერცხალი" ოქროს პრიზით დაჯილდოვდა, დოდომ გამოაცხადა, ეს რა ოქროა, ირანელებმა იმდენი ოქრო წაიღეთ საქართველოდან, მილიონჯერ ამდენი უნდა მოგეცათო. ამას ისიც დაუმატა, ირანის დედოფალს ნაძლევზე აკოცა ხელზე.

მოკლედ, ეს ამბები კა-გე-ბემ ირანში გაანეიტრალა, მაგრამ ხსენებულ ფესტივალზე თურმე სლოვაკი მინისტრიც იმყოფებოდა და დოდომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ფილმის გადაღებისას მინისტრი და დოდო უკვე მეგობრები იყვნენ და ადვილად "მოილაპარაკეს". მერე კი, ცხადია, დოდო იყო თამადა. სუფრის დასასრულს მინისტრმა მითხრა, რა საოცარი დოდო აბაშიძე გყავთ, ეგ რომ არა, ახლა ცხრაჯერ გამოძინებული ვიქნებოდი და ეს საღამო არასოდეს დადგებოდაო!

ამ ფილმის გადაღებისას იპოლიტე ხვიჩიაც მთელი სიცოცხლე დამამახსოვრდა. ყველას გამოგვიცდია, რა სიხარულით ხვდებოდნენ ჩვენი ახლობლები უცხოეთიდან ჩამოტანილ სუვენირებს, ჩვენც ვცდილობდით მათ შეძენას. იპოლიტეს კი, რომელიც თავის მრავალრიცხოვან ოჯახზე გიჟდებოდა, გახედვაც არ უცდია მაღაზიებისკენ. თვე-ნახევრის განმავლობაში არც ერთში არ შეუდგამს ფეხი. მხოლოდ ასისტენტს სთხოვა, თუ კაცი ხარ, ერთ-ორი რაღაც გამატანე შინო და მაღაზიაში ის გაგზავნა. თავად იჯდა და ნარდს თამაშობდა...

ამ ფილმში ულამაზესი შეყვარებული წყვილია: ჩვენი ბადრი კაკაბაძე და დარინა - სლოვაკი ანდრეა ჩენდერლიკოვა. არაჩვეულებრივი გოგონა იყო. სცენარით ქერათმიანი უნდა ყოფილიყო, მე კი იმდენად არ მომეწონა მისი საშინელი ქერა პარიკი, რომ იმწუთას მოვახსნევინე, და გოგონა იმავე წამს ჩემს მეგობრად იქცა.

- მართალია, რომ ბადრი კაკაბაძეს ეს გოგონა შეუყვარდა. - რატომ არ უნდა შეჰყვარებოდა! თავად ბადრისაც აქვს ნათქვამი, ანდრეა ძალიან მომწონდა, მით უფრო, ცოლს უკვე გაშორებული ვიყავიო. მაგრამ ცხოვრებაში ისე როდია, როგორც კინოში, და ეს გოგონა მალე გათხოვდა. სხვათა შორის, მისი ქალიშვილი მსოფლიოს უძლიერესი ჩოგანია.

- ამ ფილმის შემდეგ თქვენ კიდევ რამდენიმე ფილმი გადაიღეთ. - დიახ. თუმცა ახლა 1965 წელს გადაღებულ პატარა ფილმს, "მიმინოს" გავიხსენებ. ხელოვანის ინტუიციით ჯერ კიდევ მაშინ აღვწერე, როგორია თავისუფლების დაკარგვა. ჩვენ თავისუფლებას მაშინ ვკარგავთ, როდესაც ისე გვათვინიერებენ, რომ სხვისი მოცემული ლუკმით ვკმაყოფილდებით. მიმინოც ასეა - სანამ ცაში ლაღად დაფრინავს, მოკვდება და დამპალ ხორცს არ შეჭამს, მსხვერპლი ცოცხალი უნდა გაძიძგნოს. მაგრამ როდესაც ათვინიერებენ და მონად აქცევენ, წინასწარ სამ დღეს სიბნელეში ამყოფებენ და აშიმშილებენ. შემდეგ სიბნელიდან გამოყვანილს, რომ არ დაბრმავდეს, თვალებთან სუსტ სინათლეს მიუტანენ და ამ ნახევრად სიბნელეში მშიერს ცხოველ-ფრინველის ლეშს აჭმევენ. მერე კი ეჟვანს შეაბამენ ფეხზე და უშვებენ. ჰგონია, ცაში დაფრინავს, მაგრამ თავისუფლებას ვეღარასოდეს დაიბრუნებს. განა იმიტომ, რომ არ უნდა, ზოგჯერ ამ სურვილით თავისუფალ მიმინოებსაც შეუერთდება ხოლმე, მაგრამ ისინი აღარ იღებენ, მოთვინიერებულ მიმინოს ფეხზე ტყვეობის ეჟვანი აქვს შებმული და აღარ იკარებენ. ჩვენც ასე ვართ, იმისთვის, რომ ვიღაცამ ლუკმა მოგვიგდოს, ფეხზე შებმულ ეჟვანს ვეგუებით, რაც არც ხელოვნებაში და არც ცხოვრებაში არ უნდა დავუშვათ....