"ჰგონიათ, უცხოეთში ხეზე კრეფენ ფულს... ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ემიგრანტები უშვებენ, ის არის, რომ..."
"ჰგონიათ, უცხოეთში ხეზე კრეფენ ფულს... ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ემიგრანტები უშვებენ, ის არის, რომ..."
"პირობა დავდე, ოღონდ ჩემი და გადარჩეს და მაგ სახლს დავანგრევ-მეთქი"

14-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ქეთევან თომეიშვილი ვანში, სოფელ მთისძირში დაბრუნდა და სასათბურე მეურნეობით დაინტერესდა. თავიდან ყველა ეჭვით უყურებდა მის წამოწყებას - იოლი არ აღმოჩნდა გზა, რომლის გავლამაც მოუწია, პრობლემა ახლაც ბევრია, მაგრამ წინააღმდეგობებს არ ეპუება.

- საქმის წარმოების ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. 30 წლის იყო ჩემი და, როცა ანევრიზმა დაემართა. 46 დღე კომაში იყო, მაგრამ ექიმების თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად
გადარჩა. მაშინ გათხოვილი ვიყავი და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. პროცენტიანი ვალი ავიღე ჩემი დის გადასარჩენად, ვალს კი გასტუმრება უნდოდა და ამიტომ ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. სხვათა შორის, ერთი უცნაური რამ მოხდა იმ პერიოდში - ჩემი და ცუდად რომ იყო, ნათესავმა მითხრა: სოფელში ეკლესია დაუნგრევიათ და თქვენი
სახლისთვის, რომელიც 1935 წელს იყო აშენებული, დიდი ბაბუის მამას იმ ეკლესიის ქვები გამოუყენებიაო. პირობა დავდე, ოღონდ ჩემი და გადარჩეს და მაგ სახლს დავანგრევ-მეთქი. მართლაც, 3-4 თვეში დავანგრიე, ის ქვები კი თავის ადგილას დავაბრუნე.

- 14 წელი იყავით საქართველოდან წასული. ყველაზე რთული რა აღმოჩნდა თქვენთვის?
- თავიდან თურქეთში წავედი, მაგრამ ენის არცოდნის გამო უცხოდ ვიგრძენი თავი და ცოტა შემეშინდა. მალევე დავბრუნდი უკან. მერე ბულგარეთში წავედი და 2 წელში სოფელში ჩემი საოცნებო სახლის მშენებლობაც დავიწყე. 6 წელი ვიყავი იქ, 2 წელი - აზერბაიჯანში და ბოლოს, ისევ თურქეთში. დღემდე მძაფრად მახსოვს, იცით, რა?.. ჩემმა დამ, რომელიც ახალი გამოჯანმრთელებული იყო, 6 ლარი მომიგროვა წასასვლელად - 50-50 თეთრობით. თურქეთისკენ მიმავალ ავტობუსში ვიჯექი და ტუალეტში შესასვლელი ფულიც კი არ მქონდა. ვერავის ვერაფერს ვეუბნებოდი. მძღოლმა მკითხა, რამე გიჭირსო? ვუთხარი და 10 ლირა მაჩუქა. ყველას და ყველაფერს გეფიცებით, მთელი სიცოცხლე არ დამავიწყდება, რომ სრულიად უცხო ადამიანმა გამომიწოდა დახმარების ხელი. ენა რომ არ იცი, ესეც დიდი სირთულეა.

პირველად ვისთანაც ვმუშაობდი, იმ ქალბატონმა მასწავლა თურქული, პედაგოგი ყოფილა ადრე. ჭამე და ჭამეო, უამრავჯერ მითხრა მოხუცის შვილმა და ვიფიქრე, რა გულიანი ადამიანი ყოფილა-მეთქი. მადლობა, ჩემ გამო როგორ წუხდებით-მეთქი, ვუთხარი და, - შენ გამო კი არ ვწუხვარ, რომ არ ჭამო, დედაჩემს როგორ ასწევ და დასწევო... ასეც მომხდარა... მახსოვს, ახალი ჩასული ვიყავი, ნაყინი მოიტანეს და მითხრეს, მიირთვიო. 2 კვირის შემდეგ რომ მოვიდა შვილი, მაცივრის კარი გამოაღო და ისევ იქ რომ დახვდა, გაუკვირდა, რატომ არ შეჭამე, არ გიყვარსო? კი, მიყვარს, მაგრამ ჩემს შვილს ხმელი პურიც არა აქვს, ვიდრე ხელფასს არ გავუგზავნი, ამიტომ ვერ შევჭამ-მეთქი. 50 დოლარი დამიმატა ხელფასზე. დედაჩემმა გამიზარდა შვილი: სამწლინახევრის დავტოვე ჩემი ბიჭი, ახლა 18 წლისაა და ერთადერთი, რაც მამშვიდებს და მახარებს, მისი კარგი ადამიანობაა. არ მიფიქრია, რომ ტყუილად მოვწყდი ჩემს ქვეყანას, ოჯახს. ბევრი ნანობს, ნეტავ რატომ წავედი, შვილებმა მაინც არ დამიფასესო... სკოლა რომ დაამთავრა, მითხრა, - შენ ჯერ არ ხარ ჩამოყალიბებული, სათბური გინდა თუ საწიწილე, ამიტომ გადაწყვიტე, რა გინდა, და მე შემდეგ წელს ჩავაბარებო. ვეტერინარობაზე ფიქრობს. პასუხისმგებლობა აქვს და იცის, რომ 14 წელი ტყუილად არ მიშრომია. თურქეთში ყოფნისას ერთი ვიდეო გამოვუგზავნე. იქ ჩანდა, რას ვაკეთებდი, როგორ ავადმყოფს ვუვლიდი. გარდატეხის ასაკშია და ცუდ წრეში არ აღმოჩნდესო, წუხდა დედაჩემი. ბილეთი ავუღე და თურქეთში ჩამოვიყვანე, "სკაიპიდან" ვერ გაიგებდა ჩემი შრომის სიმძიმეს. ერთ მოხუც ქალს ვუვლიდი მაშინ. აბა, დედიკო, მოდი, ამაწევინე, მოდი, თავი წამოვუწიოთ, მოდი, წამოვსვათ-მეთქი, - ყველაფერში ვიხმარებდი. ამან ძალიან იმოქმედა მასზე, მიხვდა, როგორ ვწვალობდი მის გამო. დღესაც, 10 ლარად მუშაობს ჩემთან, თავის სახარჯ ფულს თვითონ გამოიმუშავებს. ყველას შრომა უნდა დაფასდეს, გინდაც შვილის იყოს.

- ემიგრანტებს, გასაგები მიზეზების გამო, უჭირთ უკან დაბრუნება. თქვენ ეს შეძელით და საქართველოში დაბრუნებულმა საქმეც წამოიწყეთ.
- მე სხვის მაგალითზე მივხვდი, რომ უკან აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი. წავედი იმიტომ, რომ დავბრუნებულიყავი, თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ვალს გადავიხდიდი და სახლს ავაშენებდი. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ემიგრანტები უშვებენ, ის არის, რომ ევროებს გზავნიან, რომელსაც მათი ოჯახის წევრები უაზროდ ხარჯავენ და მერე, საქართველოში დაბრუნებულებს, ბევრს ოჯახშიც კი აღარ იღებენ. ყიდულობენ ერთ ბინას, არემონტებენ, მაგრამ მერე შვილებს ის რემონტი ჰბეზრდებათ; მერე ყიდულობენ მანქანას, მაგრამ მერე უფრო ძვირად ღირებული უნდებათ და ასე, წრეზე დადიან. ამასობაში ჩვენი ქალები ხდებიან მონები, იქ - დამსაქმებლების და აქ - ოჯახის. ეს ძალიან მაწუხებს. გაზარმაცებულები, ცოლებისა და დედების კმაყოფაზე რომ არიან, მოსაწონია? მე რატომ ვამუშავებ ჩემს ერთადერთ შვილს, 10 ლარს დღეში ისე ვერ ვაჩუქებ?! თუ შრომას არ მიაჩვიე, ივარგებს. ევროები არ ზრდის ბავშვს... მტრულად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო, - კარგი ნათქვამია. ჩემი შვილიც გავუშვი შარშან თურქეთში თხილის საკრეფად. გაუკვირდათ აქაურებს, სამაგისო რა გაგიჭირდაო, მაგრამ შრომას უნდა მიეჩვიოს. მე კი არა, თქვენც უნდა გაუშვათ, რომ მიხვდნენ, როგორია უცხო ქვეყანაში ყოფნა და მუშაობა-მეთქი, ვუპასუხე მათ. ერთ კვერცხს რომ დაგიდებენ და გეტყვიან, მთელი დღე იმყოფინეო, მაშინ მიხვდები, რას ნიშნავს უცხოობაში ყოფნა.

- რატომ გადაწყვიტეთ სათბურების გაკეთება?
- საქართველოში 4 წლის წინ დავბრუნდი. ვფიქრობდი, დანაზოგით რა გამეკეთებინა და სასათბურე საქმიანობით დავინტერესდი. არ მქონდა ამ საქმეში არანაირი ცოდნა, ამიტომ ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან თანასოფლელებისგან ვიგებდი ინფორმაციას მეურნეობაზე, ხან - ბაზარში პროდუქტების ფასებს და საბოლოოდ, კიტრის სათბურები გავაკეთე. თავდაპირველად ოჯახის წევრებიც და მეზობლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩემს წამოწყებას, მაგრამ ხელი არ ჩავიქნიე და სახელმწიფო გრანტი ავიღე 60%-იანი თანადაფინანსებით. დავწერე ბიზნესგეგმა და ერთ-ერთმა ბანკმა დამიფინანსა. ახლა უკვე 5 სათბური მაქვს - კიტრის, პომიდვრის, ქინძისა და ოხრახუშის. 4 ქალი დავასაქმე, გარდა ამისა, ჩემი ოჯახის წევრებიც ჩემთან მუშაობენ. მიუხედავად ამისა, მაინც ვერავის ვენდობი, ყოველ დილით 6 საათზე ვდგები, უნდა დავხედო სათბურს, საწიწილეს. ქათმების გარდა, მწყერი და ხოხობიც მყავს. ჩემი კლიენტები მენდობიან, არ კითხულობენ, რა პირობებში ვზრდი ქათამს. 3 000 კვმ გამოვყავი წიწილებისთვის. 5 სათბურიდან ერთი ვაჩუქე ჩემთან მომუშავე ქალებს, ერთს კი თანასოფლელებისთვის ვამუშავებ - ვისაც რა სჭირდება, უფასოდ მიაქვს.

- ალბათ პრობლემაც ბევრია?
- არავის უკითხავს, ამდენს რომ აკეთებ, ვალი რამდენი გაქვსო? სესხი გამოვიტანე, მეგონა, ყველაფრისთვის მეყოფოდა, მაგრამ ასე არ მოხდა: წიწილების ფერმა ავაშენე, სასაკლაო კი - ვერა. არადა, რეალიზება რომ გავუკეთო, სასაკლაო მჭირდება. ახლა იძულებული ვარ, ცოცხლად გავყიდო. მეფრინველეობას ნაკლები ხელშეწყობა აქვს. კარგი იქნება, 40%-ით მაინც რომ დამაფინანსონ. ბანკები სესხს კი მთავაზობენ, მაგრამ უკან დაბრუნება ხომ უნდა შეძლო?!

- ქეთი, ძლიერ ქალად თვლით თავს?
- თვითკრიტიკული უფრო ვარ. ბევრ საქმეს ვაკეთებ და სხვა რომ მაქებს, რა მაგარი ხარო, მე მაინც ვფიქრობ, უფრო კარგადაც შემეძლო-მეთქი გაკეთება. ამ ყველაფრის მიზეზი და მიზანი, იცით, რა არის? არ მინდა, ჩემი შვილი საქართველოდან გაიქცეს. იმდენი ტანჯვა ვნახე, იქ წასასვლელად არავინ მემეტება. ჰგონიათ, უცხოეთში ხეზე კრეფენ ფულს. მე ვარ საქართველოს ერთი რიგითი ჯარისკაცი და ვთვლი, იმ 4 ქალს რომ ვასაქმებ და ვაკავებ თავიანთ ქვეყანაში, ამას საქართველოსთვის ვაკეთებ...

ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი "გზა"

დავითი
06 ივლისი 2020 23:50
შრომასთან ერთად ლოცვაც ასწავლე შვილს და ყველაფერი კარგად იქნება!
ნანაკო
06 ივლისი 2020 23:37
ბრავო გაიხარეთ
06 ივლისი 2020 15:56
დიდი ბაბუის მამა 1935 წელს სახლს აშენებდაო... თუ.ჩემი დიდი ბაბუა 19 საუკუნის პირველ ნახევარში იყო დაბადებული მე კი 60 იანი წლების მეორე ნახევარში.. მადლობა მათ ყველა სანთელივით ხალხი იყო......ღმერთმა გაანათლოს მათი სულები....

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები