გალში 60 წლის ქალს ეძებენ - კვირის პალიტრა

გალში 60 წლის ქალს ეძებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგილონში 60 წლის ლუარა ლემინჯავას ეძებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკარგულის ახლობელმა მაია ქუხილავამ განუცხადა. მისი თქმით, ლემინჯავა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირის წინ გადავიდა და დღეს დილით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით გეგმავდა.

"თაგილონში ძმა და რძალი ეძებს. დილით ადრე წამოსულა, მდინარით უნდა გადმოსულიყო, რადგან აფხაზებმა არ გამოუშვეს. ამბობენ დაიხრჩოო, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით. ძმა გალის პოლიციაშიც მივიდა, მაგრამ არც ცოცხალი ჩანს და არც მკვდარი. ამბობენ, რომ მასთან ერთად სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მე ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს", - ამბობს მაია ქუხილავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"