რაჭველი ობამა სტრასბურგს მიემგზავრება - კვირის პალიტრა

რაჭველი ობამა სტრასბურგს მიემგზავრება

ანი ლობჟანიძე: "სტრასბურგში ჩასულს საქართველოს ელჩის მოადგილე დაგვხვდა, რომელიც ძალიან კარგად გაგვიმასპინძლდა. სასტუმროში მიგვიყვანა, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული მოსწავლეები ცხოვრობდნენ. პირველი ორი დღე ქალაქი დაგვათვალიერებინეს - სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, ევროსაბჭოშიც ვიყავით. მესამე დღეს გამარჯვებულთა დაჯილდოება სტრასბურგის ოპერაში გაიმართა, სადაც შევხვდით პრეზიდენტ მაკრონს. მერე დავესწარით პარლამენტის სხდომას, რომელსაც მაკრონიც დაესწრო. დიპლომები რომ გადმოგვცა, გამესაუბრა კიდეც. რომელი ქვეყნიდან ხარო, მკითხა. როცა ვშორდებოდი, დაინტერესდა, როგორ მოგეწონა სტრასბურგიო"

"მე ობამა ვარ. გაგეღიმათ? არ მიკვირს. ეს სახელი ჩემი მუქი კანის გამო შემარქვეს და ყველა სიყვარულით მეძახის. მე არ მწყინს. ან საწყენი რა არის? ბოლოს და ბოლოს, ამერიკის 44-ე პრეზიდენტის გვარია და ეს სასიამოვნოა. იმედია, არც ბატონ ექსპრეზიდენტს ეწყინება. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებული და გამორჩეული ვარ. სასიამოვნოსთან ერთად, ეს საინტერესოცაა, რადგანაც, ვრწმუნდები, რომ ჩემი სოფლის მრავალფეროვნებაში ჩემი წვლილი შემაქვს. აბა, წარმოიდგინეთ, ჩემი სოფლის სტადიონზე მატჩის დროს ასეთ შეძახილს რომ გაიგონებთ: "ობამა, პასი!" დარწმუნებული ვარ, აღტაცებაში მოხვალთ და მე მიგულშემატკივრებთ", - ასე იწყებს თავის ესეს სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლე ბერდია ალხიძე, რომელმაც ამ ნაშრომით ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში გაიმარჯვა. უცნაური, იშვიათი და საამაყო დამთხვევაა, რომ ამავე კონკურსში, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული მოსწავლე მონაწილეობს, შარშან ღების საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ლობჟანიძემაც გაიმარჯვა. "კვირის პალიტრა" სახელოვან მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს გაესაუბრა.

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამხელა წარმატებას მივაღწევდი და 400-დან საუკეთესოდ მაღიარებდნენ"

ბერდია ალხიძე: - ევროსაბჭოს კონკურსში მივიღე მონაწილეობა და დავწერე ესე, გულახდილად, გაპრანჭვის გარეშე. ვფიქრობ, რომ ადამიანები არ უნდა განასხვაო რელიგიური მრწამსის ან კანის ფერის მიხედვით და სწორედ ეს დავწერე. რეზო მასწავლებელი, როგორც სხვა დროს, ამჯერადაც ისმენდა ჩემს შეხედულებებს, რჩევებს მაძლევდა. ცუდი თემა არ დამიწერია, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამხელა წარმატებას მივაღწევდი და 400-დან საუკეთესოდ მაღიარებდნენ. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ.

ბერდია ალხიძე

- ობამა ვინ შეგარქვა?

- ერთი მოხუცი ბაბუა იყო ჩვენს სოფელში. მან დამიძახა პირველად და მას შემდეგ სოფელში ყველა ასე მცნობს.

- როგორც ვიცი, პედაგოგთან ერთად უნდა წახვიდე სტრასბურგში. რას ელოდები და რა გეგმები გაქვს? - დიდი ინტერესით ველოდები ამ დღეს. შემოდგომისთვის არის დაგეგმილი. იმდენი რამ მაინტერესებს, იმდენი ემოცია მაქვს განსაცდელი... პირველად მივდივარ საზღვარგარეთ. აქამდე თვითმფრინავში არ ვმჯდარვარ. მჯერა, ამ მოგზაურობით ჩემს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. გპირდებით, იქიდან ჩამოსული შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ.

- როგორ ფიქრობ, რას იფიქრებდა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, შენს მეტსახელზე რომ გაეგო?

- გაეღიმებოდა მაინც, რომ გაეგო, რაჭაში პატარა ობამა ცხოვრობსო.

"ბერდიას ვურჩიე, ესე შენი მეტსახელით დაიწყე-მეთქი. დაიწყო და კარგადაც გამოუვიდა..."

რევაზ ბარბაქაძე, ღების საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი: - უკვე 15 წელია, გეოგრაფიას ვასწავლი. თავდაპირველად თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში ვასწავლიდი, მერე ჩემს მშობლიურ სოფელ როდინაულში. ერთხანს სკოლის დირექტორიც ვიყავი. რამდენიმე წელია, ჩავერთე პროგრამაში "ასწავლე საქართველოსთვის". პირველ წელს ფასანაურში ვასწავლიდი, მერე ბაკურიანთან, სოფელ ციხისჯვარში და სამი წელია, ღებში ვარ. სასაზღვრო სოფელია, კავკასიონი დაჰყურებს... მთელი სოფელი დიდ ყურადღებას იჩენს ჩემ მიმართ, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ჩამოსული ვარ. ჩემი მუშაობითაც კმაყოფილი არიან, მე კი კმაყოფილი ვარ მათი სტუმართმოყვარეობით.

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში 800 მოსწავლე სწავლობდა ღების სკოლაში, ახლა 34 სწავლობს. ეკონომიკური პრობლემები, უგზოობა, დიდთოვლობა, მკაცრი ბუნებრივი პირობები - ამ ყველაფერმა სოფლის დაცლა გამოიწვია. ზამთარ-ზაფხულ აქ 134 ოჯახი ცხოვრობს, უმეტესობა - მოხუცები.

ზამთარში რთულია სასწავლო პროცესის წარმართვა. ცენტრალური გათბობა არ გვაქვს, შეშის ღუმელებით ვთბებით. ხან ქარი დაუბერავს და კვამლი გამოდის საკლასო ოთახში, მაგრამ ბავშვები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.

- დისტანციური სწავლის პერიოდში ხომ არ იჩინა პრობლემებმა თავი? - ონლაინსწავლება რთული აღმოჩნდა ღების სკოლისთვის. მოსწავლეებს არა აქვთ ტექნოლოგიური საშუალებები, ინტერნეტის ხარისხიც არ იყო სახარბიელო... პრობლემა იყო სოციალური სიდუხჭირეც - ბავშვებს არ ჰქონდათ საშუალება, ყოველდღიურად გეგაბაიტები ეყიდათ. ძირითადად, ტელეფონით ან მესენჯერით ვატარებდით გაკვეთილებს, მაგრამ ცუდად მაინც არ ჩაუვლია ამ პერიოდს.

- ახლა რაჭველ ობამაზეც მიამბეთ. - ბერდია 15 წლისაა. მოწესრიგებული, ზრდილობიანი, ინტერესიანია. მისი საკონკურსო თემა გახლდათ "მე ვირჩევ თანასწორობას". საუბარი იყო გენდერულ საკითხებზე. ბერდია შავტუხა ბიჭია და სოფელში დიდი სიყვარულით ობამას ეძახიან... როცა ბავშვებს ამ კონკურსსა და ესეზე ვუამბე, ბერდიამ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო. 400 ესე იყო წარდგენილი მთელი საქართველოდან. პრიზი სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში სტუმრობაა, პედაგოგთან ერთად.

ამ კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ჩვენი მოსწავლე ანი ლობჟანიძეა. ის უკვე იყო სტრასბურგში და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდა. შეხვდა მაკრონს და მიზიარებდა შთაბეჭდილებებს.

რაც შეეხება ბერდიას, როდესაც შედეგები გამოცხადდა, პანდემია დაწყებული იყო და ეს ამბავი სკოლის დირექტორმა მახარა. ბერდია სიხარულისგან სიტყვებს ვერ უყრიდა თავს... თავიდან სხვა სტილით იწყებდა ესეს და ვურჩიე, შენი მეტსახელით დაიწყე-მეთქი. გაუხარდა, დაიწყო და კარგადაც გამოუვიდა... წარმატებას ვუსურვებ ბერდიას და ყველა მოსწავლეს.

"რომ იგებდნენ, საქართველოდან ვიყავი, მეუბნებოდნენ - ეს ხომ ის ქვეყანაა, რომლის 20%-იც რუსეთს აქვს ოკუპირებულიო"

ანი ლობჟანიძე, შარშანდელი გამარჯვებული: - კონკურსზე ბევრი თემა იყო წარდგენილი და ძალიან მოულოდნელი იყო, პირველი ადგილი მე რომ მერგო. თბილისში ჩამოვედი დაჯილდოებაზე და მაშინ გავიგე, რომ ოქტომბერში სტრასბურგში მივდიოდი. რადგან დედა საზღვარგარეთ არის, როგორც არასრულწლოვანს, დეიდაშვილი მახლდა. სტრასბურგში ჩასულს საქართველოს ელჩის მოადგილე დაგვხვდა, რომელიც ძალიან კარგად გაგვიმასპინძლდა. სასტუმროში მიგვიყვანა, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული მოსწავლეები ცხოვრობდნენ. პირველი ორი დღე ქალაქი დაგვათვალიერებინეს, ევროსაბჭოშიც ვიყავით. მესამე დღეს გამარჯვებულთა დაჯილდოება სტრასბურგის ოპერაში გაიმართა, სადაც შევხვდით პრეზიდენტ მაკრონს. მერე დავესწარით პარლამენტის სხდომას, რომელსაც მაკრონიც დაესწრო. დიპლომები რომ გადმოგვცა, გამესაუბრა კიდეც. რომელი ქვეყნიდან ხარო, მკითხა. როცა ვშორდებოდი, დაინტერესდა, როგორ მოგეწონა სტრასბურგიო. რაჭაში ბედნიერი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდი.

- სხვა გამარჯვებულებთან დაკავშირებით რას გაიხსენებ? - ძალიან თბილი ბავშვები იყვნენ. რომ იგებდნენ, საქართველოდან ვიყავი, მეუბნებოდნენ - ეს ხომ ის ქვეყანაა, რომლის 20%-იც რუსეთს აქვს ოკუპირებულიო და მეც ყველას სიამაყით ვუყვებოდი ჩვენს ქვეყანაზე.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? - ვაპირებ საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარებას. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ შევხვდები მაკრონს, ამჯერად - როგორც დიპლომატი.