"თუ დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაშინ არის ცუდად საქმე" - კვირის პალიტრა

"თუ დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაშინ არის ცუდად საქმე"

"მტკივა, აღშფოთებული ვარ, ვყვირი, მაგრამ ჩემს თავს ვასკდები. ეს უბედურებაა! საშინელებაა! დარწმუნებული ვარ, 19 წლის ბიჭს არაფერი უქნია ისეთი, რომ ასე გაემეტებინათ..."

მიკიბულ-მოკიბული და გადაპრანჭული საუბარი არ უყვარს. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს. ალბათ, ამიტომაც არის სასურველი რესპონდენტი. ზურა ყიფშიძესთან ჩვენი ინტერვიუ რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხება.

- უკვე მერამდენე თაობაა, თითქოს წრეზე დავდივართ. ქუჩურ მენტალიტეტს, საქმის გარჩევებს ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი...

- საშინელებაა. ადრე ამას საბჭოთა ჩაკეტილობას ვაბრალებდით და რაღაც გამართლებას ვუძებნიდით, რომანტიზმს, ქუჩის აკადემიას და ათას რამეს ვარქმევდით. საბჭოთა საზღვრები დიდი ხანია დაინგრა და თითქოს რაღაცა უნდა შეცვლილიყო... ბევრი რამ მართლაც შეიცვალა, მაგრამ ახლანდელი ამბები რას დავაბრალო და რა ვქნა, არ ვიცი. ადამიანებმა ღირებულებები გადააფასეს. ეტყობა, სულ სხვასთან ვეძებთ ცუდს, ამ დროს კი თურმე ის ჩვენში ბუდობს. სენტიმენტალურები აღარ ვართ, პრაგმატიზმმა შეგვჭამა. ამავე დროს, თითქოს რაღაცას ვიცავთ, მაგრამ არაფერსაც არ ვიცავთ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია. ხელაღებით ვერავის დავაბრალებ, ამის უფლებას თავს ვერ მივცემ, მაგრამ ცუდი რომ არის და თავი ვერ დავაღწიეთ, ხომ ცხადია... მტკივა, აღშფოთებული ვარ, ვყვირი, მაგრამ ჩემს თავს ვასკდები. ეს უბედურებაა! საშინელებაა! ჩხუბი ჩვენს დროსაც იყო, მაგრამ არა ისეთი, სასიკვდილოდ გაემეტებინათ ვინმე... დარწმუნებული ვარ, 19 წლის ბიჭს, ფეხბურთელს, არაფერი უქნია ისეთი, რომ ასე გაემეტებინათ...

- როგორ გადაიტანეთ პანდემიის პერიოდი? - რთულად. ასეთი უცნაური მდგომარეობა არასოდეს არავის ჰქონია. კი, იყო დიზენტერია 70-იან წლებში, მაგრამ არა - ამდენ ხანს და არა - ასეთი მასშტაბური. მაშინ ბიჭებს ანსამბლი გვქონდა და ყირიმში დავდიოდით. მე, ნუგზარ კვაშალი, თემო კანდელაკი საცეკვაო მოედნებზე ვუკრავდით... ჰოდა, ამ დიზენტერიის ეპიდემიის დროს შემატყობინეს, რომ დამამტკიცეს როლზე ფილმში "წუთისოფელი", ამიტომ მე და გოგა ქორქია წამოვედით თბილისში. მატარებლები თითქმის ცარიელი დადიოდა, ხალხიც - უცნაურად ჩაცმული... ძლივს ჩამოვაღწიეთ.

მაშინდელივით, ამ ეპიდემიის დასაწყისშიც არ ვიყავი საქართველოში. პეტერბურგიდან, გადაღებიდან ჩამოვედი 15 მარტს და 16 მარტს ყველაფერი დაიკეტა. საკვებზე და ძაღლის გასასეირნებლად კი გავდიოდი, მაგრამ ყველანაირ რეკომენდაციას ვიცავდი. რეგულაციები რომ შემსუბუქდა, ცოტა გამიკვირდა, ასე უცბად რომ ავუშვით აფრები...

უცნაური შეგრძნებები გადავიტანეთ... ძალიან ცუდია, შენს საქმეს რომ ვერ აკეთებ. ბევრი რამ გააჩერა ამ ვირუსმა. თეატრებს ეს განსაკუთრებით შეეტყო, კინოსაც, თუმცა ფილმებს ისედაც ერთეულები იღებდნენ, ისინიც - იშვიათად. რაც შეეხება სპექტაკლებს, ახლა მოიფიქრეს და 16-ში ვაკის პარკში კინომსახიობთა თეატრი ვითამაშებთ სპექტაკლს "7პ.პ."

მეგონა, პანდემიის გამო გამოკეტილი წავიკითხავდი - კითხვა მიყვარს, სახლში, მგონი, მხოლოდ მე ვკითხულობ, სხვა ყველა კომპიუტერს ჩასჩერებია... მოვიმარაგე წიგნები, გადავშალე, კითხვა დავიწყე და ასე მეათე გვერდზე ვიგრძენი, რომ ვკითხულობ ერთს და ვფიქრობ სულ სხვას, ამიტომ თავი დავანებე.

- ამ ფიქრს ჰქვია ნერვიულობა ხვალინდელ დღეზე... კარგზეც ვისაუბროთ... - სამი თვის წინ მეოთხე შვილიშვილი გამიჩნდა. ცოცხალი ბავშვია, ჭკვიანი თვალებით. რა ვიცი, ეგეთები მე ჯერ არ შემხვედრია. არაჩვეულებრივია, არავის აწუხებს, თითქოს რაღაცებს ხედავს, გრძნობს, ფიქრობს და მერე თავისებურად გამოხატავს. სხვათა შორის, მამამისში გაიღვიძა საოცარმა დედამ - გიორგი არაჩვეულებრივად უვლის. მისი უფროსი გოგონა, ნატალია, არაჩვეულებრივი ადამიანია. ბავშვსაც უვლის, ჩვენც... გიორგის შუათანა ალექსანდრეც სასწაული გვყავს. ეს ჩვენი ვუნდერკინდი 8 წლისაა. ისწავლა რუსული, ინგლისური... ძალიან გონიერი ბიჭია. თავიდან თითქოს ეჭვიანობდა პატარაზე, მაგრამ საბოლოოდ მასაც მოულბო გული და უნდა ნახოთ, როგორ ეფერება და შესციცინებს პატარა ძმას.

- რა დაარქვით პატარას? - კოსმო დაარქვეს მშობლებმა. მე და ჩემი ცოლი გაოცებული ვიყავით, სკოლაში კლასელები რას დაუძახებენო... მშობლები და ნატალი კოსმოს ეძახიან, ჩემი ცოლი - შვილის, კაცს, მე - პუწიმუწის. ფანტასტიკური შვილიშვილები მყავს. შვილებს რომ აჩენ, იმ დროს თვითონ ხარ ბავშვი, თითქოს რაღაცებს ვერ აღიქვამ იმ სიმძაფრით. შვილიშვილებს განსხვავებულად უყურებ, უფრო განიცდი და უფრო მეტს ფიქრობ მათზე.

ზურა ყიფშიძე შვილიშვილთან ერთად

- თქვენ თუ ხართ ჩართული კოსმოს მოვლა-გაზრდაში? - არა, სამწუხაროდ, მარტო ვეფერები. ძაღლი უვლის, თითქოს დარაჯად უდგას. ბავშვთან რომ მიდიხარ, მოდის, გიყურებს, გათვალიერებს - რა გინდა, რას აკეთებო...

- ახლა ერთად ვინ ცხოვრობთ?

- მე, ჩემი მეუღლე, გიორგი, მისი ცოლ-შვილი, ჩემი შვილიშვილი ნიკუშა. ლენუკაც ყოველდღე მოდის-მიდის. ნატალია 3-4 თვეა, სახლში, დედამისთან არ წასულა. გუშინ ჩაალაგა, ცოტა ხნით მივდივარო და წავიდა. სადაც ბავშვია, ნატალიაც იქ არის.

- თქვენი პერიოდის თბილისი როგორი იყო? - უბრალო, თან ბრალიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გემოვნებას, განათლებას. "კაჩაობა" და კუნთებზე ყურება მაშინაც იყო, მაგრამ ულმობელი და ასეთი სასტიკი არ ყოფილა. უფრო ზრდილობიანი იყო. არა, არც უზრდელობა გვაკლდა, მაგრამ რა შედარებაა...

- პოლიტიკურ მოვლენებს ადევნებთ თვალს? - რა თქმა უნდა, როგორც ყველა. გინდა თუ არა, პოლიტიკა მაინც გეხება. რაღაცები მოგწონს, უფრო მეტი რაღაცები - არა, იმიტომ, რომ როცა გავიძახით: "მე ამისგან გავაკეთებ!.." ან ვერ ვაკეთებთ, ან - არა; ხანდახან მასალაც არ გვაქვს გასაკეთებელი...

- ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ? - სხვადასხვა პარტიას შორის ურთიერთობა. საერთოდ, ოპოზიცია უნდა ეხმარებოდეს ხელისუფლებას სიფხიზლეში, აქ კი სულ დაპირისპირება, სულ რაღაც უზრდელობა და კოშმარია. ეს მაღიზიანებს. წასვლა უნდა იცოდე... მოსვლაც უნდა იცოდე... შენი დრო უნდა იცოდე... ტყუილი დაპირებები ძალიან მაღიზიანებს. მაგალითად, სამ წელიწადში ასეთი ცხოვრება იქნება, ოთხში - ისეთი... და არა მარტო ეგ.

- როგორ მივალთ არჩევნებამდე და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობით მივიდეთ? - ბრძნულად და მშვიდად უნდა მივიდეთ და რაღაცნაირად გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ პირობა შევასრულოთ. მთავარი ეს არის. ვინ და როგორ იზამს ამას, ვნახოთ. ორი ძირითადი პარტია დაპირისპირებულია. ისე, თავისი საქმიანობის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" რომ არსებობს, მიკვირს. ნიურნბერგის პროცესზე რომ გამოეცხადებინათ ფაშისტებს, თუ არ მოგწონვართ, მაშინ ოპოზიციაში გადავდივართო, მართალი იქნებოდნენ? - არა.

- თქვენ არ მოხვიდოდით პოლიტიკაში? - ღმერთმა დამიფაროს! ხომ ხედავთ, აფუჭებს ხალხს ძალაუფლება. რა ემართებათ, კაცმა არ იცის. უმეტესობა თვალსა და ხელს შუა იცვლება.

- თქვენ სცენისა და კამერისთვის ხართ დაბადებული... ანუ დღეს თქვენს ადგილზე ხართ... - არ ვიცი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს ხალხმა უნდა თქვას. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და მიყვარს ეს საქმე. ახალგაზრდობაში მეგონა, ვსწავლობდი, მაგრამ ეს სწავლა არასოდეს მთავრდება. ოსტატი არა მოსტატი! ამდენი წლის კაცი ვარ და "მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი". რაც უფრო მეტი ურთიერთობა მაქვს ახალგაზრდებთან, მით უფრო ვგრძნობ, რომ მეტს ვსწავლობ. ეს დაუმთავრებელი ციკლია და არც უნდა მთავრდებოდეს. თუ დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაშინ არის ცუდად საქმე.