"როცა ფაშინიანი "ფეისბუკ ლაივით" არის დაკავებული და დამნაშავეებს სხვაგან ეძებს, გახარია საქმეს აკეთებს" - რას წერს სომხური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"როცა ფაშინიანი "ფეისბუკ ლაივით" არის დაკავებული და დამნაშავეებს სხვაგან ეძებს, გახარია საქმეს აკეთებს" - რას წერს სომხური გამოცემა?

სომხური გაზეთი "შვიდი დღე" ( "7 օր") აქვეყნებს სტატიას სათაურით "და ისევ ჩვენი მეზობლის შესახებ", რომელშიც გაკრიტიკებულია სომხეთის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში და მეტი თვალსაჩინოებისათვის, ერთმანეთთანაა შედარებული საქართველოსა და სომხეთის სტატისტიკური მონაცემები (ავტორი - სამველ ხაჩაგოხიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"სომხეთის მოქალაქეები კორონავირუსიის ეპიდემიის შედეგებს იმკიან. იმ შედეგებისა, რომელშიც დამნაშავე პირადად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინინია. სწორედ მისი ბრალია, რომ პირველ ეტპაზე პანდემიის მიმართ უყურადღებობა იქნა გამოჩენილი და იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობა უბედურებისაგან დროულად ყოფილიყო დაცული, პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩაატარა, ანუ მასობრივი ღონისძიება, რითაც სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა.

მთავრობა ყველაფერს ხალხს აბრალებს - მოქალაქეები წესებს არ იცავენო, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის - დამნაშავე თვითონ მთავრობაა და ამას საერთაშორისო სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, ჩვენი მეზობლების - საქართველოსა და აზერბაიჯანის მაჩვენებლები.

მოდით ვილაპარაკოთ ციფრების ენაზე: 6 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში გამოვლენილია 28 936 დასნებოვნებული. საქართველოში კი - მხოლოდ 935, ანუ ჩვენთან 30-ჯერ მეტი ვირუსიანი მოქალაქეა და ეს იმ დროს, როცა ჩვენი მოსახლეობა საქართველოსთან შედარებით მცირეა და საქართველოში უფრო მეტი უცხოელი ჩადის, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით. დღეს ჩვენ 330 ახალი ავადმყოფი დაგვემატა, საქართველოს კი მხოლოდ... 2. სომხეთს ერთ მილიონ მცხოვრებზე დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე-9 ადგილი აქვს დაკავებული, საქართველოს კი... 149-ე. როგორც ვხედავთ, ჩვენს მეზობლებს ბევრად უკეთესი სიტუაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ.

რა შეეხება სიკვდილიანობას:

აქაც სტატისტიკა საშინელია. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაიცვალა 451 ადამიანი (რეალურად - 650). საქართველოში კი კორონავირუსის მსხვერპლი მხოლოდ 15 ადამიანი გახდა, ანუ დაახლოებით 33-ჯერ ნაკლები, ვიდრე ჩვენთან.

ერთ მილიონ მცხოვრებზე გადაანგარიშებით, საქართველოში მხოლოდ 4 ადამიანია გარდაცვლილი, სომხეთში კი ყოველ მილიონ მცხოვრებზე 166 გარდაცვლილი მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მაჩვენებლშიც სომხეთი საქართველოს 41,5-ჯერ ჩამორჩება.

ერთ მილიონ მცხოვრებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლებით ჩვენ მსოფლიოში 25-ე ადგილზე ვართ, საქართველო კი - 145-ზე და ეს დროს, როცა სომხეთი, მოსახლეობის რაოდენობით, საქართველოს ბევრად ჩამორჩება.

მოკლედ, ეს ის ხმაურიანი ციფრებია, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის რევოლუციური მთავრობის უცოდინარობას და უუნარობას ადასტურებს.

სხვათა შორის, სომხებით დასახლებულ საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - ახალქალაქში, ნინოწმინდასა და წალკაში კორონავირუსის სტატისტიკა პრაქტიკულად ნულოვანია. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ნიკოლ ფაშინიანის "მღვრიე" მცდელობა თავი გაიმართლოს - ქართველებს სხვა მენტალიტეტი აქვთო, სრულიად უსაფუძვლოა.

არის მხოლოდ ერთადერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომლის მიხედვით ჩვენ საქართველოს ბევრად ვუსწრებთ და უკან გვყავს მოტოვებული: ეს არის ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ჩანაწერები "ფეისბუქში" და მათი მოწონებების რაოდენობა. ნიკოლი ნამდვილად ბევრად უფრო აქტიურია ამ საკითხში და თავის ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას სჯობნის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არასოდეს არ ჩართულა "ფეისბუქის" ონლაინ-რეჟიმში, ჩვენი პრემიერი კი იმდენჯერ გამოდის, რომ ვერ დაითვლი. ანუ როცა ნიკოლ ფაშინიანი ყბედობით არის დაკავებული და დამნაშავეებს სხვაგან ეძებს, [გიორგი გახარია საქმეს აკეთებს]. აი, სად უნდა ვეძებოთ სომხეთის სამარცხვინო მდგომარეობის მიზეზები", - წერს სტატიის ავტორი. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ფაშინიანმა პოსტი იმას უნდა დაუთმოს, ვინც საქართველოს მსგავსად კორონავირუსს შეებრძოლება" - რას წერს სომხური გამოცემა?

მოამზადა სიმონ კილაძემ