დაუდასტურდათ თუ არა კორონავირუსი აბიტურიენტებს, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდიდან მოხსნეს - კვირის პალიტრა

დაუდასტურდათ თუ არა კორონავირუსი აბიტურიენტებს, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდიდან მოხსნეს

ორ აბიტურიენტს, რომელიც გუშინ მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო სივრცეში არ შეუშვეს, PCR კვლევით კი კორონავირუსი არ დადასტურდა. ისინი შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიმდინარე წელსვე დაუშვან.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აბიტურიენტების გამოცდაზე დაშვების საკითხზე სამინისტროში მსჯელობენ.

"დღეს საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გამოცხადდა აბიტურიენტების 95%. გამოცდიდან არ მოხსნილა არავინ, არც დაგვიანების, არც ტელეფონის აღმოჩენის და არც მაღალი ტემპერატურის გამო. იყო რამდენიმე აბიტურიენტი, რომელთაც დაუფიქსირდათ ტემპერატურა, მაგრამ ისინი განთავსდნენ სარეზერვო სექტორებში და არ მოგვიწია მათი არდაშვების გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება ორ აბიტურიენტს, რომლებიც არ დაიშვნენ გამოცდაზე, ჩაუტარდათ Pშღ ტესტირება, საბედნიეროდ მათ არ აღმოაჩნდათ "კოვიდ" ინფექცია, ჩვენ სამინისტროსთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ და ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში. ვფიქრობ, რომ ისინი გამოცდებს არ გამოეთიშებიან," - განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დღეს საგამოცდო პროცესს, ქუთაისსა და თბილისში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი 22 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან 20 შემოუერთდა.

ცნობისთვის, 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"