გაივლიან თუ არა 14-დღიან სავალდებულო კარანტინს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდებიან - კვირის პალიტრა

გაივლიან თუ არა 14-დღიან სავალდებულო კარანტინს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას გაივლიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქლაქეებმა ასევე გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მიდგომები ექვემდებარება გადახედვას, არის ცვალებადი და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს აუცილებლად გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები.

"ამასთან, ევროკავშირის იმ 5 მიმართულებით, რომელთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს საავიაციო მიმოსვლის, რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან. მინდა გითხრათ, რომ "ლუფთანზასთან" შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომ აგვისტოდან განხორციელდება კვირაში 2 რეისი. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, როგორც "ეარფრენსთან", ასევე, "ეარბალტიკთან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით სპეციალურ რეისებს განახორციელებს ორი ავიაკომპანია, Wizzair-ი და Mywayairlines-ი. მისი თქმით, განრიგი კი ასეთია: 13 ივლისს განხორციელდება რეისი ვარშავაში; 15 ივლისს ბარსელონა; 17 ივლისს რომი; 22 ივლისს პარიზი; 28 ივლისს ათენი.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების ფასი, როგორც აქამდე, საქართველოს მოქლაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ამასთან, პრემიერის პრესსპიკერის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში განხორციელდება ერთჯერადად სპეციალური რეისი ყატარის დედაქლაქ დოჰადან, საიდანაც საქართველოს 105 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ნარჩუნდება იგივე რეჟიმი, რა რეჟიმიც დღეს მოქმედებს.

"საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციების შესაბამისად 2 კვირაში ერთხელ მოხდება, როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ასევე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, ამ ორ მთავარ პრიორიტეტს ეყრდნობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.