"სიმსივნით მძიმედ დაავადებულ ცოლს ბაბუა თვითონ უვლიდა, საღამოობით კი თავთან ეჯდა და ეფერებოდა..."
"სიმსივნით მძიმედ დაავადებულ ცოლს ბაბუა თვითონ უვლიდა, საღამოობით კი თავთან ეჯდა და ეფერებოდა..."
ფოტო:ვახტანგ ბოჭორიშვილი მეუღლესთან ერთად
ვახტანგ ბოჭორიშვილის სიყვარულით სავსე ცხოვრება

ვახტანგ ბოჭორიშვილი - არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ეს სახელი და გვარი ერთხელ მაინც არ გაუგონია. მისი ცხოვრების კრედო გახლდათ - ადამიანი! ყველაზე დიდ ფასეულობად და ღირებულებად ადამიანის სიცოცხლეს მიიჩნევდა... ვახტანგ ბოჭორიშვილმა თავის დროზე, ფაქტობრივად, მედიცინის ახალი დარგი, სეფსოლოგია დააარსა. არც ამ დაავადების სამკურნალო გზებისა და მეთოდების ძიება ყოფილა შემთხვევითი. ამ საინტერესო ადამიანის ნაყოფიერად განვლილ გზას მისი შვილიშვილი, ვახო იაშვილი იხსენებს:

- ჩემი ბებია, ლიდია
ბოჭორიშვილი (ქალიშვილობის გვარი - ვორობიოვა) მძიმე სენით დაავადდა. ბაბუის ძალისხმევამ და კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარმა ბებიას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ამის შემდეგ, ბაბუამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი სეფსისის დასამარცხებელი საშუალებების მიგნებას დაუთმო და შედეგსაც მიაღწია. კერძოდ, თუ მთელ მსოფლიოში, სეფსისით დაავადებულთა დაახლოებით 67 პროცენტი იღუპებოდა, ბოჭორიშვილის
შემუშავებული მკურნალობის მეთოდით ეს მაჩვენებელი 2-5 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც იმ პერიოდისთვის სამეცნიერო გარღვევას წარმოადგენდა.
ბაბუა რუსეთიდან საქართველოში 1968 წელს ჩამოვიდა, სადაც იმ პერიოდის საუკეთესო ექიმებთან დიდი პრაქტიკა გაიარა. საქართველოში კონკურსში გაიმარჯვა და ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგე გახდა... ის საუკეთესო ინფექციონისტი იყო, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მასთან ჩამოდიოდნენ ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტებიც, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებს უზიარებდა... ვახტანგ ბოჭორიშვილმა ათიათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. დღესაც ბევრი მადლიერია მისი.
იყო შემთხვევა, როდესაც ცნობილი ინფექციონისტი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) უხსნიდა, ამერიკელები ცოტა განსხვავებული მეთოდებით მკურნალობენ, ჩვენც ისე ხომ არ ვცადოთო და ბაბუას უთქვამს, შენ ვისი მეთოდით მკურნალობასაც მთავაზობ, მათ მე ლექციებს მათსავე ქვეყანაში ვუკითხავო. ბაბუა ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო, კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის...

- მედიცინაში მოღვაწეობა გენეტიკურად მოსდევდა?

- ვახტანგ ბოჭორიშვილი არ გახლდათ ექიმების შთამომავალი. დიდი ბაბუა, გაბრიელ ბოჭორიშვილი სასულიერო პირი და იმავდროულად საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო... დედა - ცეცილია ბოჭორიშვილი პედაგოგი გახლდათ, უგანათლებულესი პიროვნება! ბაბუამაც თავდაპირველად განათლება ხელოვნებათმცოდნეობის დარგში მიიღო და მუშაობა თეატრში გააგრძელა. სოხუმის თეატრის მეორე დამდგმელი რეჟისორი იყო... როდესაც "ხევისბერი გოჩა" დადგა, ცეკადან სპექტაკლში კორექტირების შეტანა სთხოვეს. ისე გამოდიოდა, რომ ხევისბერი გოჩასთვის ხელში წითელი დროშა უნდა დაეკავებინათ, სპექტაკლი კომუნისტურ იდეოლოგიასთან შესაბამისობაში რომ ყოფილიყო. ბაბუამ კატეგორიული უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ცეკას მდივანმა მას თხოვნით სამჯერ მიმართა... თეატრის დირექტორიც ურჩევდა ცეკას წარმომადგენლებისთვის არ ეწყენინებინა, მაგრამ ბაბუა ახალგაზრდობიდანვე პრინციპულობით გამოირჩეოდა და ვერაფრით დაითანხმეს. სპექტაკლი დადგა ისე, როგორც სურდა და პრემიერის მეორე დღესვე თეატრი დატოვა... მაშინ დაახლოებით 20 წლისა გახლდათ. მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩენილ ახალგაზრდას ალბათ უიმედობაც შეიპყრობდა... ამ დროს სრულიად შემთხვევით შეხვდა მეგობარს, რომელიც ხარკოვში სამედიცინო ინსტიტუტში სასწავლებლად მიემგზავრებოდა და ვახტანგს იგივე შესთავაზა, რადგან კარგად იცოდა მისი ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ. ასე სპონტანურად მიიღეს გადაწყვეტილება და რამდენიმე დღის შემდეგ, ხარკოვში მატარებლით ჩავიდნენ.

ბაბუამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. რუსული მართლწერა სათანადოდ არ იცოდა, მაგრამ ლიტერატურას იმდენად კარგად ფლობდა, რომ სამედიცინო ინსტიტუტის რექტორმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხვის შესახებ... ერთ წელიწადში კი რუსებს რუსულს ასწავლიდა! რექტორს უთქვამს, ქართველმა სტუდენტმა რუსული ლიტერატურა ჩვენზე უკეთ იცისო...

- იურისტი ბრძანდებით, არასოდეს გნდომებიათ ექიმი გამოსულიყავით?
- შვილიშვილებიდან მხოლოდ ჩემი და - მარიამ იაშვილი გაჰყვა ექიმის პროფესიას... მე სხვა მიმართულება ავირჩიე... დედაჩემი - თამარ ბოჭორიშვილი ბაბუაზე არანაკლებ კარგი სპეციალისტი იყო. მისი ცხოვრების, საქმისა და სულიერების გამგრძელებელი... დედაც აკადემიკოსი გახლდათ, ხუთი სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენელი. უძლიერესი ინფექციონისტი, სეფსისის ცენტრის ხელმძღვანელი... როდესაც ბაბუა პარლამენტში მუშაობდა, მითხრა, - შვილო, რა ბედნიერი ვარ, ადრე თუ ხალხი ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა, ახლა დედაშენთან დასაკავშირებლად მომმართავენო... დედას ტელეფონით შეეძლო პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა! იყო შემთხვევები, როდესაც უმძიმესი ავადმყოფები იყვნენ ქუთაისში, ბათუმში, დრო აღარ ითმენდა და იქაური ექიმები პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ... ამ დროს დედაჩემი თბილისიდან უნიშნავდა მკურნალობის კურსს.

- სამწუხაროდ, დედათქვენი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა...
- დიახ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა... დედას ავადმყოფობა ბაბუამ ვერ გადაიტანა და დარდს გადაჰყვა... ცალკე საუბრის თემაა ბაბუასა და ბებიას უკიდეგანოდ დიდი სიყვარული, ერთგულება... დაახლოებით 78 წლის ასაკში ბაბუა გვეუბნებოდა, ჩემი მეუღლე თავისი ნაოჭებით და ღირსეულად განვლილი ცხოვრებით, ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე მაშინ, როდესაც ახალგაზრდობითა და სიტურფით გასხივოსნებული იყოო. როდესაც ბებია სიმსივნით მძიმედ დაავადდა, ბაბუამ ქირურგს სთხოვა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გადარჩეს და თუნდაც მხოლოდ ისუნთქოსო... მართლაც, ბოლო თვეებში ბებიას გონება დაკარგული ჰქონდა და ბაბუამ არავის მისცა უფლება, მისთვის დამხმარე ქალს მოევლო! ცოლს თვითონ უვლიდა, საღამოობით კი თავთან ეჯდა და ეფერებოდა... ბებია გონებაზე ვერა და ვერ მოდიოდა... ბაბუამ და ბებიამ ჯერ ისედაც რომანტიკოსად აღმზარდეს და ამ ყველაფერს რომ ვხედავდი, მართლა დავიჯერე, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს, რომელიც არასოდეს მთავრდება...

- რა პროფესიის იყო ბებია?
- ლიდია ბოჭორიშვილი მედიკოსი იყო, მაგრამ საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, უფრო სახლის საქმეებით გახლდათ დაკავებული... მეუღლის გვარს ატარებდა, წარმოშობით უკრაინელი გახლდათ. ბაბუას მიღწევებში დიდი დამსახურება ბებიას მიუძღვის... ყოველთვის მხარში ედგა და აძლიერებდა, თავისი სიყვარულით, ზრუნვითა და ერთგულებით. ორი შვილი ჰყავდათ... დედა, როგორც მოგახსენეთ, მედიცინის სფეროს გაჰყვა. დეიდა ლალი ბოჭორიშვილი პროფესიით ეკონომისტია, თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტი. მას ჰყავს შვილი, კოტე თელია, ძალიან კეთილშობილი პიროვნება. ჩვენ დედმამიშვილებივით ვიზრდებოდით და უდიდესი სიყვარული გვაკავშირებს. ისიც რატომღაც, იურისტი გახდა.

- იმ პერიოდში, როდესაც ვახტანგ ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მინისტრი იყო, საქართველოში ქოლერის ეპიდემია გავრცელდა...
- დიახ, სწორედ მაშინ გავრცელდა ქოლერა. ბოჭორიშვილის თაოსნობით, საქართველომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველმა დაამარცხა ეპიდემია. ბაბუამ პირველმა გამოიყენა ე.წ. ფილიპსის ხსნარი და სხვა აუცილებელი ზომები მიიღო ეპიდემიის შესაჩერებლად... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უმეტესად ბაბუასთან ვცხოვრობდი და ვხედავდი, რომ მას დღე-ღამის მანძილზე მხოლოდ ოთხი საათი ეძინა. დანარჩენი დროის განმავლობაში მუდმივად მუშაობდა. 67 წლისამ ინგლისური ისწავლა, ამერიკაში წავიდა და ლექციებს ამერიკელებს ინგლისურ ენაზე უკითხავდა. გაგრძელება


მარიამი
09 ივლისი 2020 10:07
ვახტანგ ბოჭორიშვილის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი არ გვყოლია პირდაპირი გაგებით. ღმერტმა გაანათლოს მისი სული ფულის გამო ავადმყოფებს არ ხოცავდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები