მიხეილი მასზე ბევრად უფროსი გახლდათ, მაგრამ როცა ცოლობაზე წინადადება მიიღო, არც დაფიქრებულა... - დიდი მწერლის ერთადერთი სიყვარული - კვირის პალიტრა

მიხეილი მასზე ბევრად უფროსი გახლდათ, მაგრამ როცა ცოლობაზე წინადადება მიიღო, არც დაფიქრებულა... - დიდი მწერლის ერთადერთი სიყვარული

"სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადება", - ასე ამთავრებს "არსენა მარაბდელს" მიხეილ ჯავახიშვილი. მართლაც ასეა. ოდესღაც ყველაზე ჩამორჩენილი მხარის, ძველად ბორჩალოდ წოდებული (ახლანდელი მარნეულის რაიონი) ორი მივარდნილი და მივიწყებული სოფელი წერაქვი და სიონი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, რადგან იქ დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა და გაიზარდა.

მიხეილი 1880 წლის 8 ნოემბერს დაიბადა სოფელ წერაქვში. მოგვიანებით ოჯახი მეზობელ სოფელში, სიონში გადასულა საცხოვრებლად. მიხეილი თავის გვარზე წერდა: "ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს ქართლში კაცი შემოკვდომია. იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკიშვილი აუღია. შემდეგ ბორჩალოში რომ გადმოვედით, ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით, პაპაჩემი ადამა იყო და ამიტომაც გავხდით ადამაშვილები. მოგვიანებით მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩემი გვარი".

მიხეილი ჯერ წინამძღვრიანთკარში, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სწავლობდა. ყირიმში სწავლა ვერ დაასრულა ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა. მიხეილი მარტოდმარტო დარჩა, მაგრამ მტკიცე ნებისყოფის ადამიანი გამოდგა. დარდს თავი არ მისცა, არ მოეშვა და სწავლა-განათლებას დაეწაფა. ამიერიდან მას მარტოს უნდა გაეკაფა ცხოვრების რთული გზა. ადვილად და უწვალებლად არაფერი მოსვლია. მისი ყველაზე საყვარელი საქმე კი წერა იყო.

მალე მწერლობის გზას დაადგა და პირველი ნაწარმოების გამოქვეყნებისთანავე მოიხვეჭა სახელი. 1903 წელს მისი პირველი მოთხრობა "ჩანჩურა" გამოქვეყნდა. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში.

სამშობლოს მონატრებამ უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლება არ მისცა. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. ცოტა ხანში დააპატიმრეს, გადაასახლეს და 1913 წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა.

მიხეილმა და ლუბა ჯაჭვაძემ ერთმანეთი ვლადიკავკავში გაიცნეს და 1912 წლის 1-ელ აპრილს იქორწინეს. თავად ლუბა მიხეილთან შეხვედრას ასე იხსენებს: "1912 წლის 13-14 იანვარი იყო ძველი სტილით. ეს თარიღი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარია, რადგან აქედან დაიწყო გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. 1911 წლის ივნისს დავამთავრე ვლადიკავკავის ოლღას სახელობის გიმნაზია. მინდოდა სწავლის გაგრძელება მოსკოვში, მაგრამ არ მოხერხდა, ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა. მოსკოვში გამგზავრების იმედით ვლადიკავკავს კარგა ხნით შემოვრჩი. ალბათ, ესეც ბედი იყო... ახალი წელი ახლოვდებოდა. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ახალი წლის ღამეს გვემკითხავა, გაგვეგო, ვის რა გველოდა. მე ჭიქაში ჩავასხი წყალი და შიგ ბეჭედი ჩავდე. დიდხანს ვიყურებოდი და მერე თანდათან მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ შუშაბანდი, კარები, მერე კი კაცი პროფილში, შავი წვერი ჰქონდა და სადღაც შორს იყურებოდა. ეს იყო და ეს. ამაზე ბევრი ვიცინეთ და ამით გათავდა ჩემი მკითხაობა".

როცა ლუბა ჯაჭვაძემ მომავალი მეუღლე გაიცნო, მაშინვე თვალწინ დაუდგა ის სურათი, რაც ახალი წლის ღამეს, მკითხაობის დროს ბეჭედში დაინახა. ლუბას სიკვდილამდე უკვირდა ეს და ქალიშვილებთან, ქეთევანსა და რუსუდანთან, ხშირად იხსენებდა მკითხაობის ამბავს. პირველად მან მიხეილი სწორედ იმ შუშაბანდში დაინახა და იცნო ის წვერიანი კაცი, ბეჭედში რომ გამოისახა.

ლუბა ჯაჭვაძე ძალიან ლამაზი გოგო იყო. მიხეილი მასზე ბევრად უფროსი გახლდათ, მაგრამ როცა ცოლობაზე წინადადება მიიღო, არც დაფიქრებულა, თანხმობა უთხრა. ქორწინების შემდეგ როსტოვში წავიდნენ, სადაც მიხეილი გადასახლების ვადას იხდიდა. მიხეილი დიდი პატივისცემით, ფაქიზად და სიყვარულით ექცეოდა ლუბას. მწერალს არასოდეს დაუმალავს, რომ ლუბა მისი ერთადერთი სიყვარული იყო. ცოლის აზრს ანგარიშს უწევდა და აფასებდა. შვილებს ერთხელაც არ ახსოვდათ, მამას დედისთვის ხმა აეწია და რაიმე უხეშად ეთქვა.

მიხეილ ჯავახიშვილი ცოლ-შვილთან ერთად

თბილისში დაბრუნებულებმა ელბაქიძის დაღმართზე იქირავეს ოთოთახიანი ბინა. თავიდან ძალიან უჭირდათ, ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ მიხეილმა კეთილშობილება და გულისხმიერება გამოიჩინა და ლუბას დედა და ძმა კავკავიდან თავისთან გადმოიყვანა. სიდედრს დედასაც კი ეძახდა... ის ხომ ასე მონატრებული იყო დედის სითბოსა და სიყვარულს.

ლუბა ჯაჭვაძემ რთული და მძიმე ცხოვრების გზა გაიარა, მიუხედავად ამისა, 90 წლის ასაკამდე იცოცხლა და 1981 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ცხოვრება მას მართლაც ძალიან მკაცრად მოექცა. მიხეილის დაპატიმრებისა და დახვრეტის შემდეგ იგი მოგონებებით ცხოვრობდა. იმდენი ტკბილი და ლამაზი დღე ახსოვდა მეუღლესთან ერთად გატარებული, რომ ეს მოგონებები სულიერ საზრდოს აძლევდა და ბევრ სირთულეს ატანინებდა. იგი სულაც არ იყო ბუნებით ენერგიული და მარჯვე ადამიანი. ჩუმი და გულჩათხრობილი ქალი გახლდათ. ოჯახისათვის იმ მძიმე წლებში მან კერვას მიჰყო ხელი და ასე გამოკვება ოჯახი. დილიდან საღამომდე ორად მოხრილი იჯდა საკერავ მანქანასთან და კერავდა.

მიხეილის დაპატიმრების შემდეგ მის ცხოვრებას აზრი დაეკარგა. რასაც აკეთებდა, ძალდატანებით და ბავშვების წინაშე ვალის მოხდის მიზნით. სხვების ცოლების მსგავსად, ლუბა არ გადაუსახლებიათ, სამაგიეროდ ნებაყოფლობით ოთხკედელშუა ჩაიკეტა და გარეთ აღარ გადიოდა. თავისი ცხოვრება ციხეში გატარებულ დღეებს დაამსგავსა. ის წამებული ქალი იყო. ქმრის დაკარგვამ და ოჯახის დანგრევამ, ხალხის მტრის იარლიყის მიწებებამ მის სულს დიდი დაღი დაასვა. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაციამ შვება მოჰგვარა, შინაგანად განამტკიცა, მაგრამ ცხოვრების წესი არც ამის შემდეგ შეუცვლია, კვლავ კარჩაკეტილი იყო. დიდი მწერლის მეუღლე საზოგადოებას გაემიჯნა, მას ბევრმა ატკინა გული და არავის ნახვა აღარ უნდოდა. იგი ვერ მოესწრო მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების 100 წლის იუბილეს, რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა, სამაგიეროდ 80 წლის იუბილეს დაესწრო და გულით გაიხარა. მწერლის 100 წლის იუბილეზე ლუბა ჯაჭვაძეზე ითქვა: "ცხოვრობდა ამქვეყნად როგორც ხალხის მტრის ცოლი, ამ სოფლიდან კი წავიდა როგორც დიდი ერისკაცისა და მწერლის მეუღლე".

ცნობილია ერთი ეპიზოდი მიხეილის ცხოვრებიდან: ერთხელ ჯავახიშვილი თეატრში ყოფილა. წინ ისხდნენ ბერია და მისი ცოლი ნინა. ანტრაქტის დროს მიხეილთან მისულა ნინა და მოწიწებით მოუკითხავს, თან უსაყვედურია: ბატონო მიხეილ, ჩვენთან რატომ არ მოდიხართ, განზე რატომ დგახართ, ლავრენტი პავლოვიჩი შინ გვიან მოდის და დაღლილს ღამის 3-4 საათამდე მე ვუკითხავ თქვენს "არსენა მარაბდელს", ძალიან მოსწონს თქვენი რომანი. გთხოვთ, გვესტუმრეთ და გაგვახარეთო... მიხეილს ლუბასთვის ეს რომ უამბია, ცოლმა ურჩია, შენც ნუ ჯიუტობ, მიდი და ესტუმრე, ხომ ხედავ, როგორ უნდათ შენთან მეგობრობა და ურთიერთობაო. მიხეილს კი უთქვამს, რა ვქნა, არ შემიძლია, მათ გუნდრუკს ვერ ვუკმევო... და როცა ქვიშხეთში მათ აგარაკზე ღამის 3 საათზე მისულან მიხეილ ჯავახიშვილის დასაპატიმრებლად, თავზარდაცემულ ლუბას უნებურად წამოსცდენია, ხომ გეუბნებოდი, რომ ის ამას არ გაპატიებსო... ცხადი იყო, "ის" ბერია გახლდათ, რომელმაც ამ დიდი მწერლის ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშა, მოსიყვარულე წყვილი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს.

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)