"რუსეთშიც ბევრი ძეგლი ჩამოაგდეს და დაამხეს, მაგრამ..." - რას წერს The New York Times-ი სტალინზე და რატომ მოჰყავს მაგალითად საქართველო? - კვირის პალიტრა

"რუსეთშიც ბევრი ძეგლი ჩამოაგდეს და დაამხეს, მაგრამ..." - რას წერს The New York Times-ი სტალინზე და რატომ მოჰყავს მაგალითად საქართველო?

აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმს"-ში ("The New York Times"), ამერიკაში ძეგლების დამხობა-ჩამოგდების მიზნით მიმდინარე აჟიოტაჟის ფონზე, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "რუსეთშიც ბევრი ძეგლი ჩამოაგდეს და დაამხეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა" (ავტორი - ენდრიუ ჰიგინსი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე მიმოხილვას:

1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის სიმპტომები გამოვლინდა, რუსეთში ბევრი კომუნისტური ლიდერის ძეგლები მოხსნეს პოსტამენტიდან, მაგალითად, ყოფილი "ჩეკას" ხელმძღვანელის ფელიქს ძერჟინსკის ქანდაკება... მაგრამ მას შემდეგ 30-მა წელმა გაიარა და დღეს რუსეთს ყოფილი "კაგებეშნიკი" ვლადიმერ პუტინი მართავს, ხოლო "რკინის ფელიქსის" ძეგლი მოსკოვის პოლიციის შენობის წინ დგას, - აღნიშნავს ავტორი და აგრძელებს: ყოველწლიურად რუსი კომუნისტები პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ დიდი ჩეკისტის ძეგლი "ლუბიანკის" - უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის წინაც დადგან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვლადიმერ პუტინი თავს იკავებს - ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან აშკარა იქნებოდა იმის საჩვენებლად, რომ იგი საბჭოთა კავშირის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი".

"ბოლო დღეებში რუსეთის ტელეეთერი სავსეა ვიდეოსიუჟეტებით, თუ როგორ იღებენ აშშ-ში ისტორიული პიროვნებების ძეგლებს. რუსი ჟურნალისტები სინანულს გამოხატავენ ქრისტეფორე კოლუმბის და ამერიკელი გენერლების ქანდაკებების ჩამოგდების გამო და ამაში გარკვეული საღი აზრი არსებობს. სანამ ამერიკელები თავიანთი პოლიციის მკაცრი მოქმედებისა და რასიზმის გამოვლენის გამო განრისხებულნი არიან, ის გამოცდილება, რომელიც რუსეთმა ამ საკითხში დააგროვა, ერთგვარი გაკვეთილი უნდა იყოს: სამომავლოდ ამერიკელებს შეიძლება იმედი გაუცრუვდეთ, რადგან პრეზიდენტების თუ სხვა ისტორიული პოლიტიკური ლიდერების ძეგლების აღებით სიტუაცია არ შეიცვლება", - ნათვამია სტატიაში და ამის დამადასტურებლად საქართველოს მაგალითს იშველიებს: ფელიქს ძერჟინსკის ქანდაკების მოხსნა 1991 წელს

"იოსებ სტალინის ქანდაკებები, რომელიც 1953 წელს გარდაიცვალა, საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე სწრაფად გაქრნენ, თუმცა გამონაკლისი საქართველო გახდა, სადაც ბელადის მშობლიური ქალაქი გორი მდებარეობს. იოსებ სტალინის ძეგლის აღება იქ მხოლოდ 2010 წელს გახდა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ტირანი-გენერალისიმუსი, რომლის ცხედარი მავზოლეუმიდან 1961 წელს გამოიტანეს და კრემლის კედელთან ჩვეულებრივი წესით დაასაფლავეს, დღეს რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საზოგადოებრივი გამოკითხვის შედგებით, რუსების 70% დარწმუნებულია, რომ იოსებ სტალინმა ქვეყნის ისტორიაში დადებითი როლი შეასრულა", - წერს ავტორი და იქვე ნინა ხრუშჩოვას კომენტარის ციტირებას აკეთებს, რომლის პაპა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის კულტი ამხილა, მაგრამ რომელიც 1964 წელს კრემლში მომხდარი გადატრიალების შედეგად დაამხეს.

"პაპაჩემმა სტალინის კულტის კრიტიკით საბჭოთა კავშირის მოსახლეობას თვალი აუხილა, მაგრამ ქვეყნის ისტორიიდან პიროვნებების ამოშლის მცდელობა შეცდომა იყო. თუ თქვენ ვიღაცის სათაყვანებელ გმირს გაანადგურებთ, ის ვიღაცა თქვენს მიმართ სიძულვილს გამოამჟღავნებს", - ამბობს ნინა ხრუშჩოვა, - "აუცილებელია ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების შესახებ ობიექტური მონაცემები არსებობდეს და ის მოსახლეობისათვისაც ცნობილი იყოს".

"დაე, ქანდაკებები თავიანთ ადგილებზე დარჩნენ. ისინი ყოველი ისტორიული ეპოქის უტყვი მოწმენი არიან. მათ შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ, შეიძლება მათ როლზე ვიდაოთ, მაგრამ რატომ ვამტვრევთ ვანდალურად? ისინი ხომ იმ დროისა და ეპოქის შესაბამისად ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ...", - წერს სტატიის ავტორი პუბლიკაციაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ