"კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან" - ვინ და როგორ ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას? - კვირის პალიტრა

"კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან" - ვინ და როგორ ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას?

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, მოსკოვის "ცსკა"-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

"ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში", – აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.

შენგელიას ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: "ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის "ცსკაში" გადასვლასთან დაკავშირებით," - წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლას გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, რომლის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: "როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები თოკო!!!".

ორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში.

ვახო სანაია, ჟურნალისტი: "კაპიტანი ხარ. შენ არა ხარ მხოლოდ კალათბურთის ნაკრების წევრი. იმ პარკეტზე შენ მთლიანად საქართველოს კაპიტნობ, მის ღირსებას იცავ, მხედართმთავარიც ხარ და ყველაფერი. კაპიტანები მტრის ბანაკში არ გადადიან. არც ჯარისკაცი უნდა გადავიდეს, მაგრამ კაპიტანი წარმოუდგენელია. გული მწყდება. არ ვწერ მორალისტის პოზიციიდან. შენ ნაკრებში უნდა გიგულშემატკივროთ. როცა რუსეთს ეხება, იქ სპორტი მხოლოდ სპორტი არაა. საერთოდ, უნდა გავიგოთ, რომ სპორტი ცალკე არ არსებობს. ეს იგივეა, ოიერტეზე გადავიდე და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტები გავუშვა. რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლა წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა. არ ვიცი, როგორ მაგრამ იმედია, ცხოვრება ყველას მოგვცემს შეცდომების გამოსწორების შანს..."

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი: "სამწუხაროდ, დადასტურდა ინფორმაცია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბში გადასვლის შესახებ.

ასევე ჩვენდა სამწუხაროდ, ღარიბი ქვეყნის ხვედრია, რომ მისი მოქალაქეები მიდიან საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრების საძიებლად. გამონაკლისი არ არის რუსეთის ფედერაცია, სადაც ასობით სპორტსმენი თუ ათასობით ჩვენი მოქალაქე გადასულია სამუშაოდ და საცხოვრებლად. ტრაგიკულია, რომ ეს სწორედ ის ოკუპანტი ქვეყანაა, რომლის დამსახურებითაც საქართველო არის ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა. თუმცა ეს სხვა თემაა.

ნებისმიერ სპორტსმენს უფლება აქვს ითამაშოს იქ, სადაც უნდა. ისევე, როგორც ნებისმიერ გულშემატკივარს აქვს უფლება საკუთარი ბრაზი გამოხატოს ამასთან დაკავშირებით. თუმცა აქაც, ძლიერებს და წარმატებულებს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ.

ამ ჩემთვის ძალიან სამწუხარო ამბავში ერთი რამ უცხადესია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაური და რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბში თამაში ერთმანეთთან ცალსახად შეუთავსებელია.

ჩვენ კი დროა ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, საიდანაც ხალხი არ გარბის და პირიქით."

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"გავა დრო და თორნიკე შენგელია გაიხსნებს, როგორ წაიყვანა მამამ პირველად მოსკოვში...

არადა, მამამისიც მაგარი კალათბურთელი იყო და, ნეტა, რა ურჩია?"

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "ძალიან მოკლედ სათქმელი ამბავია ეს.

ცესკაში თამაში ნიშნავს რუსეთის შეირაღებული ძალების, რუსული არმიის ღირსებისთვის ბრძოლას.

არ არის საჭირო ისტერიკები და ლანძღვა გინება.

დედამიწაზე არსებული ასობით კლუბიდან მაინცდამაინც რუსეთის არმიის ოფიცერი რომ გახდები, ადრე ყველას ავტომატურად აძლევდნენ, ეს შეგნებული არჩევანია.

და დიახ ეს პოლიტიკაა როცა შენი ქვეყანა ოკუპირებულია"

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი: "ის, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადადის მოსკოვის ცეესკაში, გუნდში, რომელიც, შეიძლება ითქვას რუსული სამხედრო იმპერიალიზმის სპორტული სიმბოლოა, როდესაც სხვა სპორტსმენები მის დასაცავად ამბობენ, რა მიხდა ჩვენც გვითამაშია რუსეთშიო და მას ასევე მხარდაჭერას უცხადებს კალათბურთის ფედერაცია, ეს პირადად ჩემთვის ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ არც კაპიტანს და არც მის მხარდამჭერებს ელემენტარული წარმოდგენაც კი არა აქვთ რა არის რუსეთი მისი სახელმწიფოსთვის, რა როლი აქვს შესრულებული საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, რას ნიშნავს სიტყვა "ოკუპაცია", როგორ მოდებულია მთელ მსოფლიოს რომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება გამოღლიტოს უცხოეთში ვინმეს და საერთოდ თუ პოლიტიკური თვალსაზრისით რაიმეს შეიძლება ეწოდოს მტერი, პირდაპირ და უშუალოდ რომ განასახიერებს ამ ცნებას, არამედ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ამ მტერთან ასეთ უღირსებო მიცუცქება, ვითომდა სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნის ეგიდით არის პირდაპირ წახალისებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ.

ამაში დარწმუნებული ვარ იმდენად, რამდენადაც ქართველ სპორტსმენთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ფედერაციებზე რომ არაფერი ვთქვა, ესაა მთლიანად ხელისუფლებაზე ორიენტირებული კონტიგენტი. ორიენტირებული არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც ძალაუფლებრივი ნიშნით, ისინი თითქმის არასდროს მიდიან ხელისუფლების პოლიტიკური ნების წინააღმდეგ და მუდამ ცდილობენ აეწყონ იმ ტალღაზე, რაც მთავრობიდან მოდის. ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც, თუ რასაკვირველია მთავრობა პირადად არ დაუპირისპირდება რომელიმე მათგანს.

დარწმუნებული ვარ, თორნიკე შენგელიას არც კი მოუვიდოდა აზრად ესპანეთიდან რუსეთში და თან არმიის კლუბში გადასვლა, ასეთი ფაქტების მიმართ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების და ან პირადად ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება რომ იყოს მკაფიოდ ნეგატიური, მაგრამ როცა ეს დამოკიდებულება ნეგატიური კი არა პირიქით, პოზიტიურია და უთავმოყვარეო და უღირსებო პოლიტიკა მიჩნეულია სიბრძნედ და სიფრთხილედ, მაშინ სპორტსმენებისა რა გვიკვირს? შორს რომ არ წავიდეთ და აქვე ფბ-ზე გადავხედოთ სურათს, უკლებლივ ყველა, ვინც თორნიკე შენგელიას ნაბიჯს რაღაცნაირად მაინც ამართლებს არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და თუ არ არის, მაშინ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი მაინცაა, რაც პრინციპში ერთი და იგივეა.

P. შ. საინტერესოა, რომ გვარს არ დავასახელებ და საქართველოს პრეზიდენტმა ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელად დაგმო თორნიკე შენგელიას საქციელი, რისთვისაც საქებარი სიტყვები არ დამენანებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეჭვი მაქვს რომ მას უბრალოდ ეს როლი მოარგეს: ხან უგულავას და ოქრუაშვილს იწყალებს, ხან რუსეთში სპორტსმენების წასვლას აპროტესტებს, მოკლედ, რამე რომ იყოს და ვინმემ რუსეთის მიმართ მაამებლობაში დასდოს ხელისუფლებას ბრალი, აგერ ჰყავთ ვითომდა პროდასავლელი პრეზიდენტი. თუკი მე ვცდები, ეს ის შემთხვევა იქნება როცა საკუთარი შეცდომა გამიხარდებოდა, მაგრამ არა მგონია ვცდებოდე".