"ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ვუ­თხა­რი: არა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი" - კვირის პალიტრა

"ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ვუ­თხა­რი: არა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი"

მსახიობი ნათელა მაჭავარიანი ცოტა ხნის წინ 81 წლის გახდა. "იმედის დღეში" სტუმრობისას მან კარიერასა და ცხოვრების ტრაგედიაზე - შვილის, გეგა კობახიძის დახვრეტის შესახებ ისაუბრა. გადაცემის ბოლოს კი გაამხილა ერთადერთი სურვილი, რომელიც წლებია აქვს...

"5 წელი მატყუებდნენ, შენი შვილი ცოცხალიაო და ამ იმედით ვიყავი სულ... ხან ვინ მოგვიგზავნეს, ხან ვინ, იქ არის, აქ არისო. ერთხელ გავამზადეთ ტანსაცმელი, რადგან გვითხრა ერთმა, ლენინგრადში უნდა ჩამოიყვანონ, თბილი ტანსაცმელი გვინდა, მივდივარ და წავუღებო...

მერე, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა - ვიცი, ეგენი სად არიან დასაფლავებულნი. მე ძმა მყავს დახვრეტილი, მას ვეძებდი და მესაფლავემ მითხრა, რომ აქ ეს ბიჭები არიან დასაფლავებულიო. წავედით, მე ჩემი მეუღლე, გეგას მამა და კიდევ რამდენიმე, ნიჩბებით. ეს კაცი იქ დაგვხვდა და გვაჩვენა ადგილი - მე აქ ჯოხი ჩავარჭე და მოვინიშნე ეს ადგილიო. მამა თევდორეს (მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც სხვებთან ერთად დახვრიტეს) მამა და ძმაც იყვნენ ადგილზე. დაიწყეს თხრა. ამოიღეს და ვხედავთ სოსო წერეთელია. დანარჩენი იქ არც ერთი იყო... სოსო საავადმყოფოში გარდაიცვალა და როგორც ჩანს, იმ ადგილას ჩაასვენეს" - იხსენებს ნათელა მაჭავარიანი.

მან ასევე ისაუბრა იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ხელმოწერები შეიტანეს, რომ გეგა კობახიძე არ დაეხვრიტათ და მისთვის სასჯელი პატიმრობით შეეცვალათ, შემდეგ კი, ამ ადამიანების ნაწილმა, ხელმოწერები უკან გაიტანეს. წლების შემდეგ, ნათელა მაჭავარიანს ეს დოკუმენტაცია ხელში ჩაუვარდა:

"მე არქივში მაქვს ეს ყველაფერი ჩაბარებული, ყველას გვარი წერია, ვინც წაიღო ხელმოწერა და რომ გავა წლები, ნახოს მათმა შთამომავლობამ, რა ბაბუები და რა მამები ყავდათ... თუმცა, რა დააშავა მისმა შვილიშვილმა თუ ასეთი ბაბუა ყავს? რა დააშავა მისმა შვილმა, თუ ასეთი გარეწარი მამა ყავს? რა დააშავეს იმათ?

მაგრამ, ვახტანგ კიკაბიძეს ეს ვაგრძნობინე ერთი-ორჯერ... პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი. არაფერი უპასუხია... ვახუშტი კოტეტიშვილსაც... რომელიც ტრანსპორტში შემხვდა და ბილეთი ამიღო, ვუთხარი შენი ბილეთი არ მჭირდება, დიდი მადლობა-მეთქი.

...უბედური ვარ, რომ ეს ერთადერთი შვილი აღარ მყავს, მაგრამ დაჩაგრული არ ვარ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების გამო. ეტყობა ღმერთმა მომცა ეს სიძლიერე. ერთხელ გეგამ დამხატა. შევხედე ამ პორტრეტს და ვუთხარი - გეგა, ასეთი უშნო ვარ-მეთქი?! იცი რა დედა, შენ თითქოს ხომ ისეთი ხარო, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან უბედური და საწყალი ადამიანი ხარო. გაგრძელება