"ჭეშმარიტი სიყვარული და ერთგულება ამ პატარა გოგომ მასწავლა... ბედნიერებაა, ასეთი ცოლი რომ მყავს" - კვირის პალიტრა

"ჭეშმარიტი სიყვარული და ერთგულება ამ პატარა გოგომ მასწავლა... ბედნიერებაა, ასეთი ცოლი რომ მყავს"

ცნობილი ექიმების სიყვარულის ისტორია

ამ წყვილის სიყვარული 20-წლიანმა თანაცხოვრებამ კი არ გაახუნა, პირიქით, უფრო გააძლიერა და მათ შემყურეს გამიჩნდა განცდა, რომ სულ ახლახან შეიყვარეს ერთმანეთი. მითხრეს, რომ შეყვარებულებს ბევრი ბარიერის გადალახვა მოუხდათ და არც მათი ურთიერთობა იყო ადრე ისეთი კარგი, როგორიც ახლანდელია (არადა, დამეთანხმებით, როგორც წესი, პირიქით არის ხოლმე, შეყვარებულობის პერიოდში წყვილები გატაცებულები არიან ერთმანეთით, ქორწინება და თანაცხოვრება კი ბევრ რამეს აუფერულებს)...

გარდა სიყვარულისა, მათ საქმიანობაც აერთიანებთ. ნაზი ქალბატონი თავის ძლიერ პარტნიორს ნებისმიერ სიტუაციაში საიმედო საყრდენად მიიჩნევს და ძლიერი ბატონიც იმას ფიქრობს, რომ მის პატარა, ფიფქივით სუფთა, მაგრამ ტიტანივით მტკიცე ქალბატონს წამით არ უნდა მოაკლოს სითბო, მისი უპირობო მეგობარი და ნამდვილი მეორე ნახევარი იყოს...

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ მაკარიძე და მისი მეუღლე - ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა მაკარიძე, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავ პაციენტზე უწევთ ზრუნვა, სამსახურის შემდეგ შინისკენ მიიჩქარიან, რადგან იქ ის მყუდრო გარემო ელით, რომელიც მათ ყოველგვარ სტრესსა და დაღლილობას ავიწყებს - წლებია ეს ასე გრძელდება და არა მარტო ახლობლები საუბრობენ ამ ოჯახის იდეალურობაზე, არამედ პაციენტები და ნაცნობებიც... მათი სიყვარულის შესახებ სწორედ ერთ-ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა ისეთი აღფრთოვანებით მიამბო, მაშინვე გადავწყვიტე, ინტერვიუსთვის შეხვედრა მეთხოვა...

ყველაფერი კი თურმე, ასე დაიწყო:

თამარი:

- ვმუშაობდი ენდოკრინოლოგია-მეტაბიოლოგია-დიეტოლოგიის კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელი პროფესორი ვაჟა ივერიელი გახლდათ. აქ დავიწყე ექიმად მუშაობა და მიწევდა როგორც დღის სტაციონარში, ასევე ღამის მორიგეობა, ჩემი კაბინეტიც მქონდა, სადაც გარკვეულ ექსპერიმენტებსაც ვატარებდი... სხვათა შორის, ჩემი კაბინეტის მოწყობაში დიდი შრომა ჩავდე (მაშინ შენობა ავარიული იყო, მხედრიონის დრო გახლდათ, არეულობა) და მიხაროდა, რომ იქაურობა გავალამაზე. ერთ დღეს დამიძახა ჩემმა პედაგოგმა, ბატონმა ვაჟამ, რომლის საყვარელ მოსწავლედაც ვითვლებოდი და თანაც იმდენად, რომ თაფლოს მეძახდა. მითხრა: თხოვნა მაქვს. ვიცი, რამდენი შრომა ჩადე ამ კაბინეტის მოწყობაში, მაგრამ იმდენად ძვირფასი, მნიშვნელოვანი ადამიანი მოდის ჩვენს კლინიკაში, ეს ოთახი მას უნდა დაუთმო. ის პროფესორია, სამედიცინო სფეროში საკმაოდ პოპულარული ადამიანი და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩვენთან გადმოსვლაზე დამეთანხმებინაო. გავბრაზდი, მაგრამ უარს როგორ ვეტყოდი? მოვდივარ მისი კაბინეტიდან და ვბრაზობ. წარმოვიდგინე, რომ ეს პროფესორი იყო მსუქანი, სათვალით, დაბალი (იღიმის)...

ერთ დღეს კლინიკაში ასაკოვანი ქალბატონი შემოიყვანეს დიაბეტური კომით. დერეფანი სავსეა ხალხით. ექთანს ვაძლევ დავალებას, ის კი მეუბნება, - ქალბატონო თამარ, გაიხედეთ, ეს არის პროფესორი მაკარიძეო. რა დროს ესაა-მეთქი? - გავუბრაზდი, მაგრამ თვალი მაინც გამექცა და გავქვავდი: პირველი ეფექტი საოცარი იყო, ძალზე სიმპათიური მამაკაცი დავინახე, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მე მას ვიცნობდი, ოღონდ ვიცნობდი არა რეალობაში, არამედ სიზმარში მყავდა ნანახი... დამესიზმრა: სამების ეკლესიაში ვიწერდი ჯვარს და გვერდით ეს უცნობი მამაკაცი მედგა... მამუკას დანახვისას ის სიზმარი დამიდგა თვალწინ, საერთოდ დამავიწყდა პაციენტი, შოკში ჩავვარდი. შემეშინდა რეალობის და ემოციების გამო ავტირდი კიდეც. ამის მერე ვცდილობდი, მასთან არანაირი შეხება არ მქონოდა, რადგან რაღაცის მეშინოდა, ეს რაღაც კი ჩემი სიზმარი იყო. ხომ წარმოგიდგენიათ: უცებ გაიცნობ ადამიანს, რომელთანაც სიზმარში იქორწინე...

მამუკა:

- თავს კი მარიდებდა, მაგრამ ყველაფერი ისე უნებურად ხდება, როგორც უნდა მოხდეს.

თამარი:

- მერე მამუკამ პრეზენტაცია მოაწყო და მეც მიმიწვია. თითქოს თავისად მიმიღო, სიმპათია თავიდანვე გაჩნდა. მერე დაიბადა იდეა, გაგვეკეთებინა საერთო სამედიცინო შრომა და მამუკა იქნებოდა ჩემი ხელმძღვანელი. დავიწყეთ მუშაობა დისერტაციაზე, რომელიც ჩვენი ქორწინებით დამთავრდა (იღიმის)... იცით, ვიდრე დავქორწინდებოდით, ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ ძალიან მიმამსგავსა მამუკას მიერ წლების წინ დახატულ ავტოპორტრეტზე გამოსახულ მანდილოსანს. ამ სურათზე ის ზის მაგიდასთან. ქალი თავზე ადგას და რაღაცას ჩასჩურჩულებს. მართლა მგავდა თურმე და ესეც ხომ საოცრებაა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ?..

- ქალბატონო თამარ, თქვენ ერთი ნახვით შეგიყვარდათ ერთმანეთი? - გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ მე ნამდვილად ერთი ნახვით შემიყვარდა... ზოგადად, სიზმარი ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ხარ, მაგრამ მე ალბათ გულის სიღრმეში სიყვარულს ვეძებდი, ოცნების მამაკაცს და ამიტომაც დამესიზმრა ეს ადამიანი... გვიან დავქორწინდით, ცხოვრების გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ, მაგრამ მე ვთვლი, სწორედ აქედან იწყება ჩემთვის ნამდვილი ცხოვრება. აგერ უკვე 20 წელია ერთად ვართ და ჩვენი სუბორდინაცია, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა არ მოდუნებულა - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მეგობრული და მუდმივად ერთმანეთზე შეყვარებული რომანტიკული წყვილი ვართ. საზოგადოებაში ყოფნის დროსაც იმდენად გვეტყობა გრძნობები, რომ ყველას ეცინება, - ამ ასაკში თავიდან იწყებენ ყველაფერსო. ბევრს ისიც უთქვამს, - ნეტავ ჩვენც ასე ვიყოთო. მჯერა, ჩვენი გრძნობის წყალობით სიცოცხლის წლები გვემატება, ჩვენი ურთიერთობა კი უფრო მეტად მყარდება.

მამუკა:

- წლების წინ ცოტა არ იყოს, არეული ცხოვრება მქონდა იმ გაგებით, რომ დავფრინავდი... ყველა მიყვარდა, მეგონა ყველას ვუყვარდი, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული და ერთგულება ამ პატარა გოგომ მასწავლა. თავიდანვე მომეწონა ეს ლამაზი და ჭკვიანი გოგო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი რომ იყო, ამას იცით, როდის მივხვდი? - როცა მე ამირჩია (იცინის)... ერთ კაბინეტში ვისხედით. ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ ურთიერთობის დასაწყისშიც. მერე ძალიან ახლობლები გავხდით, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. თუ ცოტა ხანს შეგვაგვიანდებოდა, შფოთვას ვიწყებდით: რატომ არ მოვიდა? რატომ აგვიანებს?.. თამუნა ყოველთვის ცდილობს, არ მანერვიულოს, არ შემეკამათოს - საუკეთესო ცოლია. დასაფასებელია მეორე ნახევარი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ და გენდობა... წარმოიდგინეთ, სერიოზული კამათიც კი არ მოგვსვლია. წვრილმანებზე თუ ვიკამათებთ. მაგალითად, ვაძლევ ფულს რაღაცისთვის და არ მართმევს. ეს მაგიჟებს, ის კი აპროტესტებს, - თვითონ მოვაგვარებ ჩემს საჭიროებებსო (იღიმის).

- რას ნიშნავს მამაკაცისთვის, როცა მეუღლე ყველანაირ კომფორტს უქმნის? - ცხადია, ეს ბედნიერებაა და ვგრძნობ, ჭეშმარიტი სიყვარულია, სხვანაირად ვერ შეძლებ გამუდმებით სხვის კომფორტზე ფიქრს. ბედნიერებაა, ასეთი ცოლი რომ მყავს. ამას წინათ მთხოვეს, მეუღლე დაახასიათეო და უცხოური სიმღერის ტექსტი გამახსენდა, რომელიც მაშინვე ვთარგმნე და კითხვის ავტორს ვუპასუხე: თამუნა ბუმბულივით ნაზი და ფაქიზი, ფიფქივით სუფთა, ტიტანივით მტკიცეა-მეთქი. აი, გარეგნულადაც რომ ძალიან ლამაზია, ამას თავადაც ხედავთ (იღიმის).

თამარი:

- ნიჭიერები აღმოვჩნდით ამ საქმეში: არა მარტო მე, თვითონაც დიდ კომფორტს მიქმნის. დიდი ოჯახი გვაქვს: 5 შვილი, შვილიშვილები. ჩემი უფროსი ვაჟის შვილისთვის მამუკაა ფავორიტი, ჭკუა ეკეტება მასზე, სულ მამუკას გაიძახის და ვეხუმრები, ნუ მაეჭვიანებ-მეთქი... ვფიქრობ, გაგვიმართლა არა მარტო ერთმანეთში, არამედ შვილებშიც. ჩვენ ზურგს ვუმაგრებთ ერთურთს, ერთი გუნდი ვართ და ღმერთს ვთხოვ, ეს ფუფუნება არასდროს მოგვიშალოს. ყველა პრობლემის დაძლევა შესაძლებელი ხდება, როცა მოსიყვარულე, ერთგული ადამიანები გეგულება გვერდით. აქ შენი და ჩემი არ არსებობს, ყველაფერი საერთოა...

- საერთო საქმიანობა (ცხადია, ექიმობას ვგულისხმობ), საერთო ინტერესები რამდენად გეხმარებათ, რომ თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო შეხმატკბილებული იყოს? - დღეს თუ შემდგარი ექიმი ვარ, ეს მამუკას დამსახურებაა. მან მასწავლა ექიმობა. მართალია, როცა ის გავიცანი, ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა, ღამეებს ათენებდა, მიზნისთვის რომ მიეღწია და პაციენტებზე მაქსიმალურად ეზრუნა, მაგრამ რეალურად მისგან ვისწავლე პაციენტთან ურთიერთობა, ანამნეზის შეკრება, სამეცნიერო სტატიების დამუშავება. მას აქვს სხვაგვარი ხედვა. ძალიან ჭკვიანი მეცნიერი და პრაქტიკოსი ექიმია. თუ მონდომება გაქვს და მის გვერდით ხარ, შეუძლებელია, ყოველდღიურად რაღაც ღირებული არ ისწავლო.

- ბატონო მამუკა, თქვენ რა ისწავლეთ მეუღლისგან? - განვმეორდები და გეტყვით, რომ მან მასწავლა სიყვარული და ერთგულება. ყოფილა მომენტები, როცა ჩემ გამო რაღაცებზე უთქვამს უარი, მე რომ კარგად მეგრძნო თავი - ეს დასაფასებელია. თავგანწირვა, საოცარი ერთგულება ახასიათებს ამ პატარა გოგოს... სამწუხაროდ, წლების წინ დროს ვფლანგავდი და თამუნამ დაალაგა ყველაფერი, რითაც კმაყოფილი ვარ. გაგრძელება