"დაჯარიმების მუქარის მიუხედავად, დამსვენებლები ცდილობენ წაუხალტურონ, 35-37 გრადუს სიცხეში პირბადეს ვერ გავიკეთებთო" - კვირის პალიტრა

"დაჯარიმების მუქარის მიუხედავად, დამსვენებლები ცდილობენ წაუხალტურონ, 35-37 გრადუს სიცხეში პირბადეს ვერ გავიკეთებთო"

"პირბადე ზოგს თავზე უკეთია, ზოგს ყურზე, ზოგს მაჯაზე აქვს დახვეული და როგორც კი შემოწმების საფრთხეს იგრძნობს, მაშინვე გაიკეთებს... ათასი გზა და მეთოდი აქვთ ვითარებიდან გამოსაძრომად..."

პაპანაქება სიცხე ერთბაშად დაეტყო ანაკლია-განმუხურს. მსოფლიო პანდემიის გამო წელს ზღვის სეზონი გვიან დაიწყო და შიდა ტურიზმის ამარა დარჩენილი ახალბედა კურორტი ძალას იკრებს. საოჯახო სასტუმროების, დიდი თუ მცირე მარკეტების, კაფე-ბარებისა და საკვები ობიექტების მეპატრონეები ახალი რეგულაციების მიხედვით შეუდგნენ მუშაობას. როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვირუსის მიმართ აქაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ - ზოგი ძალიან ფრთხილობს, ზოგი კი მის არსებობას არ აღიარებს.

ანაკლია-განმუხურამდე რამდენიმე სოფელი უნდა გაიარო: ინგირი, კახათი, დარჩელი. ყველა სოფელში გზის პირას დიდი მარკეტებია, არც ისე "მეგობრული" ფასებით, განსაკუთრებით, ზღვის ატრიბუტებზე - გასაბერ რგოლებზე, ბურთებზე.

ყველა მაღაზიის შესასვლელ კარს აწერია, რომ პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია, თუმცა შევნიშნე, რომ მოსახლეობას "კოვიდ-19"-ის შიშმა გადაუარა და ახლა მომხმარებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, პირბადეს გაიკეთებს თუ არა; არც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას აქცევენ დიდ ყურადღებას, სადეზინფექციო ხსნარსაც სურვილის მიხედვით მოიხმარენ.

რამდენიმე ადგილას რომ გავაპროტესტე ეს, მითხრეს, ვირუსმა საქართველოს დეკემბერში გადაუარა და "საყოველთაო ისტერიკა" მსოფლიო აფერა იყოო. ამ მოსაზრების ავტორებს მხარდამჭერები ჰყავთ. ეს განწყობა იგრძნობა ზღვის სანაპიროზეც, სადაც დისტანციას არავინ იცავს.

ყოველი ახალი მომხმარებლისთვის შეზლონგების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ისეთივე ფანტასტიკის ჟანრია, როგორიც მაღაზიების პერსონალის პირბადეებით მუშაობა, მომხმარებლებთან დისტანციის დაცვა...

პოლიციის მუშაკმა მითხრა, არაერთგზის გაფრთხილების, მითითების, დაჯარიმების მუქარის მიუხედავად, როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე დამსვენებლები ცდილობენ წაუხალტურონ, 35-37 გრადუს სიცხეში პირბადეს ვერ გავიკეთებთო.

"ზოგს თავზე უკეთია, ზოგს ყურზე, ზოგს მაჯაზე აქვს დახვეული და როგორც კი შემოწმების საფრთხეს იგრძნობენ, მაშინვე გაიკეთებენ... ათასი გზა და მეთოდი აქვთ ვითარებიდან გამოსაძრომად... თავად ვერ აცნობიერებენ საფრთხეს, უფრო სწორად, ჰგონიათ, მოგონილი პრობლემაა, ოღონდ რას ემსახურება, თავად არ იციან. უმრავლესობას არ სჯერა, რომ ვირუსი რეალურად არსებობს", - მიყვება დამსვენებელი.

ერთ-ერთი ქსელური მარკეტის თანამშრომლის თქმით, რამდენიმე დღის წინ პეტერბურგიდან მისი ნათესავი ჩამოასვენეს.

"მთელ ოჯახს "კოვიდ-19" დაემართა. ამ კაცს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ვერ გადარჩა. ცოლ-შვილი არ გამოუშვეს, მამაკაცი კი ჩამოასვენეს, 72 საათის შემდეგ დაკრძალეს, ახლობლები არც მივსულვართ. თურმე ძალიან იწვალა, იხრჩობოდა, ვერ სუნთქავდა...

მე სულ ვფრთხილობ, მაგრამ თანამშრომლები დამცინიან და ვბრაზდები. ერთი და იგივე პირბადე რამდენიმე დღის განმავლობაში უკეთიათ. როდესაც რომელიმე მათგანი ისვენებს და ამ დროს მომხმარებელი შემოვა, უცებ სხვისას დასტაცებენ ხელს და იკეთებენ. სანაპიროზე ხანდახან პირბადეებსაც დაატარებენ გასაყიდად, ზოგი ჰიგიენური წესების დაცვით, ზოგიც არა. პოლიცია ყველას ყოველ ნაბიჯზე ვერ გამოეკიდება, თუ ადამიანმა თავად არ გააცნობიერა, რომ საფრთხე რეალურია და საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად უნდა იზრუნოს", - მეუბნება 35 წლის ნინო.

ვირუსის არსებობის არ სჯერათ ცივი სასმელების, ბატიბუტის, ბანქოსა და სხვა წვრილმანების დამტარებლებსაც, რომლებიც 35-გრადუსიან სიცხეში ერთი გახუნებული პირბადით დადიან...

- 30 წელია სიცხესა და სიცივეში სიარულმა არ მომკლა და ამ ვირუსმა რა უნდა მიქნას, შვილო... თუ მომკლავს და, ჩემს მადლსაც მოისხამს, დავისვენებ, - მეუბნება 76 წლის ნათელა ბებო, ზურგზე ჭრელჭრული რეზინის ბურთები და სხვადასხვანაირი ტკბილეული რომ აქვს მოკიდებული.

- სახლში რომ მიიტანოთ ვირუსი და ოჯახის წევრებს გადასდოთ, არ გეშინიათ?..

- კი მეშინია, ვაითუ შვილიშვილებს მივუტანო, ამიტომ პატარა ბოთლით არაყი მიდევს, სანამ ჭიშკარს შევაღებ, ხელებზე გადავივლებ...

ანაკლია-განმუხურის სანაპიროებზე დამსვენებლები ძველებურად ირუჯებიან, ცივ სასმელებს მიირთმევენ და სელფებს იღებენ. დისტანციის დაცვაზე კი არავინ ფიქრობს. შეზლონგების გამქირავებელს მივადექით - ღამის 11 საათამდე უნდა დააბრუნოთ, მერე უნდა ჩავკეტოო, გამაფრთხილა... დეზინფექცია მე უნდა გავუკეთო, თუ დამუშავებულია-მეთქი? შევატყვე გაბრაზდა - რამდენი ადამიანიც ქირაობს, იმდენჯერ თუ გავაკეთე დეზინფექცია, მე რა უნდა დამრჩეს, ყველა თავად წმენდსო... მორიდებით მივანიშნე, პირბადეც არ გიკეთიათ-მეთქი. ამ 40 გრადუსში რა ვირუსმა უნდა გაძლოსო, მიპასუხა.

ია, ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი: - შარშან სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დაიჯავშნა ყველა ტიპის სასტუმრო და მაშინაც ტურისტების სიმცირეზე ვწუწუნებდით, მაგრამ ასე თუ ისე შემოსავალი გვქონდა, ახლა კი, ფაქტობრივად, ჩავარდნილია სეზონი. მაინც მადლობელი ვართ, რომ მოკლევადიანი ვიზიტორები მოდიან. ზამთარში მხოლოდ ჟურნალისტები მოდიოდნენ, მოსეირნე ძროხებისა და ცხენების, აყრილი გზების, წაქცეული პალმებისა და გაპარტახების პირას მისული ინფრასტრუქტურის შესახებ რომ დაეწერათ. მთავარია, ეს პანდემია მშვიდობით ჩავიაროთ, თორემ ფინანსურ დანაკლისს როგორმე ამოვქაჩავთ.

ანაკლია-განმუხურიდან შებინდებისას წამოვედი. ზუგდიდის ტექნიკის მაღაზიაში დავაპირე შესვლა, მაგრამ გამახსენდა, რომ პირბადე არ მქონდა, ზღურბლთან შევყოვნდი და აფთიაქს დავუწყე ძებნა. უეცრად კონსულტანტი გამოვარდა, არ არის პრობლემა, შემობრძანდითო. ეს უკვე პრინციპის საკითხი იყო და არ შევედი. იქვე სკვერში ჩამოვჯექი, რომ ადგილობრივი მკვიდრი ნანა ჯიქია გამეცნო. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში თუ მაღაზიებში უკვე იშვიათად ხმარობენ ნიღბებს.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში აქამდე ყველა ცდილობდა პირბადით მჯდარიყო, ახლა მძღოლი ყოველ გაჩერებაზე ერთსა და იმავეს გაიძახის, პირბადე გაიკეთეთო. ზოგი იკეთებს, ბევრი არა. ასეთი დამოკიდებულებაა ყველგან და ყველაფერში", - მიხსნის ნანა.

ანაკლიაში აგვისტოში ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალიც გაიმართება. იმედია, ორგანიზებულად ჩაატარებენ და ვირუსის გავრცელების საფრთხე არ გაიზრდება.