"პროცესი მინელდა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება მეორე ტალღა დაიწყოს" - კვირის პალიტრა

"პროცესი მინელდა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება მეორე ტალღა დაიწყოს"

"შესაძლოა, შემოდგომაზე ვაქცინა ბაზარზე გაჩნდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ თუ ასე მოხდება, ეს ვაქცინა ჩვენც ვიყიდოთ, მაგრამ შიში, რომ ვიღაც ძალით გაგიკეთებთ ამ ვაქცინას, უსაფუძვლოა. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ენდომება..."

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანასავით ინფორმაციულ ვაკუუმში არ ვართ, ეპიდემიასთან დაკავშირებით მაინც უამრავი კითხვა ჩნდება. ამჯერად კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უპასუხებს.

- BBC-ის მიერ გავრცელებულ ახალ ვირუსზე - G4 -ზე გკითხავთ. არის საშიშროება, რომ ამ ვირუსმაც პანდემიის სახე მიიღოს?

- ჯერ ერთი, არ არის ახალი ეს ვირუსი და საფრთხეც ჯერჯერობით მოსალოდნელი არ გახლავთ. ამასთან, ორი პანდემიის თანხვედრა არარეალურია.

- საბოლოოდ დაინგრა მითი, რომ კორონავირუსი სეზონურია? - ჰო, ასეთი პირი უჩანს. ხომ ვხედავთ, რა ხდება მექსიკაში, სადაც ტროპიკებია და ძალიან ცხელა?! სიცხეს ის სიკეთე ახლავს, რომ ფანჯრები ყველგან ღიაა და ყველაფერი ნიავდება, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ბევრს არაფერს შველის.

- როდესაც "კოვიდ 19"-ის არსებობა შევიტყვეთ, ხშირად გვეუბნებოდნენ, ეს ვირუსი უცნობია და მასთან ბრძოლის გამოცდილება არ გვაქვსო. ახლა, როცა გამოცდილება ნაწილობრივ შევიძინეთ, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმატებს. რითი შეგვიძლია ეს ავხსნათ? - ამ ვირუსის მუხანათობა სწორედ ეს არის - ძალიან ადვილად გადადის, ფართოდ ვრცელდება და რაც უფრო მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტი შემთხვევა დამთავრდება ფატალურად. ამიტომ არის მთავარი, რომ ვირუსი არ გავრცელდეს.

- ვერ მოიძებნა კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც "კოვიდ 19"-ის ქცევა აიხსნება? - კანონზომიერება ის არის, რომ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დავიჯერებთ, რომ ეს არის საფრთხე და მოვიქცევით სათანადოდ, ვირუსთან თანაცხოვრება გამოგვივა. ანუ უნდა ვაკეთოთ უმარტივესი რაღაცები - დახურულ სივრცეში ნიღაბი გვეკეთოს, დავიცვათ დისტანცია ღია სივრცეში, მოვერიდოთ თავყრილობებს და არ დაგვავიწყდეს ხელების ჰიგიენა.

ჩვენს მეზობლებთან მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოსახლეობამ არ დაიჯერა ამ ვირუსის არსებობა. საბედნიეროდ, ჩვენთან ასე არ მოხდა. ჩვენი ეპიდემიოლოგები კლასტერ-კლასტერ დასდევენ კონტაქტებს, კონტაქტის კონტაქტებს და იმის კონტაქტებს... თვითიზოლაცია და კარანტინი გადავიტანეთ - ეს ყველაფერი იყო მიზეზი, რომ გავრცელების მასშტაბი შევამცირეთ.

ჩვენთან ყველა ღონისძიება დროულად გატარდა, თადარიგიც დროულად დავიჭირეთ. ფრენების აკრძალვა, კარანტინის შემოღება, კონტაქტების მოძიება, ტესტირება - ამ ყველაფერმა, მოსახლეობის პასუხისმგებლობასთან ერთად, მოიტანა შედეგი.

- "ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად" - ჩვენ ეს მოწოდება აღვიქვით, როგორც ხანმოკლე აუცილებლობა, თუმცა ამ მოლოდინს ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს. რამდენ ხანს მოგვიწევს ამ რეჟიმით ცხოვრება? - ჯერჯერობით არ ჩანს ეფექტიანი წამალი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე იმოქმედებს. ვაქცინას რაც შეეხება, გამოჩნდა რამდენიმე, რომლებიც კვლევის მესამე ფაზაშია და შესაძლოა, შემოდგომაზე ბაზარზეც გაჩნდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ თუ ასე მოხდება, ეს ვაქცინა ჩვენც ვიყიდოთ, მაგრამ შიში, რომ ვიღაც ძალით გაგიკეთებთ ამ ვაქცინას, უსაფუძვლოა. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ენდომება.

- ვაქცინა უფრო ადრე იქნება თუ წამალი? - მეგონა, წამალი უფრო ადრე იქნებოდა, რადგან იყო საიმედო მონაცემები, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, შეიძლება ვაქცინა უფრო ადრე იყოს. არის კიდევ ერთი საიმედო რამ - ანტისხეულები. რამდენიმე კვლევის შედეგად ვარაუდობენ, რომ ანტისხეულები "კოვიდ 19"-ის წინააღმდეგ ეფექტიანი იქნება.

- იქნება თუ არა მეორე ტალღა და როდის უნდა ველოდოთ? - მეორე ტალღა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობლადაც, უკვე დაიწყო. ჩვენთან რაც ახლა გვაქვს, ეს მეორე ტალღა არ არის. პროცესი მინელდა, მაგრამ თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, ყოველთვის შეიძლება მეორე ტალღა დაიწყოს.

- ამბობენ, ჩვენ შედარებით ადვილად იმიტომ გადავიტანეთ პანდემიის პერიოდი, რომ ვირუსი მუტირებული იყოო... - ვირუსის მუტაცია არაფერ შუაშია! კვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ ჩვენთან ცირკულირებს ირანული შტამიც, ფრანგულიც, იტალიურიც...

- ყველა ქვეყანამ დაადგინა საზღვრის გახსნის რეჟიმი. არის ქვეყნები, რომლებიც ტესტირებისა და კარანტინის გარეშე ხსნიან საზღვრებს. ჩვენთან რა მიგაჩნიათ სწორ გზად ახლა, როცა ტურიზმის გააქტიურების საკითხი დადგა დღის წესრიგში? - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიტუაციაა ამა თუ იმ ქვეყანაში.

- ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს სხვადასხვა პირობით მივიღებთ? - რა თქმა უნდა, ზოგს კი საერთოდ არ მივიღებთ...

- ითქვა, რომ ზღვის წყალი ვირუსის გადადების თვალსაზრისით საშიში არ არის, ოღონდ სანაპიროზე უნდა დავიცვათ დისტანცია. ტბის ან მდინარის წყალი შეიძლება იყოს ვირუსის გადადების მიზეზი? - მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი წყლით გადადის, არ არსებობს, თუმცა პატარა გუბურებში ბანაობა არასდროს არის რეკომენდებული, ზოგადად ინფექციის და არა - კონკრეტულად კორონავირუსის გამო.

- ბრძანეთ, რომ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, შეიძლება მეორე ტალღა აღარც დადგეს... - ზამთრამდე ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ ზამთარში ვერავინ დადებს პირობას, რომ მეორე ტალღა არ იქნება. იმედია, ზამთრამდე გავუძლებთ.

- ველოდოთ, რომ სექტემბერში სასწავლო პროცესი ჩეულებრივად გაგრძელდება? - თუ დღევანდელი დინამიკა შევინარჩუნეთ, მაშინ პრობლემები არ გვექნება.