"თუ ფოტოგრაფი "ხედავს", შეუძლია კარგი სიუჟეტი მობილური ტელეფონითაც გადაიღოს" - კვირის პალიტრა

"თუ ფოტოგრაფი "ხედავს", შეუძლია კარგი სიუჟეტი მობილური ტელეფონითაც გადაიღოს"

ყველა თაობას საკუთარი ნიშა აქვს. ამ "ნიშით" დაახლოებით საუკუნის წინანდელი 18-20 წლის ცისფერყანწელები პოეტურ შედევრებს ქმნიდნენ. ნახევარი საუკუნის შემდეგ უკვე საბჭოთა მორალი შეიქმნა, ჩვენი დროების 15-20 წლისანი კი სისასტიკეს ქმნიან - მათი ხელით არცთუ იშვიათად სისხლი იღვრება და ეს იმ ეპოქის "დამსახურებაა", რომელშიც ცხოვრება გვიხდება. ყოველი ეპოქა თაობებს "ზურგზე" ჰკიდებს საკუთარ ტვირთს და დამკვიდრებისთვის ბრძოლას აიძულებს, ამ ბრძოლაში კი მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც სისასტიკეს არ აირჩევს. ამ თემაზე ვესაუბრე 21 წლის ქუთაისელ ფოტოგრაფ ოთო ჩახუნაშვილს. რატომ მაინცდამაინც ფოტოგრაფს? ამას მაშინ ავხსნით, როდესაც მის ფოტოპორტრეტებს დავხედავთ, რომელზეც ის თავის თაობას იღებს და რომელზეც ამ თაობის სულის ტკივილია აღბეჭდილი, ის მძიმე და მკაცრი ანარეკლი, საიდანაც თავი აუცილებლად უნდა დააღწიონ.

21 წლის ფოტოგრაფი საოცარ ფოტოხელოვნებას მხოლოდ იმის ხარჯზე ინარჩუნებს, რომ 15 წლის ასაკიდან ქორწილებისა და დაბადების დღეების გადასაღებად დარბის: ასეთია ფოტოგრაფების ცხოვრება. უფრო სწორად, ასეთი იყო ჯერ კიდევ კოვიდინფექციამდე - ამ უკანასკნელის გამო ახლა აღარც ქორწილებია და აღარც ფოტოსესიები. ამიტომ ოთოც ისევ გადარჩენისთვის იბრძვის!

- ჩემთვის ფოტოგრაფია 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც ქუთაისში ჩემმა მეგობარმა სამოყვარულო კამერა იყიდა. მახსოვს, ისე მომინდა, ჩემებსაც ვაყიდვინე, არადა, არ გვილხინდა. თუმცა არც მე გამიწვალებია ოჯახი უსაქმურობით - 15 წლისამ ავიღე ფოტოაპარატი და წავედი სამუშაოდ. 21 წლის კი ვარ, მაგრამ ბნელი 90-იანების გაჭირვების "კუდი" კარგად მახსოვს. ამიტომ დავიწყე მოზარდობაშივე მუშაობა - დავდიოდი ქორწილებსა და დაბადების დღეებზე, ოჯახურ ფოტოსესიებზე და ვიღებდი. საინტერესო კადრი რომ გამომსვლოდა, ხან მიწაზე ვიყავი გაწოლილი, ხან ხეებზე შემომჯდარი. ქუთაისელებს უკვირდათ, ნეტავ ხეებზე რა დააძრომიალებს, მიწაზე ვერ დაეტევაო? ან ქორწილში პატარა ბიჭი რამ მოაყვანინათ, რაში იხდიან ფულსო! სამაგიეროდ, როდესაც ფოტოები მოეწონებოდათ, ამბობდნენ, რას ვერჩით, ასეთ ფოტოებს გამოცდილი ფოტოგრაფებიც ვერ იღებენო. ეს კი ჩემი ქუთაისელი მასწავლებლის გელა ღაჭავას დამსახურებაა.

მოკლედ, ამ მუშაობით ერთი დიდი ოცნება ავისრულე - მაგარი აპარატურა ვიყიდე, მაგარი ობიექტივით და დიზაინით. მერე კი უცებ ეს მაგარი ობიექტივი ჩემს თვალში გაუფერულდა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ დავრწმუნდი, კარგი ფოტოებისთვის ობიექტივი და დიზაინი სულაც არ არის მთავარი. მთავარი ხედვაა. თუ ფოტოგრაფი "ხედავს", შეუძლია კარგი სიუჟეტი მობილური ტელეფონითაც გადაიღოს. ზოგჯერ მობილური ტელეფონით ან საკუთარი ხელით გაკეთებული ასანთისტოლა კამერებით ისეთ რამეს გადაიღებ, შინაარსით უძვირესი ობიექტივით გადაღებულსაც აჯობებს. ტექნიკა კარგია, მაგრამ უფრო კომერციული გადაღებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა - იქ, სადაც ფოტოგრაფმა ადამიანი იმაზე ლამაზი უნდა გამოაჩინოს, ვიდრე სინამდვილეშია.

- ჩვენში ფოტოხელოვნება კომერციული გადაღებების გარეშე ვერაფრით იცოცხლებს. - გეთანხმებით. სამწუხაროდ, იშვიათი შემთხვევების გარდა, ფოტოგრაფს თუნდაც შედევრში ფულს არავინ აძლევს. ფოტოგრაფებს ფულს კომერციულ გადაღებებში აძლევენ - ქორწილებში, ფოტოსესიებში და ა.შ. ამასობაში კვდება ფოტოხელოვნება, მაგრამ მაინც არიან ისეთები, ვინც "არაფრისთვის" იღებს. მგონი, მეც მათ შორის ვარ.

- შენს ფოტოპორტრეტებს თითქოს ერთი ხაზი გასდევს - თითქოს იმ გარემოს ჰგვანან, საიდანაც ყველანი "ვირეკლებით" . - კი, ასეა. ისინი ნამდვილად მკაცრები არიან და ეს არის ჩვენი სინამდვილე. ჩვენ ისეთები ვართ, როგორი გარემოც გვაქვს - მკაცრები და დამძიმებულები. ეს გარემო ჩვენს სულებშია ჩამალული და ფოტოაპარატი სახეზეც "გამოიჭერს" ხოლმე. უმრავლესობა და მათ შორის ჩემი პერსონაჟები ვცდილობთ ეს რეალური სახეები დავმალოთ, რათა ერთმანეთი არ დავამძიმოთ. ასე რომ, "ნიღბებით" ცხოვრება გვიხდება, რომელიც სინამდვილეში არ ასახავს ჩვენს სულიერ მდგომარეობას. თუმცა არიან სუსტებიც, რომლებიც გარემოს ვერ უმკლავდებიან და სასტიკები ხდებიან. ვხედავთ, რა დაუნდობლობაა ჩემს თაობაში და ეს კატასტროფაა. დღევანდელ რეალობაში თავის გადარჩენა და დამკვიდრება ძალიან ძნელია. ამისთვის ბრძოლა მე მოზარდობაშივე დავიწყე. ასეთ ცხოვრებას შრომით გავუმკლავდი და, ალბათ, ამიტომაც გადავრჩი. ამას ბევრი ვერ უძლებს....

მოტივაცია მიჩნდება, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, რომ ჩემს ნამუშევრებს თვალს ადევნებენ და მოსწონთ. ეს იმხელა სტიმულს მაძლევს, რომ ახალ ფოტოსესიას ვიწყებ.

არც ისე დიდი ხნის წინ ისე გამიჭირდა, ერთი წლით უცხოეთში წავედი სამუშაოდ. ახლა ჩამოვედი, დავქორწინდი და ვცდილობ შემოსავალი გავიჩინო, მაგრამ არ გამომდის. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია, გარემოს არ სურს, რომ გამოვიდეს.

არ დავასახელებ კომპანიას, რომელმაც ფოტოკონკურსი გამოაცხადა და რომლისთვისაც დიდი შრომა გავწიე, საუკეთესო ფოტოები გადავიღე, რაზეც ასეულობით ადამიანი მწერს სოციალურ ქსელში. კონკურსს "ქალები კარანტინში" ერქვა და გაიმარჯვა ფოტომ, რომლის დაბალმა ხარისხმა გამაოცა, თანაც არა მარტო მე. ასეა ჩვენს ქვეყანაში! არ შეიძლება ყველაფერში ნაცნობებსა და მეგობრებს მიანიჭო უპირატესობა. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. აი, კიდევ მიზეზი, რატომაც აღბეჭდვიათ ჩემს ფოტოპერსონაჟებს სახეზე სიმკაცრე და სიმძიმე.

- რით ირჩენენ თავს ფოტოგრაფები ახლა, როდესაც აღარც ქორწილებია, აღარც დაბადების დღეები და აღარც შოუები... - ახლა ჩვენ ყველანი უმუშევრები დავრჩით. ამის გამო დიდი აქცია გავმართეთ პარლამენტის წინ, ამ ყველაფრის დაშვებას ვითხოვდით, მაგრამ...