"ეს ძველბიჭური მენტალიტეტი ვერ თუ არ მოვიშალეთ..." - კვირის პალიტრა

"ეს ძველბიჭური მენტალიტეტი ვერ თუ არ მოვიშალეთ..."

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ჩვენს ინტერვიუში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე ვიმსჯელეთ. საუბარი ბავშვობით დავიწყეთ.

- კარალეთში ვიზრდებოდი. სოფელი ძალიან გულწრფელია, რა დროც უნდა გავიდეს და როგორც უნდა მოვხუცდე, სულ ყურში მექნება თინა ბაბოს ხმა, მისი ნამღერი და ფეხის ხმაც კი. ბავშვობა მათთან ერთად გავატარე, მათ მასწავლეს სოფლის სიყვარული, ბაღის, შინაური ცხოველების მოვლა, ადამიანებთან ურთიერთობა.

ბებოც და პაპაც დიდ ასაკამდე მყავდნენ და მათგან დიდი სითბო და ბევრი ცოდნა დამიგროვდა, რომელიც ახლაც ძალიან მეხმარება. მგონია, ვისაც პაპა-ბებიებთან აქვს ურთიერთობა, სამყაროსადმი მათი დამოკიდებულება განსხვავებულია.

ბიჭებისთვის პირველი მისაბაძი მაგალითი მამაა. მათ სურთ, მამებივით მოიქცნენ, მამებივით იარონ, ჩაიცვან და ა.შ. გოგონები კი დედებს ჰბაძავენ... მშობლებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი შვილებისთვის მაგალითის მიმცემი არიან და ის გაუცხოება, რომელიც გარდატეხის ასაკში ეწყებათ, ნიშნავს, რომ შვილები აცნობიერებენ მათ შეცდომებს, ან ჰბაძავენ სხვებს. ზოგჯერ მისაბაძი უარესი აღმოჩნდება ხოლმე და ესეც პრობლემაა. მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. თუ ბავშვს ვეუბნებით, რაღაც არ გააკეთოს, ისიც უნდა ვუთხრათ, რატომ არ უნდა გააკეთოს. მამაჩემი სიგარეტს ეწეოდა, პატარა ვიყავი, რომ თქვა, აღარ მოვწევო და მის მერე აღარც მოუწევია. ეს ჩემთვის ნებისყოფის უდიდესი მაგალითი იყო და სიგარეტი არასოდეს მომიწევია.

- სად ვუშვებთ შეცდომას, რატომ ვხდებით ხშირად მოზარდების კონფლიქტის მოწმენი?..

- იყო ხორავას საქმე, ახლა - შაქარაშვილის ამბავი... ეს არის მშობლებისთვის ბეწვის ხიდი, მაგრამ მე არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ ან უნდა გაეკეთებინათ...

მშობლებმა ბევრი რამ არ იციან, შვილები თითქოს დაკარგეს, მათთან მეგობრობას ვერ ახერხებენ.

საწყენი ის არის, რომ ეს ძველბიჭური მენტალიტეტი ვერ თუ არ მოვიშალეთ... რაც უნდა ილაპარაკონ, რომ ვიბრძვით მის წინააღმდეგ, ფაქტი ფაქტად რჩება - ეს ვითომ ავტორიტეტები არსებობენ და ეს პრობლემაც ხშირად იჩენს თავს ჩვენს საზოგადოებაში, რაც ქმნის ერთგვარ შავ ხვრელს. მთელი ქვეყანა გაუგებარ მდგომარეობაშია...

- სტრატეგიას გულისხმობთ? - რამე სტრატეგია აქვს ქვეყანას? სპორტში რამე სტრატეგია გვაქვს? ან ეკონომიკაში? რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და მერე ველოდებით, გაამართლებს თუ არა. განათლების სისტემა ვერ მოვაწესრიგეთ. ყველა ახალი მინისტრი ახალი სისტემით მოდის, მერე მალევე მიდის და ახალი მინისტრის მოსვლით ყველაფერი თავიდან იწყება. თუ მკაფიოდ არ გადავწყვეტთ, რა გვჭირდება, სულ ამ მოჯადოებულ წრეზე ვივლით. ფსკერისკენ მივდივართ... ვიღაც ამ ფსკერიდან ამოსვლას ცდილობს, სხვა ისევ ქვემოთ ექაჩება. ზოგი კი თავისთავის არის, ფულს შოულობს და კარგად ცხოვრობს... ვერ გავიგეთ, რა გვინდა... კრილოვის გმირებივით, ყველა თავისკენ ექაჩება ამ პაწაწინა ქვეყანას.

ყველაფერი მაინც საზოგადოების ბრალია - ბოლოს და ბოლოს, ამ მთავრობებს ხომ ჩვენ ვირჩევთ?! ავირჩევთ, მერე გამოვცვივდებით და გვინდა გადავაგდოთ... რისი ბრალია? ალბათ გაუნათლებლობის. განათლებული კაცი ხვდება, რა არის კარგი და რა - ცუდი მისი ქვეყნისთვის. მხოლოდ კუჭის კარნახით კი არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არამედ - გონების...

21-ე საუკუნეში ისეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში, სირცხვილია. ჩვენი ერის სირცხვილია, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში რაღაც თავყრილობები რომ ტარდება. მოვისმინე, რომ 3000 ლარს ვინც გადაიხდის, ყველას შეუძლია, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში თავყრილობები გამართოს! აი, ეს ქვეყანა ვართ ჩვენ...

- არჩევნები ახლოვდება. სწორი გზა როგორ უნდა ავირჩიოთ? - ვიდრე არჩევნებზე მივალთ, უნდა გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას - დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ვინ რა მოგვიტანა, ვინ რა შექმნა... ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენს მომავალზე. არ მივალ არჩევნებზე, თქვენ აირჩიეთო - ეს რა გამოსავალია?! მე ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო მივალ არჩევნებზე. უშეცდომო არავინაა, ყველას შეიძლება შეცდომა მოუვიდეს - ამომრჩეველსაც და არჩეულსაც, მაგრამ შეცდომა თავისი სიმძიმით ფასობს.

- გეგმებზე რას გვეტყვით? - მსოფლიოში თითქმის ყველაფერი გაჩერებულია, თუმცა მე შემოქმედებითად არ გავჩერებულვარ.

დავამთავრე მუშაობა მაცაცო სებისკვერაძის სიმღერაზე, რომელზეც კლიპის გადაღებას ვგეგმავთ. სიმღერა შატილს უკავშირდება და გვინდა, შატილში გადავიღოთ. კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ასევე მაცაცო სებისკვერაძის სიმღერას უკავშირდება. აგვისტოში მზად იქნება და ვგეგმავთ, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს მივუძღვნათ. ძალიან ემოციური კომპოზიციაა. ვმუშაობ კიდევ ერთ კომპოზიციაზე, რომელიც მალე უნდა დამთავრდეს.