"მინდა მარიამის ხმა მესმოდეს!" - კვირის პალიტრა

"მინდა მარიამის ხმა მესმოდეს!"

მაია ბოლქვაძე 32 წლისაა. მას ბავშვობიდან სმენის პრობლემა აქვს, როგორც ამბობს, არასწორი მკურნალობის გამო. მიუხედავად ამისა, მაია აქტიურად ცხოვრობს - ცეკვავს, მღერის და ბავშვებს ჟესტების ენას ასწავლის. მაიას დამხმარე მისი ექვსი წლის ქალიშვილია, რომელიც დედას თარჯიმნობას უწევს.

- მაია, ამჯერად რითი ხართ დაკავებული?

- ვმუშაობ სარეკლამო კომპანიაში და მყავს მოსწავლეები, რომლებსაც ჟესტების ენას ვასწავლი. ჩემი პრობლემის მიუხედავად, ვცდილობ ყოველთვის საზოგადოების აქტიური წევრი ვიყო.

სმენის პრობლემა დაახლოებით 1 წლის ასაკიდან მაქვს. სად არ წამიყვანეს მშობლებმა, რომ სმენა აღმდგენოდა, მაგრამ უშედეგოდ. ვიკეთებდი სმენის აპარატს და დავდიოდი შესანიშნავ ლოგოპედთან ნინო ფერაძესთან, შემდგომ თინათინ ბოლქვაძესთან, მაგრამ ამან ნაყოფი ვერ გამოიღო. ამის მიუხედავად, ძალიან მხიარული ბავშვი ვიყავი. ტკბილად მახსენდება ბავშვობა და ჩემი მეგობრები, რომლებიც დაუღალავად ცდილობდნენ გაეგებინებინათ, რისი თქმა სურდათ.

ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დავდიოდი. დროთა განმავლობაში მივეჩვიე პირის მოძრაობით საუბრის გაგებას. თუ რაიმეს ვერ გავაგებინებ, შემიძლია დავწერო.

- რა პრობლემებს აწყდებით ყოველდღიურად? - მაგალითად, ბანკში ოპერატორებმა არ იციან ჟესტების ენა. საჯარო დაწესებულებებში თუ სავაჭრო ობიექტებშიც ხშირად ვაწყდები პრობლემებს. ზოგჯერ გამყიდველს ვერ ვუხსნი, რა მინდა და იძულებული ვარ დავუწერო. ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს ერთი მაინც, ვისაც ეცოდინება ჟესტების ენა და თავს სრულფასოვან ადამიანებად ვიგრძნობთ.

- როგორც ვიცი, გაქვთ ბლოგი და აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ სმენადაქვეითებულებს ცხოვრება გაუმარტივოთ. - ჩემი მთავარი საზრუნავი ჩემი საყვარელი მეუღლე და გოგონა მარიამია, რომელიც ჟესტების ენას სწავლობს და ჩემი პატარა თარჯიმანია. მარიამი ჩემი დიდი გულშემატკივარი და მეგობარია.

რაც შეეხება ბლოგს, ჩემი მიზანია სმენადაქვეითებულებმა ჟესტების ენა ისწავლონ. მშობლებო, მიეცით უფლება თქვენს შვილებს ისწავლონ თავიანთი ენა და უფრო განვითარებული, სრულფასოვნები იყვნენ სოციუმში.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე? - ჩემს მეუღლესაც სმენის პრობლემა აქვს. ჩვენმა საერთო მეგობარმა წვეულებაზე გამაცნო, შემდგომ სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვე, და ჩემი დაცვა იყო. მას მერე დავახლოვდოთ და ახლა ტკბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი გვაქვს.

ძალიან მიყვარს მუსიკა და ჟესტების ენაზე სიმღერებს ვამუშავებ. ჩემს მარიამთან ერთად ბლოგში ჟესტების ენას ვუწევთ პოპულარიზაციას. მომწონს ჩემი საქმე და ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემნაირი პრობლემის მქონე ადამიანებს ვეხმარები.

- რა გეგმები გაქვთ? - არასდროს არაფერს ვგეგმავ, არ მაქვს გაწერილი, რა უნდა ვქნა, მაგალითად, ერთი კვირის ან თუნდაც ერთი თვის შემდეგ. ცხოვრების დინებას მივყვები, რაც მოსახდენია, მომავალი გვიჩვენებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, და-ძმებს, მეგობრებს, პედაგოგებს, მეუღლეს და ჩემს პატარა მარიამს დიდი სიყვარულისთვის. გმადლობთ, რომ არსებობთ, თქვენი დამსახურებაა, რომ მე დღეს ძლიერი ვარ.

ზურა სოლომნიშვილი