"ბარში, სადაც მიმტანობას ვაპირებდი, მომღერლად ამიყვანეს" - კვირის პალიტრა

"ბარში, სადაც მიმტანობას ვაპირებდი, მომღერლად ამიყვანეს"

ვოკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალბედა მომღერლებისთვის ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ნიჭის გამოვლენის ერთადერთი სივრცე სატელევიზიო კონკურსებია. ქრისტინე მარტიაშვილი ერთ-ერთი იმ მომღერალთაგანია, რომლებიც საზოგადოებამ კონკურსით გაიცნო, დაიმახსოვრა და შეიყვარა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, საქართველოში მუსიკოსისთვის თავის დამკვიდრება ხშირად შეუძლებელია. ქართული შოუბიზნესის პრობლემებზე ქრისტინე მარტიაშვილი გვესაუბრება.

"ბარში, სადაც მიმტანობას ვაპირებდი, მომღერლად ამიყვანეს"

- მუსიკა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ პროფესიულად 24 წლის ასაკში მივუდექი, მაშინ, როცა სამსახური დავკარგე. საინვესტიციო კომპანიაში ვმუშაობდი და კომპანია დაიხურა. როდესაც უმუშევარი დავრჩი, ჩემს ცხოვრებაში დეპრესიული პერიოდი დადგა და დროებით ბათუმში გადავწყვიტე გადასვლა. დავურეკე მეგობარს, რომლის მეუღლეს პურის ქარხანა ჰქონდა, რესტორნებს ამარაგებდა და ვთხოვე, ჩემთვის სამუშაო მოეძებნა. თანახმა ვიყავი, რესტორანში მიმტანადაც მემუშავა, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, შენ უნდა იმღეროო. არასდროს ვყოფილვარ საკუთარ თავში ისეთი დარწმუნებული, რომ მეფიქრა, ჩემი სიმღერით ადამიანებს სიამოვნებას მივანიჭებ-მეთქი, მაგრამ მეგობრების რჩევას დავუჯერე. Lბარში, სადაც მიმტანობას ვაპირებდი, მომისმინეს და მომღერლად ამიყვანეს. რეპერტუარში 15 სიმღერა მქონდა, პერიოდულად კი ახლებს ვამატებდი. ერთ საღამოს ჩემმა მეგობარმა მომაკითხა და სასტუმრო "რედისონის" ლაუნჯ-ბარში წავედით. მთხოვა, მემღერა და რამდენიმე სიმღერა შევასრულე, მეორე დღეს კი უკვე "რედისონის" ლაუნჯ-ბარში შემომთავაზეს მუშაობა, 3-ჯერ მეტი ანაზღაურებით. მანამდე ამას ვერც კი ვიფიქრებდი. ამ ქვეყანაში მომღერალმა რაც უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს, მისი ბოლო მაინც რესტორანში სიმღერაა, რადგან შოუბიზნესი არ გვაქვს. ბათუმში მუშაობის პერიოდში ბევრი ადამიანი გავიცანი, ვმღეროდი კორპორაციულ შეხვედრებზე... ასე გამიცნეს, როგორც მომღერალი...

"ვთვლი, რომ ბევრ ცნობილ და კარგ მომღერალზე შორს წავედი"

სამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა - ჩვენს "ვოისში" და უკრაინულ და ქართულ "იქს-ფაქტორში". სამწუხაროდ, უკრაინულ "იქს-ფაქტორში""უფრო მეტ წარმატებას მივაღწიე, ვიდრე ქართულში.

არ მინდა, ჩაგრული ადამიანის იმიჯი მქონდეს და ვთვლი, რომ ბევრ ცნობილ და კარგ მომღერალზე შორს წავედი თუნდაც კონტრაქტების მხრივ, რადგან თითქმის 15 ქვეყანა მოვიარე ხელშეკრულებით, რაც მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მტკივნეულად მახსოვს ბოლო და ჩემთვის უკანასკნელი კონკურსი - "იქს-ფაქტორი""ოთხი წლის წინ. რომ მივედი, უკვე მქონდა უკრაინის "იქს-ფაქტორში"" მონაწილეობის გამოცდილება. იქ ისე თავისუფლად არჩევდი სიმღერას თავის წარმოსაჩენად, რომ მეგონა, აქაც ასე იქნებოდა, მაგრამ ქართულ "იქს-ფაქტორში" რამდენჯერმე ბოლო წუთში შემიცვალეს სიმღერა და ვინერვიულე. მოემზადები, განეწყობი სიმღერისთვის და უცებ აღმოჩნდება, რომ სხვა რაღაცას მღერი. მიუხედავად გაუთვალისწინებელი მომენტებისა, ბევრი ვიმუშავე და ეტა ჯეიმსის სიმღერა "Aტ Lასტ" ისე შევასრულე, სოფო ნიჟარაძემ მითხრა, მინდა, ჩემს ქორწილში შენ იმღერო ეს სიმღერაო. ჩვენთან კონკურსებში ძალიან ბევრი ნიჭიერი ვოკალისტი მონაწილეობს. ეს ერთადერთი გზაა, რომ საზოგადოებამ გაგიცნოს. თუ ისეთი სიმღერის შესრულების შესაძლებლობა გექნება, რომელიც შენს ემოციებთან ახლოს არის, უკეთ წარმოაჩენ თავს, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა დავალებას მოგცემენ.

"მსიამოვნებს, როდესაც სიმღერით ჩემს ემოციებს გადმოვცემ"

ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ რთული ადამიანი ვარ. ვერ ვჩუმდები, როდესაც რაღაც არ მომწონს. ეპიდემიის პერიოდში, როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ბევრი მუსიკოსი უმუშევარი დარჩა. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვაქტიურობდი და ახლაც ვიტყვი - რეგულაციების დაცვით უნდა აღდგეს მუსიკალური საღამოები, რომ მუსიკოსებს მუშაობის საშუალება მიეცეთ.

სამწუხაროდ, ქართული შოუბიზნესის მთავარი პრობლემა ხალხია. ნებისმიერი კონცერტისა თუ სპექტაკლის დროს ბილეთების გაყიდვა ჭირს. 5 ლარიც რომ ღირდეს, ბილეთი არ იყიდება, ნაცნობობით შედიან კონცერტებზე - დაურეკავენ ნაცნობს და ბილეთს სთხოვენ. ქართველები ერთმანეთს სათანადოდ ვერ ვაფასებთ. ლენი კრავიცი მსოფლიო დონის მუსიკოსია, მის კონცერტზე 200-ლარიანი ბილეთები მთლიანად გაიყიდა! ქართველ მსმენელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენც გვყავს ასეთი მომღერლები, მაგალითად, თორნიკე ყიფიანი, ნინა სუბლატი და მიმაჩნია, რომ მათ კონცერტებზეც უნდა ივსებოდეს დარბაზები, მით უმეტეს, რომ აქ ბილეთი უფრო იაფია.

ქართველი მომღერლის შემოსავალი დღეს, საშუალოდ, 1.500 ლარიდან იწყება - გააჩნია, ცნობილი ხარ თუ არა. მე სამთვიანი კონტრაქტები მაქვს საზღვარგარეთ. ქართველ მომღერლებს, ძირითადად, ითხოვენ ანტალიაში, სადაც ანაზღაურება საქართველოსთან შედარებით მეტია, თან კვებასა და ბინაში ფული არ გეხარჯება, სამუშაო დრო კი მაქსიმუმ 3 საათია. ექვს ქვეყანაში მიმუშავია და ყველაზე კარგი პირობები მალდივის რესპუბლიკაშია. ვცხოვრობდი ძალიან პატარა კუნძულზე, რომელსაც ფეხით 15-20 წუთში შემოივლიდი. გერმანული სასტუმრო იყო და, ძირითადად, გერმანელები ისვენებდნენ. ძალიან გემოვნებიანი მსმენელი მყავდა. ახლა რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, თუმცა ველოდები, როდის გადაივლის ეპიდემიის პერიოდი და საზღვრები გაიხსნება. ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. მუსიკოსები მთელი ცხოვრება წვალობენ, კონსერვატორიას ამთავრებენ, მუშაობენ ვოკალის დასახვეწად, მე კი ამდენი არ მიშრომია, ისე მოვიდა უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან. მსიამოვნებს, როდესაც სიმღერით ჩემს ემოციებს გადმოვცემ, ჩემს სულიერ მდგომარეობას გამოვხატავ და, ალბათ, ამას მსმენელიც გრძნობს.