"პანდემიის გამო უმუშევარი ბევრი დარჩა, მათ შორის - ქართველებიც" - როგორია "პასეანსელი" ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"პანდემიის გამო უმუშევარი ბევრი დარჩა, მათ შორის - ქართველებიც" - როგორია "პასეანსელი" ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება

ყველასათვის საყვარელი "პასეანსელი" ცუცა კაპანაძე ამერიკაში ცხოვრობს. ჩვენი საუბარიც ამერიკულ და ქართულ ყოველდღიურობასა და ბევრ საინტერესო თემას შეეხო.

- ქართული კულტურის ცენტრი, სადაც ვმუშაობ და რომელიც არსებობის 25 წელს ითვლის, ოთხი თვეა, პანდემიის გამო დაკეტილია და ახლა მეორე სამსახურში, ბებოსთან ვარ - აქ კვირაში ოთხი დღე მოვდივარ. ველოდებით, როდის გაიხსნება კულტურის ცენტრი, რომ ბავშვებთან მუშაობა გავაგრძელოთ.

- ქვეყანაში როგორი სიტუაციაა? - სხვადასხვა შტატში მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, თუმცა ნიუ-იორკში კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება, ყველაფერი მწყობრში ჩადგა. რაც შეეხება ფერადკანიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ გამოსვლებს, ისევ გრძელდება, თუმცა ისეთი მასშტაბით არა, როგორიც თავიდან იყო.

- სამსახური ბევრმა დაკარგა? - უმუშევარი ბევრი დარჩა, მათ შორის - ქართველებიც. მათ აგვისტოს პირველ რიცხვებამდე გადაუხდიან ხელფასს, მერე კი რა იქნება, არ ვიცით. ერთჯერადი დახმარებაც გაიცა.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს? - დიახ, ოღონდ როგორც მაღაზიებში, იქაც ხელთათმნითა და პირბადით უნდა ახვიდე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე მაინც შეშინებული ვარ და ტრანსპორტით არ დავდივარ. ჩემი სახლიდან სამსახურამდე ფეხით 45 წუთი მჭირდება და ასე მირჩევნია სიარული.

- ბებოზე მიამბეთ, რომელთანაც ახლა მუშაობთ... - ეს გახლავთ ლილი ფრიდმანი, 96 წლის. ოსვენციმის ტყვეთა ბანაკი აქვს გამოვლილი, ხელზე ტყვეების რეგისტრაციის ნომერი ახლაც ეტყობა. "შინდლერის სია" ამ ქალბატონის ოჯახზეა გადაღებული. ეს ფილმი ებრაელებზე მოგვითხრობს, მაგრამ იმ ამბავში მთავარი მოქმედი გმირი ჩემი ბებოა. თურმე სტივენ სპილბერგი აქ იყო და სცენარის ეპიზოდებზე ბებოსთან ერთად მუშაობდა. სხვათა შორის, ბებომ იქ, ბანაკში იქორწინა. ლილი და ლუდვიგ ფრიდმანების ქორწინებაზე დაიწერა წიგნი "საქორწინო კაბა", რომლის მიხედვით სოფი ლორენის ვაჟმა კინოსცენარი დაწერა. იწყებდა კიდეც ფილმის გადაღებას, სადაც მე ლილის დის როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ პანდემიის გამო ეს პროექტი გადაიდო.

ბებო კარგი მოსაუბრეა... მე მასთან ერთად უნდა ვიყო, რომ წნევა გავუზომო, წამლების დალევა შევახსენო... ძალიან საინტერესო ამბებს მიყვება ხოლმე... უყვარს რამიკოს თამაში, რომელიც ძალიან ჰგავს დომინოს. თავიდან ვუგებდი ხოლმე და ცოტა სწყინდა. ახლა ვცდილობ, წავაგო და ძალიან უხარია... თავის ამბებს როცა მიამბობდა, აღნიშნავდა, ერთადერთი ქვეყანა ბელგია იყო, რომელმაც ებრაელები შეგვიფარაო, მაგრამ არ დავეთანხმე და ვუთხარი, რომ საქართველოში 26 საუკუნე ცხოვრობდნენ ებრაელები და ისინი არავის შეუვიწროებია, პირიქით, ისე შეიყვარეს და თავისიანად მიიღეს, რომ ქართველი ებრაელებიც კი უწოდეს. ეს არ იცოდა და გაოცდა, მერე კი შვილი და შვილიშვილები რომ ესტუმრნენ, მათაც უამბო. შვილიშვილმა უთხრა, მე ეგ ამბავი ვიცი, საქართველოს დედაქალაქში დიდი და ულამაზესი სინაგოგაც კი დგასო. საიდან იცით-მეთქი, ვკითხე. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოფილა და აღფრთოვანებული დარჩენილა.

ვუთხარი, როცა საქართველოში ჩახვალთ, აუცილებლად ესტუმრეთ ჩემს ოჯახს, სასტუმროს დაჯავშნა არც იფიქროთ-მეთქი. გაოცდა, მაგრამ შევატყვე, რომ ესიამოვნა. ერთხელ რაბინი ჰყავდათ სტუმრად და გამაცნო, უთხრა, საქართველოდან არის და თავის ქვეყანაში ცნობილი მსახიობიაო. რაბინმა საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცოდა. ახლა ისრაელში არიან მიპატიჟებული და მომავალ წელს თუ მოხერხდება, მეც სიამოვნებით წავალ.

- ამ ოჯახში სამუშაოდ რეკომენდაციით მიგიღეს? - არა, ოფისიდან დამირეკეს და მკითხეს, თუ წახვალთო. სიამოვნებით დავთანხმდი. ოთხდღიანი შემოსავალი მყოფნის, თან ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ ქართული კულტურის ცენტრში და გასტროლებზე სიარულსაც ვახერხებ.

- სხვა ქართველებზე მიამბეთ... არიან ისეთები, ვინც სამსახურის დაკარგვის გამო საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა? - რამდენიმე ოჯახი უკვე დაბრუნდა... ჩვენთან, ქართული კულტურის ცენტრშიც არის წიკლაურების ოჯახი, რომელიც ბრუნდება. ზოგმა გადაწყვიტა, ბავშვები სწავლას რომ დაამთავრებენ, მერე დაბრუნდნენ და უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღონ. ჩვენს ერთ მშობელს ქუთაისის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვაც შესთავაზეს და მთელი ოჯახი საქართველოში ბრუნდება. ალბათ, სამიოდე წელიწადში მეც დავბრუნდები.

მე თეატრმა და ქართული კულტურის ცენტრმა გადამარჩინა. აქ დაბადებული ბავშვებისთვის ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ცხოვრობენ პატარა საქართველოში და ქართველებად ყალიბდებიან, რაც აუცილებელია, რომ ქართულ ფესვებს არ მოსწყდნენ.

- საქართველოზე რას ამბობენ? - BBC-მ სამ მუშკეტერს შეადარა იმნაძე, ცერცვაძე და გამყრელიძე, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი პანდემიასთან ბრძოლას, მე კი ვიტყოდი, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი დ, არტანიანია. ტრამპმაც ილაპარაკა ჩვენს ქვეყანაზე. სტატიაც დაიბეჭდა სათაურით - "შეხედეთ საქართველოს, როგორ გაუმკლავდნენ პანდემიას".

ყველამ განიცადა ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ამბავი. ის ყველას მოგვიკვდა და ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. ცუდია, რომ ახალგაზრდებს შორის ისევ დაიწყო ქუჩური გარჩევები... ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბავიც მძიმედ მახსენდება...

რა არ გამოიარა ჩემმა თაობამ - უშუქობა, უსახსრობა, "კერასინკა", მაგრამ ადამიანობა არ დაგვიკარგავს, უფრო დავახლოვდით, უფრო გამტანები გავხდით, ერთმანეთს ლუკმას ვუყოფდით. თბილისი ურთიერთობა იყო, მოღიმარი სახეებით, ერთმანეთთან მისვლა გვიხაროდა, ახლა კი იმდენი ბოღმა, შური, სიძულვილი, დაპირისპირება გაჩნდა, გაოცებული ვარ, მაგრამ იმედია, პანდემია რაღაცებს მიგვახვედრებს და უკეთესებიც გავხდებით. ვინ იცის, იქნებ ეს პერიოდი ამისთვისაც იყო საჭირო.