"რუსეთი კანში ვეღარ ეტევა, პატარა საქართველომ როგორ გვაჯობაო..." - კვირის პალიტრა

"რუსეთი კანში ვეღარ ეტევა, პატარა საქართველომ როგორ გვაჯობაო..."

"ბოლოდროინდელი პოლიტიკური სივრცე იმდენად ამაზრზენია, რომ ვცდილობ რაც შეიძლება იშვიათად გავეცნო ახალ ამბებს"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე "კვირის პალიტრას" პოეტი ტარიელ ხარხელაური ესაუბრება.

- ეს დღეები სოფელში მომიწია ყოფნამ, იმაზე დიდხანს, ვიდრე ველოდი, და ბევრ რამეზე დავფიქრდი. არ მიყვარს პოლიტიკა, მაგრამ  ბევრ რამეს, უმეტესად კი ცუდს, იქამდე მივყავართ და იმით ვამართლებთ, პოლიტიკაა ასეთი, თორემ ჩვენ არა ვართ ისეთები, პოლიტიკოსები გვირევენო...

ჩვენ სად ვართ ამ დროს, საზოგადოება? რატომ არ ვუჩენთ ყველას თავის ადგილს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გულსა და გონებაში?! სახედაკარგული პოლიტიკოსები ოპოზიციონერობის სახელით ექიმების შრომას, ჯანდაცვის სისტემის მუშაკების, ხელისუფლების ან პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას, რაღაც უკეთესად გააკეთონ ამ ქვეყანაში, ებრძვიან, რადგან იციან, რომ ხელისუფლების რეიტინგის აწევა მათ დამარცხებას ნიშნავს. სად არის ოპოზიციის ჯანსაღი კრიტიკა? ბავშვის ტრაგედიით დაწყებული, ყველა თემით სპეკულირება როგორ შეიძლება? ჩემს თავს შევპირდი, ამ საქმეზე კრინტს არ დავძრავდი, ისეთი გულმოკლული დავდივარ ამ დღეებში იმ ბავშვის სიკვდილით, ამ დროს კი მარცხით გაბოროტებული ვიღაცები ვერა და ვერ ჩერდებიან, იქნებ როგორმე ხელისუფლება ჩავძიროთო. ალბათ, არასდროს გაუგიათ, რომ სინდისი პატარა ღმერთია, რომელსაც მთელი ცხოვრება თან ვატარებთ, თუ გაუგიათ და მაინც იმავეს აკეთებენ, უფრო საშიშები არიან. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში, ვირუსს ბევრად უკეთესად შევებრძოლებოდითო. სიტყვის თქმას რა უნდა, ფასი უნდა ჰქონდეს, თორემ... კარგად რომ ართმევენ თავს, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითიდანაც ჩანს - იქ რა ხდება და ჩვენთან რა ხდება. რუსეთი კანში ვეღარ ეტევა, პატარა საქართველომ როგორ გვაჯობაო...

მე პოლიტიკა არ მესმის, მაგრამ ის კი ვიცი, კარგის აუგად მოტრიალება, იმისთვის, რომ როგორმე თავად გადარჩნენ, არ ჩაიძირონ, ოპოზიციონერობა არ არის.

ნაწილობრივ კი მიაღწიეს საწადელს, ჩემს სოფელში დაიჯერეს ვიღაცებმა, ვირუსი არ არსებობს და ხელისუფლება ქარის წისქვილებს ებრძვის, პოზიცია რომ გაიმყაროსო. სხვაგანაც ასეა?.. მთელი მსოფლიო შეთანხმდა და იტყუება?! გვახსოვს ადრე რაც ხდებოდა, ზოგი რამ ჩვენით, ზოგიც გადმოცემით, ქოლერა, შავი ჭირი, "ისპანკა". ხევსურეთში ჟამიანობას მთელი სოფელი შეეწირა...

შეიძლება ოპოზიციასაც თავისებურად კარგი უნდა ქვეყნისთვის და მე არასწორად ვაფასებ, მაგრამ როგორ დავიჯერო ეს, როდესაც უძილობისგან დაქანცული ექიმებისთვის მხოლოდ საქილიკო სიტყვა ემეტებათ? ხალხმაც დაიჯერა, რომ ვირუსის არსებობა სისულელეა და მთასა და ბარში გაილაღეს.

ამასობაში კი ოპოზიცია თავში ხელებს იშენს, ამ უაზრო შეზღუდვებით ტურიზმი ჩააგდეს, ეკონომიკა დაღუპესო... არადა, მეზობელი ქვეყნების რეალობა გვიდევს წინ, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის...

- დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთსაც დიდი წვლილი მიუძღვის. - რატომ გვიკვირს, თუ მტერი გვიტევს? ვერ გამოვედით მისი გავლენიდანო, ვჩივით. ვერც გამოვალთ, მას იარაღით ვერ მოვერევით, განათლებით და ერთად ყოფნით უნდა ვებრძოლოთ.

ჩვენ კი წლებია ერთმანეთს ვუკიჟინებთ, რომ ვიღაც ამერიკის გავლენაშია, ვიღაცას კი რუსეთი მართავს... მერე რატომ ვამართვინებთ?!

ჩვენ დიდი წარსულის ერი და ქვეყანა ვართ, ხომ შეიძლება დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთხელ მაინც ისე მოვიქცეთ, ჩვენს შთამომავლობას, შვილებისა და შვილიშვილების თაობას რომ ეკადრება. ხანდახან გული მწყდება, რადგან არ ვიცი, რას ვუტოვებ მას ღირებულს და ღირსეულს, რას უნდა მოეჭიდოს ჩემი შვილიშვილი, რომ ქართული ენის იდენტობა იცოდეს... იმის გათვალისწინებით, რაც ხდება, თავმოსაწონი არაფერი მაქვს!.. რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში რომ გავიარე, ქართული წარწერები კი შევნიშნე, მაგრამ უამრავის მნიშვნელობა ვერ გავიგე. არადა, მსოფლიო აღიარებს ჩვენი ენის უნიკალურობას.

ყველას მინდა მივმართო, ვინც საზოგადოებას "ამისტებად" და "იმისტებად" ყოფს - ამას ხომ ამერიკა არ გვიკეთებს, ადრე რუსეთი გვიკეთებდა და მას ვებრძოდით, ახლა კი ჩვენით ვაკეთებთ, ვისი გავლენის ქვეშ ვართ, იქნებ საკუთარი ამპარტავნობის? ეს კი არანაკლებ საშიშია, ვიდრე გარეშე მტერი. ყველაფერზე მეტად მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ ხალხის გარეშე კი არა! რად მინდა მარტო ტერიტორია, არადა, იმდენ რამეს ვუშავებთ ერთმანეთს, იმდენ შეცდომას ვუშვებთ, რაც წლების შემდეგ მომავალ თაობასაც ცუდად დახვდება წინ.

- შეცდომებში რას გულისხმობთ? - ერთი კარგი გამონათქვამი გვაქვს, უჩემოდ რას იმღერებთო... როდესაც სამ ხმაში ვმღერით, მაშინ იგრძნობა ქართული გენის სიძლიერე, როდესაც ცალ-ცალკე ვმღერით, პიროვნების ხმა ისმის და არა მთელი ერის. ეს შემთხვევითი არ არის, გაერთიანებული ქვეყნის სიმბოლოა, რომლის დაჩოქებაც ძნელია. ეს იცის მტერმა და ამიტომაც მიმართა ამ ხერხს, გათითოკაცებული ერის მორევა ადვილია. ჩვენ კი ვდგავართ და ყველაფერს პოლიტიკას ვაბრალებთ.

- მალე არჩევნები იქნება, რას ელით? - 80-იანი წლებიდან, კომუნისტებიდან მოყოლებული, ყველაფერი გამომივლია, კარგი ბევრი მინახავს, უფრო მეტი ცუდი ვნახე, მაგრამ ისე მექცევიან, თითქოს არც არაფერი მენახოს, ჩემს მოტყუებას ცდილობენ. კარგი უნდა თქვა და ცუდი ამხილო, მაგრამ ეს რომ შეეძლოთ, მეტი კარგი უნდა ჰქონდეთ გაკეთებული, რათა სხვისი ცუდი ამხილონ, მათ კი ასე არ უცხოვრიათ.

თუკი პოლიტიკური სპექტრიდან რომელიმეს სასარგებლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს სიკეთეს ვერ მოგვიტანს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის კი არა, ქვეყნის სასარგებლოდ, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ისინი ყოველთვის ასე იქნებიან, რომელიმე პარტიამ არ მაჯობოსო და მის ჩასაძირად ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა შესაძლოა ერთ დღესაც სწორედ იმ პარტიაში გადახტნენ და პოლიტიკა ასეთიაო, იტყვიან. ამიტომ იმ პოლიტიკურ ძალას უნდა ვენდოთ, რომელსაც უკეთესი სურს.

- გვყავს ასეთი ძალა? - კი, ხანდახან გამოჩნდება ხოლმე სინათლე, მაგრამ მალევე ვაქრობთ, პოლიტიკოსები აქრობენ. უშეცდომო არავინ არის, მაგრამ წლების განმავლობაში ქულების დაწერას გადავაყოლეთ ქვეყანა და ახლაც იმავეს ვაკეთებთ. ბოლოდროინდელი პოლიტიკური სივრცე იმდენად ამაზრზენია, რომ ვცდილობ რაც შეიძლება იშვიათად გავეცნო ახალ ამბებს, მაგრამ რაღაცები მაინც არ გამომრჩება. მაგალითად, როგორ ებრძვიან პატიოსან კაცს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც ამ უსახო ადამიანებში საჯიჯგნად ჩავარდნილი ძალიან მედარდება. ამათ რომ საზოგადოების ნაწილის იმედი არ ჰქონდეთ, ამდენს ვერ გაბედავდნენ. მარტო ხალხს კი არა, მთელ ქვეყანას უბედავენ. ერის თვითმყოფადობის სიმბოლოდ დიდმა ილიამ სამი ნიშანი ჩამოგვიყალიბა, სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც მამა-პაპათაგან დაგვრჩა - მამული, ენა, სარწმუნოება!.. მამულზე ფიქრს საერთოდ შევეშვით, ენაზე უკვე ვთქვი, რა მდგომარეობაშიც ჩავაგდეთ, ქართულად კი წერია, მაგრამ აზრს ვერ ვიგებ, სარწმუნოება, ეკლესია კი ლამის ჩამოშლილია.

- ეკლესიას შიგნიდანაც ებრძვიან. - ყოველთვის ასე იყო. ქრისტეს 12 მოწაფიდან ერთი იუდა იყო და ჩვენს ეკლესიაშიც ბევრი იუდა იქნება. ხემ თქვა, ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო. ჩვენ რომ ღალატი არ შეგვეძლოს, შური რომ არ გვაბოროტებდეს, აი, ის უფრო ნიჭიერი და ძლიერიაო, ბევრად უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით. ალბათ, ამიტომაც არ გვიკვირს ილიას მკვლელობა! ყველას გალანძღვა შეგვიძლია, ვინც კი რამით ჩვენზე მაღლა დგას, ოღონდ წინ არ გავუშვათ, მზად ვართ ჩავქოლოთ... არ ვიცი, რა ძალამ მათქმევინა წლების წინ: "ბღავილი ამყვა ამ დილით,/ გამოღადრული ყელის,/ ქართველობაა ადვილი,/ არაგველობა ძნელი!.." დიახ, გვიჭირს არაგველობა, გვეშინია ვინმემ არ გვაჯობოს. ოპოზიციის სახე ადამიანური ტრაგედიების, ქვეყნის განსაცდელის დროს ყველაზე კარგად ჩანს, მას ვერც მოვთხოვთ არაგველობას.

- ხელისუფლებამაც არაერთი შეცდომა დაუშვა, რისი შედეგიც არის დასავლეთის კრიტიკა. - ამას არავინ უარყოფს. შეცდომებთან ერთად, მე სისუსტეზეც მივუთითებდი, რითაც ოპონენტებს ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრის უფლებას აძლევენ. თუნდაც ვითომ პოლიტპატიმრების თემაზე.

ხომ ყველამ ვიცით, ვინ საიდან მოვიდა პოლიტიკაში, მაგრამ მაინც გველაპარაკებიან, თითქოს ბრმები ვიყოთ. არ მიყვარს გვარებით ლაპარაკი, მაგრამ 90-იან წლებში, როდესაც "მხედრიონი" დათარეშობდა, დაღესტანში ცხვარში ვიყავი 6 თვით წასული და როდესაც დავბრუნდი, ყველაფერი მიამბეს და ვიცი, ვინ რა სახელით გამოვიდა იმ წლებიდან. სულ ვფიქრობ, იქნებ ოდესმე დადგეს დრო, ყველას თავისი სახელი დავარქვათ. ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ვერ გაბედეს. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლა შეგვიძლია, ამის იქით ვერ წავედით.

არ ველი, რომ დღეს-ხვალ რამე შეიცვლება, მაგრამ ჩემი შვილიშვილების თაობას სულ სხვა ღირებულებები აქვს, ბევრად საღი, გაუცნობიერებლად აქვთ ეროვნული მუხტი და იქნებ მათ მაინც არ შევუშალოთ ხელი. ხშირად მიწევს 15-16 წლამდე მოზარდებთან შეხვედრა - ისეთი მოწესრიგებული შინაგანი სამყარო და მაღალი კულტურა აქვთ, მიკვირს. ამან უნდა გადაგვარჩინოს, თორემ ჩემი და თუნდაც მომდევნო თაობა ისეთ დროს დაიბადა, ისეთ დროს მოუწია ცხოვრებამ, ყველაფერი აკადრეს და იკადრა... საბედნიეროდ, ვხედავ, რომ ჩემი შვილიშვილები ჩემზე უკეთესები არიან - ეს იმ რეალობის დამსახურებაა, რასაც ხედავდნენ.

მეც მაგალითებით ვისწავლე ცხოვრება, სირცხვილისა და სიამაყის გარჩევა. ყოველთვის ვცდილობდი ბევრი კარგი და ნაკლები სამარცხვინო საქმე გამეკეთებინა. ამ მომავალ თაობას, რომელსაც ხშირად ლანძღავენ და კიცხავენ, ეს თითქოს დაბადებიდან დაჰყვა და მთავარია, ჩვენ არ მოვწამლოთ, არ ავუმღვრიოთ სუფთა სულები. ხვალის რომ არ მჯეროდეს, ახლავე მოვიკლავდი თავს. ვიცი, ამას წლები დასჭირდება, ალბათ, ვეღარც მოვესწრები, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, ჩემს ჯილაგში ხომ დარჩებიან კარგი საქმის მკეთებლად.