"დროულად უნდა დაბრუნდეს ეს ადამიანი" - სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
"დროულად უნდა დაბრუნდეს ეს ადამიანი" - სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში ჩაერთოს.

ლომჯარია დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ჩავიდა და გატაცებულის ოჯახს შეხვდა.

„ძალიან საგანგაშო ფაქტს ჰქონდა ადგილი. საოკუპაციო ზოლიდან ადამიანების გატაცება და უკანონო პატიმრობა ყოველდღიურობაა, თუმცა ამჯერად ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ჩვენი მოქალაქე, ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ ოჯახთან პირველივე წუთებიდან გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია. ჩვენი წყაროებითაც ვცდილობდით გარკვეული
ინფორმაციების გადამოწმებას. მაინტერესებს ოჯახისგან მოვისმინო, რაში სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება. ასევე „ წითელ ჯვართან“ უშუალო კომუნიკაცია აქვს ოჯახს და მაინტერესებს, რამდენად აწვდიან ისინი ინფორმაციას ოჯახის წევრებს და თავის მხრივ, მათ რა შეუძლიათ მოგვაწოდოდონ.
ამის შემდგომ ჩვენც ვნახავთ, რა შეგვიძლია დამატებით გავაკეთოთ. თუმცა, ალბათ ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში ვითარებას რაც ართულებს, არის ის, რომ რეალურად მსგავსი ტიპის შემთხვევების დროს, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევებს, ჩვენ არანაირი ეფექტური მექანიზმი არ გვაქვს, როგორც სახელმწიფოს, რათა ასეთი ტიპის შემთხვევების დროს ქვეყანამ მოახდინოს ეფექტური რეაგირება. ეს ეხება იმას, რომ არ მუშაობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი. ჟენევის ფორმატი, როგორც წესი, მსგავსი შემთხვევების დროულად რეაგირების თვალსაზრისით არ არის ეფექტური და რეალურად, ქვეყანა არის დარჩენილი ყოველგვარი ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე. როგორც წესი, ასეთ დროს, რეაგირება ძალიან ქაოტური და არაორგანიზებულია. ეს არის ამ სიტუაციის სირთულე, თუმცა სახალხო დამცველი ყველანაირ შესაძლებლობას რაც კი გვაქვს ფორმალური, თუ არაფორმალური, ვიყენებს, იმისთვის, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია და შევძლოთ ამ ადამიანების უფლებების დაცვა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, თუ როდის დაჭრეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ

დასაზუსტებელია გარკვეული დეტალები, იმიტომ, რომ ის ინფორმაცია, რასაც ავრცელებს დე ფაქტო მხარე, გარკვეულწილად არ შეიძლება ყოფილიყო რეალური. „დეტალებს არ ჩავუღრმავდები. გვაქვს გარკვეული კითხვები. თუმცა, როგორც ვიცი, დაჭრის ფაქტი ნამდვილად არის დადასტურებული. ახალა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ვფიქრობ, დროულად უნდა დაბრუნდეს ეს ადამიანი. პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვდი და მოვუწოდებდი, რომ მათი აქტიური ჩართულობით და იგივე ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე მოვახერხოთ ამ პირის დროულად დაბრუნება კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები პირი.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“, - ნათქვამია სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები