როგორ გამოიყურება დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, რომელიც დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა (ფოტოები) - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, რომელიც დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა (ფოტოები)

შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. როგორც ჟურნალისტებს დენდროლოგიური პარკის კომენდანტმა ავთანდილ რობაქიძემ განუცხადა, დენდროლოგოური პარკი 60 ჰექტარზეა გაშენებული, თუმცა ამ ეტაპზე გახსნილია 38 ჰექტარი. მისი თქმით, ბაღში ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობაა წარმოდგენილი.

"ტერიტორიაზე 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელიც საზღვარგარეთიდანაა შემოყვანილი, კერძოდ, ავსტრალიიდან. პარკში უნიკალური მცენარეებია. საინტერესო სანახავია აქ ყველაფერი. ერთადერთი პარკია, რომელიც ქართველმა ადამიანმა საკუთარი სურვილით გააკეთა. აქ ყველა დასაქმებული ადგილობრივია, ჯამში 120 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ნორმალურ ანაზღაურებას იღებენ", - განაცხადა ავთანდილ რობაქიძემ.

დენდროპარკის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დენდროპარკი ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება. დანარჩენ 42 ჰექტარზე კი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინეტიდან შემოტანილი სხვადასხვა ხემცენარეა წარმოდგენილი.

დენდროლოგიური პარკში შესვლა და დათვალიერება უფასოა. პარკი ღიაა სტუმრებისთვის კვირაში ხუთი დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა. პარკის სამუშაო საათები სეზონების მიხედვით ასეთია: გაზაფხული - 10:00-18:00საათი, ზაფხული - 09:00-19:00 საათი, შემოდგომა - 10:00-18:00 საათი, ზამთარი 11:00-17:00 საათი.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო