"ასეთ ქალთან ურთიერთობა არაფრით მომინდებოდა" - კვირის პალიტრა

"ასეთ ქალთან ურთიერთობა არაფრით მომინდებოდა"

"ქალის გარეგნობა ძალიან დროებითია და ამას ბევრი ვერ ხვდება! ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანი შინაგანად რას წარმოადგენს! ქალს თუ საშინელი თვისებები აქვს, სულ რომ "მის სამყარო" იყოს, მისი ფასი ნულია! ასეთთან ურთიერთობა არაფრით მომინდებოდა, რადგან ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და არა  - ფუტლართან!" - ამბობს ირაკლი მაქაცარია ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში, საიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ქართველებიდან ვის დაასახელებთ მისაბაძ მაგალითად, გემოვნების თვალსაზრისით? - სალომე ღვინიაშვილს. ყოველთვის ძალიან გემოვნებიანად იმოსება, არასოდეს არ არის გამომწვევი. სხვებზე რა მოგახსენოთ - არა ვარ ალბათ იმდენად დაკვირვებული ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, ვის რა აცვია.

- ჩვეულებრივ, ყველა ნანი ბრეგვაძეს გამოარჩევს... - უდავოდ! ნანი ბრეგვაძე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. მისი გემოვნება, ჩაცმულობა, დახვეწილობა მართლაც გამორჩეულია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გვყავს ასეთი გამორჩეული გემოვნების.

- ხშირად ქვეყნდება თქვენზე სტატიები: "ყველაზე სიმპათიური მამაკაცი", "ქვეყნის ყველაზე სასურველი სასიძო" და ასე შემდეგ... - ასეთ სათაურებს ყურადღებას არ ვაქცევ, არ არის ჩემთვის უმთავრესი.

- როგორი გოგონები მოგწონთ და ამჟამად თუ არის თქვენ გვერდით ვინმე? - ჩემს ცხოვრებაში ახლა ნამდვილად, არავინ არის. რაც შეეხება გემოვნებას, ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მაქვს: არ არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განვსაზღვრავ, როგორი გოგო მომწონს. ცხოვრებაში რამდენი ურთიერთობაც მქონია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მანდილოსნები იყვნენ. დიდ პატივს ვცემ ინდივიდუალობას და წინასწარ ვერასოდეს ვერ მიხვდები, თუ რა ემოციას გამიჩენს რომელიმე ქალბატონთან შეხვედრა...

ინტერვიუს სრულად იხილავთ ჟურნალ "გზის" 16 ივლისის ნომერში.

მანანა გაბრიჭიძე